№ბს-276(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ო“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 14 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის შპს „...ოს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 8 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 25 184 ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, ს/კ ...) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისთვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „...ოს“ მოსარჩელის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 8 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 25 184 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 ლარის გადახდა დაეკისრა; ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე - შპს „...ოს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა (ს/კ ...) და მასვე დაევალა მესაკუთრისთვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესით განხილვის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, შპს „...ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის მის მოსარგებლეზე თანხის დაკისრების მოთხოვნა ადმინისტრაციული წესით განსჯად დავას განეკუთვნება (სუსგ ბს-160-160(გ-18); 13.03.2018წ.). რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მართალია ვინდიკაციური სარჩელი მესაკუთრის მიერ, სასამართლოს მეშვეობით, საკუთრების უფლების დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი საშუალებაა და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება, თუმცა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებასთან ერთად ამ მოთხოვნიდან მომდინარე ვინდიკაციური სარჩელის კომბინირებულად, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში განხილვა, პროცესის ეკონომიურობის თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო, რაზეც მიუთითებდა ამ მიმართებით არსებული სასამართლო პრაქტიკაც (სუსგ №ბს-55(კ-22), 23.02.2022 წელი; სუსგ №ბს-208(კ-20), 22.04.2020 წელი; სუსგ №ბს-1147(კს-19), 16.04.2020 წელი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება შპს „...ოსათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 25 184 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ოსათვის“ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 25 184 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ოს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 18 618 ლარისა და 85 თეთრის გადახდა, 2016 წლის 19 მაისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს ,,...ოსათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 6571 ლარისა და 15 თეთრის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ შპს „...ოსათვის“ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 (რვაასოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდის დაკისრების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა (ს/კ...), დაზუსტებული ფართობი: 7587.00 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით - 212,76 კვ.მეტრი, №2 საერთო ფართით 13.11 კვ.მეტრი, №3 საერთო ფართით - 4.72 კვ.მეტრი, №4 საერთო ფართით - 10.88 კვ.მეტრი და ნაგებობები №5 და №6 დანგრეული, 2015 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 316 02646201 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 19 ოქტომბერს №12/53761 წერილის პასუხად ეცნობა, რომ წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მოსარგებლე - შპს „...ო“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა 2015 წლის ივლისის თვიდან- დღემდე (წერილის მომზადების დღემდე).
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფაქტი 2015 წლის ივლისის თვიდან სხვა რაიმე დოკუმენტით არ დასტურდებოდა. ფოტოსურათები, რომლებიც საქმეში იყო წარმოდგენილი, დათარიღებული იყო 2016-2017 წწ.-ით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წერილში მითითებული ინფორმაცია დეპარტამენტმა სააგენტოს დავალებით მოიპოვა, თუმცა არ ირკვეოდა ვისგან და რა წესით იქნა ინფორმაცია მიღებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის №12/33433 წერილით შპს „...ოს“ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩაზე (საკადასტრო კოდი: №...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც ის არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. შპს „...ოს“ ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 08 ოქტომბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. მითითებული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 05 ივლისს.
შპს „...ომ“, 2016 წლის 11 ივლისის №06/01/21 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის №12/33433 განცხადების პასუხად აცნობა, რომ შპს „...ოს“ უნდა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2016 წლის 19 მაისიდან და არა 2015 წლის 08 ოქტომბრიდან, რადგანაც აღნიშნული ფართით დროებითი სარგებლობა დაიწყეს 2016 წლის 19 მაისიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააგენტომ აღნიშნული ტერიტორია დაათვალიერა 2017 წელს. კერძოდ, სააპელაციო პალატის შეფასებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გ. კ-ას მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს შედგენილი აქტით ირკვეოდა, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (საკადასტრო კოდი: №...) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა შპს ,,...ო“.
სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა შპს ,,...ოს’’ 2016 წლის 11 ივლისის №06/01/21 წერილზე, რომლითაც თავად მოპასუხე ადასტურებდა უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტს 2016 წლის 19 მაისიდან და აღნიშნა, რომ სწორედ მითითებული პერიოდი უნდა ყოფილიყო მიჩნეული არამართლზომიერი სარგებლობის დაწყების თარიღად.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 13 ივლისის №004028316 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 10 700 ლარს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ყოველწლიური საიჯარო ქირად 10 700 ლარის გათვალისწინების შემთხვევაში, ყოველთვიური საიჯარო ქირა იყო 892 ლარი, რაც ყოველდღიურად 29 ლარსა და 74 თეთრს შეადგენდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,...ოს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2016 წლის 19 მაისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის უნდა დაკისრებოდა 18 618 ლარისა და 85 თეთრის გადახდა (25 184 ლარს - 6571 ლარი და 15 თეთრი = 18 618 ლარს და 85 თეთრს). ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „...ოს“ მიერ სადავო უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, შპს „...ოსათვის“ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 (რვაასოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სახეზე იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შპს „...ოს“ უკანონო მფლობელობიდან სადავო ფართის გამოთხოვის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, სარჩელზე თანდართული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ოქტომბრის წერილი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 1 ოქტომბრის №12/53761 წერილის პასუხად ეცნობა, რომ წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში არსებული ინფორმაციით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქი ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლე „...ო“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა 2015 წლის ივლისის თვიდან. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე, 2015 წლის ივლისის თვიდან მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, ხოლო წერილში მითითებული ინფორმაცია ვისგან, ან რა წესით იქნა მიღებული, არ ირკვეოდა. სააგენტოს მიაჩნია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ოქტომბრის წერილი, იმ პირობებში, როდესაც სხვა რაიმე თანაბარი ძალის მქონე საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, უტყუარად ადასტურებდა 2015 წლის ივლისიდან სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტს. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლობის საფასური, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა შპს ,,...ოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 25 184 (ოცდახუთი ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 (რვაასოთხმოცდათორმეტი) ლარის დაკისრება; ასევე - შპს „...ოს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა (მდებარე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა, საკადასტრო კოდი:№...) და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება შპს ,,...ოსათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 25 184 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ოსათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 25 184 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...ოს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 18 618 ლარისა და 85 თეთრის გადახდა 2016 წლის 19 მაისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს ,,...ოსათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2015 წლის 08 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 6571 ლარისა და 15 თეთრის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ შპს ,,...ოსათვის“ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 (რვაასოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდის დაკისრების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში შეამოწმებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის (მოსარჩელის) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია უტყუარად დასტურდებოდეს, რომ პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). დასაკისრებელი თანხის ოდენობა კი გამოიანგარიშება საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, აუცილებელია ზუსტად იქნას განსაზღვრული - სარგებლობის მთელი პერიოდი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 13 ივლისის №004028316 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №...) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 700 ლარს. ყოველწლიური საიჯარო ქირად 10 700 ლარის გათვალისწინების შემთხვევაში, ყოველთვიური საიჯარო ქირა 892 ლარი იყო, რაც ყოველდღიურად 29 ლარსა და 74 თეთრს შეადგენდა.
რაც შეეხება ქონებით სარგებლობის პერიოდს, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ოქტომბრის წერილის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მოსარგებლე - შპს „...ო“ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა 2015 წლის ივლისის თვიდან, თუმცა არ დასტურდებოდა რა ფორმით იქა მოკვლეული აღნიშნული გარემოება და რა მტკიცებულებებს ეყრდნობოდა დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ შპს ,,...ოს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 18 618 ლარისა და 85 თეთრის გადახდა (25 184 ლარს - 6571 ლარი და 15 თეთრი = 18 618 ლარს და 85 თეთრს) 2016 წლის 19 მაისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი