Facebook Twitter

საქმე #ბს-503(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ყ-ე

მესამე პირები – მ. ო-ე, ნ. ო-ე, გ. ყ-ე, ს. ყ-ე

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 26 აპრილს მ. ყ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 1993 წლიდან იგი ცხოვრობს ქალაქ თბილისში მეუღლესთან, სიდედრთან და შვილებთან ერთად. თავდაპირველად, ისინი ცხოვრობდნენ ქირით, თუმცა მოგვიანებით მისმა სიდედრმა - ნ. ო-ემ ნასესხები თანხით შეიძინა ბინა და გააფორმა მ. ყ-ის მეუღლის - მ. ო-ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, ოჯახს დაუგროვდა გარკვეული ოდენობის ვალი, რის გამოც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცეს ნ. ღ-ს, რომელმაც ნება დართო ყ-ეების ოჯახს ეცხოვრათ მათ მიერვე გასხვისებულ საკუთრებაში. თუმცა 2021 წელს ნ. ღ-ი გარდაიცვალა, მისმა შვილმა კი მოსარჩელეს ბინის გათავისუფლება მოსთხოვა. მიუხედავად აღნიშნულისა, უსახსრობის გამო მას ზემოაღნიშნული საკუთრების გათავისუფლება არ შეუძლია. იგი აღნიშნავს, რომ ბინას ითხოვს არა როგორც რიგითი დევნილი, არამედ როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.

მოსარჩელის განმარტებით, იგი სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აღრიცხვაზე იყო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა 2022 წლის 30 მარტის #03-2006/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ყ-ეს და მის ოჯახს იმ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 30 მარტის #03-2006/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მ. ყ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ო-ე, ნ. ო-ე, გ. ყ-ე და ს. ყ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 30 მარტის #03-2006/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ. ყ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.03.2022წ. გადაწყვეტილებით, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო, მ. ყ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დადგენილია, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, ოჯახი შეფასებულია 3 ქულით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით მინიჭებული ქულების ოდენობა (სიმცირე), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მ. ყ-ის მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში დევნილი ოჯახის ცხოვრების გამო განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. ყ-ის მეუღლის - მ. ო-ის მიერ 14.09.2016წ. გასხვისებულ ბინაში დევნილი ოჯახის ცხოვრების ფაქტი უპირობოდ არ გულისხმობს, რომ არ არსებობს მოსარჩელე დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება. ამასთან, ბინის გასხვისების შემდგომ დევნილი ოჯახის ამავე ბინაში ცხოვრების გაგრძელების ფაქტი, ასევე, არ წარმოადგენს შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. პალატის მოსაზრებით, სხვისი საკუთრებით დროებითი სარგებლობის შესაძლებლობა არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, რამდენადაც უტყუარად დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მათ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დასტურდება, რომ მხარე სადავო მისამართზე ცხოვრობს 2005 წლიდან. მოსარჩელე თავადვე მიუთითებს, რომ ბინა მის მეუღლეს ეკუთვნოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მოუწიათ გასხვისება. მონიტორინგის მასალები განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ 2022 წლის 23 მარტს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების საფუძვლით იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისაკენ, ასევე, იმ ოჯახების დაკმაყოფილებისაკენ, რომლებსაც არ აქვთ საშუალება შეუზღუდავად ისარგებლონ ნათესავის და მით უფრო, ოჯახის წევრის - მეუღლის ბინით.

კასატორის მითითებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, შეიქმნება ქაოსური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც საზოგადოებაში გააჩენს უსამართლობის განცდას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააგენტომ საფუძვლიანად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ რამდენადაც საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეებს სწორედ გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის #03-2006/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. 2019 წლის 31 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით. განაცხადში ფიქსირდებოდა ოჯახის წევრები: მეუღლე - მ. ო-ე, შვილი - ს. ყ-ე, შვილი - გ. ყ-ე, სიდედრი - ნ. ო-ე. განმცხადებლის მეუღლეს 2016 წლის 14 სექტემბრამდე ეკუთვნოდა ბინა მისამართზე - ქ. თბილისი, ... #35, ბინა #13. განმცხადებლის მითითებით, ოჯახი ცხოვრობს ამავე მისამართზე. 2021 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, მ. ყ-ის განაცხადი შეფასდა 3 ქულით (1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე); 1,50 ქულა - მ. ყ-ე, ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი).

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 30 მარტის #30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის #01-52/ნ ბრძანების შესაბამისად, განიხილა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადები. კომისიის გადაწყვეტილებით, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრებიდან გამომდინარე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, მ. ყ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით ბინით დაკმაყოფილებაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 30 მარტის #03-2006/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (#30 სხდომის ოქმი), მ. ყ-ეს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მ. ყ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დევნილ პირს შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა გასხვისებული საკუთრებით. თუმცა საქმეში წარმოდგენილია მოწმის სახით დაკითხული პირის - გ. ღ-ის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთან ცხოვრობდა მისი გარდაცვლილი დედის ბინაში, თუმცა გ. ღ-მა, როგორც მემკვირდემ, მიიღო ზემოაღნიშნული სახლი და სურს თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი ქონებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ #ბს-1129(კ-20), 25.03.2021 წ.).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი #7-ის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. ამდენად, თავად სახელმძღვანელო კანონმდებლობით დამატებითი ქულის განსაზღვრის შესაძლებლობა ამ კრიტერიუმით ნიშნავს კანონმდებლის ნებას - ასეთ დევნილ ოჯახს შესაბამისი ქულების მოგროვების შემთხვევაში, მიანიჭოს პრიორიტეტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, ერთი მხრივ, ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და, მეორე მხრივ, ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა