Facebook Twitter

№895აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

კ-ე მ.- 895აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 6.000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 18 იანვრიდან.

მ. კ-ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით პირობითი მსჯავრი. მ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 18 იანვრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა მ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ-ემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 4 ნოემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული მ. კ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი