საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-54(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ფ-ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 13 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გ. ფ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ზე, №17-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით, არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა გ. ფ-ი, კერძოდ 2015 წლის 28 აპრილიდან იგი ფლობდა მიწის ნაკვეთის ნაწილს (1917 კვ.მ-ს), 2018 წლის 9 ოქტომბრიდან კი, 28 დღის განმავლობაში იგი ფლობდა შენობა-ნაგებობა №2-ს, რაც დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის მოპასუხის წერილებით.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მან გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერაც მოხდა ზემოაღნიშნული ქონების ნაწილების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა, აღნიშნულის შესახებ კი სათანადო ფორმით ეცნობა გ. ფ-ს და მიეცა ვადა თანხის ანაზღაურებისა და უძრავი ქონების გამოთავისუფლებისთვის, რაც მას არ განუხორციელებია. მოპასუხემ გადაიხადა ქონების სარგებლობის საფასურის გარკვეული ნაწილი, თუმცა ქონება მას კვლავ არამართლზომიერად ჰქონდა დაკავებული, რაც ყოველდღიურად ზრდიდა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობას.
მოსარჩელემ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 28 დღის განმავლობაში (ს/კ ...) შენობა - ნაგებობა №2-ით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 477.01 ლარის, ხოლო უძრავი ქონების ნაწილის 1971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2015 წლის 28 აპრილიდან 2020 წლის 28 ივლისის ჩათვლით 18 912 ლარისა და 2020 წლის 28 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 394 ლარის გ. ფ-ისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა გ. ფ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ...ზე, №17-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის - 1971 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, გ. ფ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ფ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (1971 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ს/კ ...) არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2017 წლის 13 აგვისტოდან 2022 წლის 13 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 23246 (ოცდასამი ათას ორას ორმოცდაექვსი ლარი) ლარის გადახდა. გ. ფ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (1971 კვ.მ. მიწის ნაკვეთის) არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2022 წლის 14 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 394 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა. გარდა ამისა, გ. ფ-ს დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით - შენობა-ნაგებობა №2-ით (ს/კ ...) 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 28 დღის განმავლობაში არამართლზომიერად სარგებლობისთვის 477,01 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია გ. ფ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - შენობა-ნაგებობა №2-ით 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 28 დღის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე ამავე უძრავი ქონების ნაწილით - 1971 კვ.მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი. ამასთან, კოლეგიამ არ გაიზიარა გ. ფ-ის განმარტება, რომ მის მიერ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ნაგებობა №2-ით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს, ასევე მითითებულ მისამართზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართით სარგებლობასაც, თუმცა მოსარჩელის მიერ არასწორად იყო მითითებული, როგორც შენობა-ნაგებობა №2-ის, ასევე მიწის ნაკვეთის მოცულობები, ვინაიდან იგი სარგებლობდა №2 შენობის (ფაქტობრივად ნანგრევის) მცირე ნაწილით, ასევე მიწის ნაკვეთის შესაბამის ზომებში, შედეგად კი მიიღო გადასახდელის გაცილებით დიდი ოდენობა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის უფრო მცირე ნაწილით სარგებლობის ფაქტს. უფრო მეტიც, მის მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებებშიც კი მხარე არ მიუთითებდა აღნიშნულ გარემოებაზე და სადავოდ არ ხდიდა ფართის მოცულობას, ამასთან, რამდენიმე თვის თანხა, არამართლზომიერი სარგებლობისთვის, რაც მოპასუხის მიერ იქნა გადახდილი, წარმოადგენდა სწორედ ზემოაღნიშნული ფართის პროპორციულად დაანგარიშებულ თანხას, რაზეც მოპასუხეს თავის დროზე პრეტენზია არ განუცხადებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო, იმაზე აპელირება, რომ იგი სარგებლობდა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გაცილებით მცირე ნაწილით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ გ. ფ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობისთვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილი იყო გარკვეული თანხა, ბოლო გადახდა კი ფიქსირდებოდა 2016 წლის 23 აგვისტოს, ხოლო სარჩელი სასამართლოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის 1971 კვ.მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, წარედგინა 2020 წლის 13 აგვისტოს. იმ პირობებში კი, როდესაც საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მოპასუხის მიერ სადავო ფართით სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, კოლეგიამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო სარჩელის შემოტანამდე 3 წლით ადრე პერიოდიდან ანუ 2017 წლის 13 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, ხოლო 2017 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ფ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უძრავი ნივთის არამართლზომიერი სარგებლობისთვის (1971 კვ.მ მიწის ნაკვეთი) თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა 2017 წლის 13 აგვისტოდან 2022 წლის 13 ივლისის ჩათვლით, სულ 23246 ლარის ოდენობით (59 თვის მანძილზე ყოველთვიურად 394 ლარი ანუ 59x394=23246).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მასზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით დარჩა განუხილველი, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი არ ეთანხმებოდა ვალდებულების ნაწილზე ხანდაზმულობის გავრცელებას.
სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით, დაეთანხმა სააგენტოს არგუმენტაციას იმ ნაწილში, რომლითაც იგი წინამდებარე დავის ფარგლებში არსებულ ურთიერთობას არ მოიაზრებდა სახელშეკრულებო ურთიერთობად, თუმცა არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ სახეზე არ იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიმართ წარდგენილი იყო მოთხოვნა იმ ფარგლებში, რა ფარგლებითაც ეს შესაძლებელი იქნებოდა საიჯარო ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 9 ივლისის №003925615 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე №17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ ...) 1971 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 394 ლარს. ამრიგად, სადავო არ იყო, რომ ექსპერტი ადგენდა სარგებლობაში არსებული ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებას და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლიდა სააგენტო გადასახდელი თანხის ოდენობას, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დასაკისრებელი თანხა უნდა შეფასებულიყო როგორც პერიოდულად, (ყოველთვიურად) გადასახდელი თანხების ერთობლიობა, შესაბამისად მართებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გავრცელება მოცემულ სამართალურთიერთობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობის თაობაზე. სააგენტომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13-ე პუნქტზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დასახელებული მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ცალსახად ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის განსაზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც მოთხოვნა გამომდინარეობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან და მხარეებს შორის არსებობდა ასეთი ურთიერთობის წარმომშობი ხელშეკრულება. ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13-ე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საერთოდ არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებას და მისი მიზანი იყო სწორედ არასახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ მომხდარიყო იმ თანხის გადახდა, რაც ექსპერტიზის დასკვნით იქნებოდა დადგენილი, ხოლო მოთხოვნა მიმართული იყო სარგებლობის მთელ პერიოდზე, რაზეც უნდა გავრცელებულიყო ზოგადი, ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ გ. ფ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და შეაფასოს უნდა დაკისრებოდა თუ არა გ. ფ-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდა 2015 წლის 28 აპრილიდან 2017 წლის 13 აგვისტომდე პერიოდზეც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. ხოლო დასახელებული მუხლის 13 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ზე, №129-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., 2015 წლის 1 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 39875.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს და 11 დეკემბერს შედგენილი აქტების თანახმად, სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ი №17-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №...) ნაწილით - 1971 კვ.მეტრით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებდა ი/მ გ. ფ-ი. ამასთან, 2018 წლის 10 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით ასევე დგინდება, რომ ობიექტზე განთავსებული იყო მოძრავი ნივთები, გადიოდა ხაზოვანი ნაგებობა. უკანონო მოსარგებლე ი/მ გ. ფ-ი სარგებლობდა შენობა №2-ით, რომლის განაშენიანების ფართი იყო 525 კვ.მ. აღნიშნული აქტები და ადგილზე დათვალიერების ოქმი ხელმოწერილი იყო სააგენტოს წარმომადგენლის მიერ.
საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 9 ივლისის №003925615 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე №17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ ...) 1971 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2015 წლის 28 აპრილიდან 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 394 ლარს. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ იქნა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი იყო ქვის გადამამუშავებელი საამქრო. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №007307018 დასკვნის თანახმად კი, ქ. თბილისში, ...ზე №17-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებამ 2018 წლის 9 ოქტომბრიდან დასკვნის გამოტანის დღემდე შეადგინა 525 ლარი.
საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №109158 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ არამართლზომიერად მოსარგებლე ი/მ გ. ფ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობისთვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია შემდეგი თანხები: 28.07.2015წ. - 788 ლარი; 27.08.2015წ. - 394 ლარი; 29.08.2015წ. - 788 ლარი; 27.10.2015წ. - 394 ლარი; 30.11.2015წ. - 394 ლარი; 17.12.2015წ. - 394 ლარი; 04.02.2016წ. - 394 ლარი; 17.02.2016წ. - 394 ლარი; 15.04.2016წ. - 394 ლარი; 23.05.2016წ. - 394 ლარი; 28.06.2016წ. - 788 ლარი; 23.08.2016წ. - 394 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია სადავო ქონებით, სააგენტოს მიერ მითითებულ პერიოდში, გ. ფ-ის მიერ არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა სადავო არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2015 წლის 28 აპრილიდან 2017 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდაზე ხანდაზმულობის გავრცელების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. დასახელებული კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქონებით სარგებლობის შესაბამისი პერიოდისთვის, ექსპერტის მიერ დადგენილი საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებით დადგინდა გადასახდელი თანხის ოდენობა. ამდენად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა უნდა შეფასდეს როგორც პერიოდულად, (ყოველთვიურად) გადასახდელი თანხების ერთობლიობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხე მხარეს წარმოეშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება - 394 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, დაკავებული ფართის გამოთავისუფლებამდე დროის განმავლობაში, განსახილველ შემთხვევაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ვინაიდან სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2020 წლის 13 აგვისტოს, 2017 წლის 13 აგვისტომდე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე