საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-663(გ-24) 11 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინების საფუძველზე, განიხილა განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. ს-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა მოპასუხე ნოტარიუს დ. ო-ის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს დ. ო-ის მიმართ განსჯადობით შემდგომში განხილვის მიზნით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. განჩინებაში მითითებულია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნდა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარებოდა კერძო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, შესაბამისად, არ არსებობს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის წინაპირობა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ლ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი. მოსარჩელეს მართებდა მოთხოვნა ჩამოეყალიბებინა ნათლად, გარკვევით და სამოქალაქო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მიუთითა, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთებოდა მოსარჩელის ინტერესი, კერძოდ, სიტყვა „მამკვიდრებლის“ მიუთითებლობამ რა დაბრკოლება შეუქმნა მას ან/და რა ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება გამხდარიყო მისთვის სამომავლოდ. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო დამატებით სამკვიდრო მოწმობაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე, თუმცა, აღნიშნული მოქმედებით რისი მიღწევა სურდა და რა იყო მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი საქმის გარემოებების მიხედვით არ იკვეთებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა დაესაბუთებინა, რომ მისი შეხედულების მიხედვით - დამატებით სამკვიდრო მოწმობაში დაშვებული უსწორობა არსებით ხასიათს ატარებდა და ამით მას ხელი ეშლებოდა გარკვეული უფლების რეალიზებაში. ამასთან, მხარეს მართებდა მიეთითებინა იმ გარემოებაზე, მიმართა თუ არა საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულება (არსებობის შემთხვევაში). სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა მოთხოვნის იურიდიულ ინტერესზე და განესაზღვრა მოთხოვნა - მხოლოდ აღიარებითი შეიძლება იყოს, თუ მასთან ერთად მიკუთვნებითი მოთხოვნაც. რაც შეეხება დავის საგანში და სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სიტყვებით მოთხოვნის ფორმულირება, სარჩელს მიკუთვნებით ხასიათს არ სძენდა და იგი მისი შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრებოდა. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა მხარის მითითება, რომ იგი გათავისუფლებული იყო იურიდიული ინტერესის დასაბუთებისგან, ვინაიდან სარჩელი არ იყო აღიარებითი.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზ. ი-ს ლ. ს-ის უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით უნდა წარედგინა სპეციალურად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე უნდა მიეთითებინა სარჩელის ფასი მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მხარე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში დაშვებული დარღვევა იმდენად არსებითი ხასიათის იყო, რომ მისი გამოსწორება ვერ განხორციელდებოდა მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ შეუშლიდა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის მიღების საფუძველი.
მოსარჩელე ლე. ს-ის მზრუნველმა ზ. ი-მა 2023 წლის 27 ნოემბერს კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე, ხოლო 2023 წლის 07 დეკემბრის კერძო საჩივრით სადავო გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება. კერძო საჩივრები, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი) წარდგენილი კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი და განმარტა, რომ დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. სასამართლოს მსჯელობით, მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართალსუბიექტობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც არის აღმოცენებული დავა, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.
სააპელაციო პალატის მიერ ყურადღება გამახვილდა მოსარჩელის იმ განმარტებაზე, რომ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მეშვეობით, 2023 წლის 31 ოქტომბერს დასაბუთებული განცხადებით მიმართა მოპასუხეს, რითაც მოითხოვა 2022 წლის 30 დეკემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში გაშვებული უზუსტობის გასწორება - სანოტარო მოქმედების შესრულება. ამასთან, ნოტარიუსს სთხოვა, რომ გაეხსა პორტალი, რეგისტრაციაში გაეტარებინა განცხადება და დაენიშნა სანოტარო ბიუროში ვიზიტი. მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, მოპასუხეს არ დაურეგისტრირებია განცხადება და არც ვიზიტი დაუნიშნავს. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში იმ სასარჩელო მოთხოვნებით წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, რომელიც ნოტარიუსს დაავალებდა მოქმედების შესრულებას. მოსარჩელე ითხოვს ნოტარიუსისთვის ქმედების დავალებას სანოტარო აქტში სამკვიდრო მოწმობაში შესწორების შეტანის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მესამე მუხლის პირველი ნაწილი, მე-5 მუხლი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანების (2010 წლის 31 მარტი) 32-ე, 91-ე მუხლები და მიიჩნია, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილიდან. ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება. მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი სადაც განმარტებულია, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. აღნიშნული დასაბუთებით, ლ. ს-ის კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებებზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებას და მიიჩნევს, რომ N2ბ/7116-23 სამოქალაქო საქმე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსჯადობა ნიშნავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, რითაც ირკვევა კონკრეტული სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გამიჯვნა და შესაბამისად, განსჯადი სასამართლოს დადგენა მართლმსაჯულების მართებულად განხორციელების მნიშვნელოვანი საკითხია.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, დავის წარმოშობის შესაძლებლობას. აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის გადაგზავნის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქვედა ინსტანციის ორ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოშობა. თავის მხრივ, შესაბამისი დავის წარმოშობას წინ უნდა უსწრებდეს ერთ - ერთი სასამართლოს მიერ დასაბუთებული განჩინებისა და საქმის მასალების გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომელსაც იგი რეალურად სარჩელის განსჯადად მიიჩნევს. ამასთან, საქმის მიმღები სასამართლო, დასაბუთებული განჩინებით არ უნდა დაეთანხმოს გადამგზავნი სასამართლოს დასკვნას განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ამდენად, მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის პირობებშია შესაძლებელი საკასაციო სასამართლოს მხრიდან განსჯადობის სისწორის შემოწმება. ცალკეულ საქმეთა განსჯადობის საკითხის შეფასების დაწყების საფუძველია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო წესით უნდა ყოფილიყო განხილული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მხარეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი. მოსარჩელე მხარის მიერ კერძო საჩივარი წარდგენილია, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის (განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ) განჩინებაზე (განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება), ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ). სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო ამ უკანასკნელზე წარდგენილი კერძო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე ლ. ს-ეს უარი უთხრა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ისე, რომ სადავოდ არ გაუხდია განსჯადობის საკითხი, რითიც ფაქტობრივად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განსჯადობის საკითხში. ამდენად, სახეზე არ გვაქვს ორ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე დავა.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული წესით უნდა იქნას განხილული, თუმცა შესაბამისი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საქმის საგნობრივი განსჯადობით გადაგზავნის გარეშე, ჩათვალა, რომ საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად უნდა გადმოიგზავნოს საკასაციო სასამართლოში. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმე გადმოგზავნილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის წარმოშობის ეტაპის გავლის გარეშე, რაც აუცილებელ პროცესუალურ წინაპირობას წარმოადგენს საკასაციო სასამართლოსათვის, იმსჯელოს შესაბამისი დავის გადაწყვეტაზე.
საპროცესო ეკონომიის თვალსაზრისით, აგრეთვე იმისათვის, რომ უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პირის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, რაც მოიცავს ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიული ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილება ,,ნოტარიატის შესახებ" კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელი განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში, იმას, თუ რა უდევს საფუძლად სამკვიდრო მოწმობაში უსწორობის გასწორებას და სიტყვა მამკვიდრებლის მითითებას - კერძო თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს, არსებობს თუ რა სამკვიდრო მოწმობაში უსწორობის გასწორების საფუძველი, რაც ცალსახად მიუთითებს დავის სამოქალაქო სამართლებრივ ხასიათზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის არსებობის და ინსტანციურობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა განიხილოს წარმოებაში მიღებული კერძო საჩივარი და შეაფასოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება ან საპროცესო კანონმდებლობის წესების დაცვით დაიწყოს დავა განსჯადობაზე. მოცემულ ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საგნობრივი განსჯადობის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობაზე შესაძლო დავის წარმოშობამდე, საქმე განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს წარდგენილი აქვს კერძო საჩივარი და სადავოდ ხდის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. Nბს-663(გ-24) საქმე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე