Facebook Twitter

საქმე #ბს-476(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ჯ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი – ს. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 7 მაისს ჯ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლიდან ჯ. ჩ-ის საკუთრებას წარმოადგენდა მცხეთაში, სოფელ ...აში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო წარმოების #... – 28.05.2015წ.). 2018 წლის 24 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ს. კ-ას #... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმებოდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #...-06 (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებებს და მოითხოვდა მათ ბათილად ცნობას.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის #... გადაწყვეტილებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. 2019 წლის 22 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებები, ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება #... განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ასევე, #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 5 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირა #... პირობითი სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. 2019 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ #... (12.03.2019წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებული ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს #... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაუცველად, რაც ქმნის მათი ბათილად ცნობის საფუძვლებს.

ამდენად, მოსარჩელემ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის #... გადაწყვეტილების, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის #... და 2013 წლის 26 ივნისის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე 2019 წლის 22 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, უძრავ ნივთზე - მცხეთაში, ...აში მდებარე ს. კ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: ...) მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. კ-ა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით ჯ. ჩ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მცხეთაში, ...აში მდებარე ს. კ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...).

2021 წლის 23 მარტს ჯ. ჩ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და დამატებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის 2019 წლის 12 მარტის სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად კვლავ ჯ. ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალება და ს.კ. ... მიწის ნაკვეთის ს. კ-ას საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით ჯ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, დავას იწვევდა ის გარემოება, რომ გამოკვეთილი იყო ორი პირის ინტერესი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც, მართალია, აღრიცხული იყო განსხვავებული საკადასტრო კოდებით, თუმცა მათი ადგილმდებარეობა იწვევდა ზედდებას. სწორედ აღნიშნულმა ზედდებამ/ადგილმდებარეობის დამთხვევამ გამოიწვია ჯ. ჩ-ის რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება 2019 წელს და მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების იდენტურობა ამ დრომდე სადავო იყო.

ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე საკვანძო საკითხს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთთა ნამდვილი ადგილმდებარეობის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზედდების აღმოჩენის შემდეგ საჯარო რეესტრმა დაიწყო წარმოება სადავო მიწის ნაკვეთებზე გადაფარვის აღმოფხვრის მიზნით და ჯ. ჩ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მისი უფლებადამდგენი დოკუმენტის მონაცემების იდენტურობის დადგენის მიზნით, შესაბამისი წერილი გადაეგზავნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა #... ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის #185/1 (27.09.2018წ.) წერილი, რომლის თანახმად, მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტით - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და #... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა. ამავე წერილის თანახმად, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში არ ინახება იმ პერიოდის მიწის განაწილების სიები ან სხვა რაიმე დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განხორციელდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯ. ჩ-ის სასარგებლოდ ადგილმდებარეობისა და ფართობის დადასტურება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ კადასტრის სამსახურის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზს და მის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნას, რომ ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) ადგილმდებარეობა შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმით (#37, 2006 წლის 26 ივნისი) რ. ლ-ისთვის გადაცემული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს. საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ თავდაპირველად არასწორი მდებარეობით იქნა რეგისტრირებული ს. კ-ას საკუთრებაში არსებული ... მიწის ნაკვეთი და მისი მდებარეობა დაზუსტდა 2018 წელს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის მიხედვით, ნაკვეთი 517 (ს.კ. ...) წარმოადგენდა რ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილს და მდებარეობდა იმ საკადასტრო ერთეულებს შორის, რომელიც წარმოიშვა თავდაპირველი 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად.

ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ჩ-ის მიერ საკუთრების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტი ვერ გახდებოდა მისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იმ ადგილზე, სადაც იგი მიუთითებდა, ვინაიდან ის რეალურად არ წარმოადგენდა მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და უფლებადამდგენ დოკუმენტებს შორის იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #07/2/10550 წერილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოქალაქე ჯ. ჩ-ის მიერ ს. კ-ას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საფუძველს. სავარაუდოდ, შეცდომა დაშვებულია ჯ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს, რომლის გამოსწორების უფლებამოსილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა არასწორი სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ზღუდავს კეთილსინდისიერი მხარის ინტერესებს, რამდენადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ს. კ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელე ჯ. ჩ-ის რეგისტრაციაგაუქმებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაზე.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, უმთავრესია მხარეთა შორის სადავო იმ გარემოების დადგენა, თუ სად მდებარეობდა მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. მიუხედავად ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო საკითხის კვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მესამე პირის საკუთრებად რიცხული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა კასატორის მიწის ნაკვეთის ადგილზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება მანამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისაგან, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას ქმნის.

კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა, რომ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რ. ლ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შემდგომ გაცემულ საკადასტრო რუკაზე დატანილია მხოლოდ მიწის ნაკვეთის საზღვრები კოორდინატთა სისტემის გარეშე, რითიც შეუძლებელია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. საკადასტრო რუკაზე რ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრირებული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს გზის ქვემოთ, რაც შესაძლებელს ხდის, დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ რუკაზე დატანილი გზა ამ ეტაპზე აღარ არსებობს, ვინაიდან მას ფარავს სადავო რეგისტრაციები, შესაბამისად, იგი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შუა ნაწილშია მოქცეული. ამასთან, უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზემოთ წარმოქმნილია ახალი გზა.

კასატორის მტკიცებით, 2018 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე ნათლად და გარკვევით ჩანს, რომ რ. ლ-ის მიერ აუქციონის გზით შეძენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ამჟამინდელი რეგისტრაციიდან ქვემოთ - ე.წ. „ყვითელ ფენებზე“. კასატორის მითითებით, საქმეში, ასევე, წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ ჯ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრები არ კვეთდა ს. კ-ას მიწის ნაკვეთის საზღვრებს.

კასატორი თვლის, რომ მარეგისტრირებელს ჰქონდა მტკიცებულებები, რათა დაედგინა, რომ რ. ლ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა იქ, სადაც დღეის მდგომარეობითაა რეგისტრირებული, მიწის ნაკვეთების თავდაპირველი რეგისტრაციის ადგილის ცვლილება კი გამოწვეულია მიწის მესაკუთრეების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ს. კ-ას მიწის ნაკვეთი მდებარეობს თავდაპირველი რეგისტრაციის ადგილზე და არა სადავო გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ ადგილას.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის პროცესში მუნიციპალიტეტის როლსა და მისი ჩართვის საჭიროებაზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე დაყრდნობით, კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ არასათანადოდ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ერთობლიობაში არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც განაპირობა ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. კასატორი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადავო წერილებში ასახულ მითითებებს, რომ მცხეთის რაიონის გამგეობა ვერ შეასრულებს კანონით მისთვის პირდაპირ დაკისრებულ ვალდებულებას. კასატორის მოსაზრებით, გამგეობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალობის მქონე თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენას. ამდენად, კასატორის თვლის, რომ გამგეობას უნდა დაეკმაყოფილებინა გამცხადებლის მოთხოვნა.

კასატორის მითითებით, მართალია, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. კ-ას სახელზე ამჟამინდელი სადავო რეგისტრაცია შეესაბამება რ. ლ-ისათვის 2006 წლის 26 ივნისის #37 ოქმით გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, თუმცა დაუსაბუთებელია, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული გარემოება დადგენილად მიჩნეული, ვინაიდან მოცემულ ოქმს, მართალია, ერთვოდა საკადასტრო რუკა, თუმცა კოორდინატების გარეშე მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილების, (2) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის #... გადაწყვეტილების, (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის #... და 2013 წლის 26 ივნისის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე 2019 წლის 22 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ასევე, (4) ს.კ. ... მიწის ნაკვეთის ს. კ-ას საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების კანონიერება და (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის 2019 წლის 12 მარტის სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთზე კვლავ ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ჯ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რეგისტრაციის გაუქმებამდე საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით აღრიცხული) ექცევა სწორედ იმ ტერიტორიის საზღვრებში, სადაც დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ს. კ-ას საკუთრებაში რიცხული ს.კ. ... მიწის ნაკვეთი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მარტოოდენ იმის განსაზღვრა, მართებულად იქნა თუ არა რეგისტრირებული დღეის მდგომარეობით არსებულ საკადასტრო საზღვრებში ს. კ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის, უპირველესად, მიმოიხილოს საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 10 190 კვ.მ. ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონული ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 26 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #37 ოქმის საფუძველზე, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა რ. ლ-ის საკუთრების უფლება და გაიცა საკადასტრო რუკა. 2006 წელს აღნიშნული უძრავი ნივთი დაიყო ოთხ საკადასტრო ერთეულად და მათ მიენიჭათ შემდეგი საკადასტრო კოდები: ..., ..., ... და .... ამავე წელს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო ორ უძრავ ნივთად, რომლებსაც მიენიჭათ ... და ... საკადასტრო კოდები.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ 1500 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე რ. ლ-სა და მ. ბ-ას შორის, 2006 წლის 2 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლის 15 ნოემბერს დარეგისტრირდა მ. ბ-ას საკუთრების უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოს 2009 წლის 17 მარტის #... გადაწყვეტილებით ამავე უძრავ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ს. კ-ას საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ 2013 წლის 30 მაისს ს. კ-ამ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 26 ივნისის #... გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. შედეგად, დაზუსტდა ს.კ. ... უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და საზღვარი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზუსტებული მონაცემებით ს. კ-ას სახელზე რეგისტრირებული 1403 კვ.მ უძრავი ნივთი წარმოადგენს ... საკადასტრო კოდით რ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის განაყოფს.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 28 მაისს ჯ. ჩ-მა #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე 1 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო განცხადებას დაინტერესებულმა პირმა თან დაურთო შემდეგი დოკუმენტები: (1) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილი (აღნიშნული წერილის თანახმად, საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული სოფ. ...ას მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2007 წლის მონაცემებით), ჯ. ჩ-ს, აღრიცხულს მე-16 რიგით ნომრად (გვ. 16), ერიცხებოდა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი) და (2) სარეგისტრაციო უფლების ობიექტის - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. აღნიშნული ნახაზის ქაღალდის ვერსიაზე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაკეთებულია შემდეგი მითითება: „ვადასტურებ ადგილმდებარეობას და ფართს“.

2015 წლის 10 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ #... (10.06.2015წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 1 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლება, რის შემდგომაც, უძრავ ნივთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილი.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ს. კ-ას წარმომადგენლის - ნ. კ-ას #... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის #... გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

„რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015) და #... (26.06.2013) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის #... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებები; განახლდა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება #... განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად; მასვე დაევალა #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტით - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და #... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა მოითხოვა. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა #... ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის #185/1 (27.09.2018წ.) წერილი, რომლის თანახმად, მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტით - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და #... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა. ამავე წერილის თანახმად, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში არ ინახება იმ პერიოდის მიწის განაწილების სიები ან სხვა რაიმე დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, მოხდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯ. ჩ-ის სასარგებლოდ ადგილმდებარეობისა და ფართობის დადასტურება.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კადასტრის სამსახურის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დადგინდა, რომ ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ადგილმდებარეობა შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმით (#37, 2006 წლის 26 ივნისი) რ. ლ-ისთვის გადაცემული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #... (10.06.2015წ.) და #... (26.06.2013წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (22.02.2019წ.) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2019 წლის 5 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირა #... პირობითი სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

2019 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ #... (12.03.2019წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...აში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებული ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #07/2/10550 წერილზე, რომლითაც ნ. კ-ას წერილის პასუხად ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოქალაქე ჯ. ჩ-ის მიერ ს. კ-ას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საფუძველს. სავარაუდოდ, შეცდომა დაშვებულია ჯ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესის დროს, რომლის გამოსწორების უფლებამოსილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ აქვს.

2019 წლის 8 აპრილს ჯ. ჩ-მა #... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #... (12.03.2019წ.) გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის #... გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ზედდების აღმოჩენის შემდეგ საჯარო რეესტრმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სადავო მიწის ნაკვეთებზე გადაფარვის აღმოფხვრის მიზნით და ჯ. ჩ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მისი უფლებადამდგენი დოკუმენტის მონაცემების იდენტურობის დადგენისათვის შესაბამისი წერილი გადაეგზავნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტით - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 აპრილის #2635 წერილით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და #... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა. ამავე წერილის თანახმად, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში არ ინახება იმ პერიოდის მიწის განაწილების სიები ან სხვა რაიმე დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განხორციელდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯ. ჩ-ის სასარგებლოდ ადგილმდებარეობისა და ფართობის დადასტურება.

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ კადასტრის სამსახურის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე და მის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნაზე, რომ ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) ადგილმდებარეობა შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმით (#37, 2006 წლის 26 ივნისი) რ. ლ-ისთვის გადაცემული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თავდაპირველად არასწორი მდებარეობით იქნა რეგისტრირებული ს. კ-ას საკუთრებაში არსებული ს.კ. ... მიწის ნაკვეთი და მისი მდებარეობა 2018 წელს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დაზუსტდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკის მიხედვით, ნაკვეთი 517 (ს.კ. ...) წარმოადგენდა რ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილს და მდებარეობდა იმ საკადასტრო ერთეულებს შორის, რომელიც წარმოიშვა თავდაპირველი 10 190 კვ.მ მიწის დაყოფის შედეგად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ჩ-ის მიერ საკუთრების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტი ვერ გახდება მისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იმ ადგილზე, სადაც იგი მიუთითებს, ვინაიდან იგი არ ასახავს ჯ. ჩ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეალურ ადგილმდებარეობას და არ წარმოადგენს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და უფლებადამდგენ დოკუმენტებს შორის იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პასუხი გასცეს საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და არგუმენტებს, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, კიდევ უფრო ცხადს გახდის სააპელაციო სასამართლოს განმარტებებისა და შეფასებების სისწორეს. აღსანიშნავია, რომ კასატორი ძირითადად მიუთითებს იმ გზის ადგილმონაცვლეობაზე, რომელიც მთელს სიგრძეზე თან გასდევდა რ. ლ-ისთვის ჯერ კიდევ 2006 წელს გადაცემულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთს. უფრო კონკრეტულად, კასატორი აღნიშნავს, რომ დაზუსტებული მონაცემებით რ. ლ-ის სახელზე 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2006 წელს რეგისტრაციის შემდგომ გაცემულ საკადასტრო რუკაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გზის ქვემოთ, რითიც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა. მისივე მითითებით, ძველი გზა დღესდღეობით მოქცეულია რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთა შორის, ხოლო მის მაგივრად წარმოქმნილია ახალი გზა ამჟამინდელი მდგომარეობით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, კასატორს საკასაციო საჩივარზე თანდართული სახით წარმოდგენილი აქვს 2018 წელს საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზები, ასევე, ორთოფოტო 2010 წლის მდგომარეობით (რომელზეც, კასატორის მითითებით, ასახულია ძველი გზა) და სატელიტის მეშვეობით გადაღებული ფოტოები (რომლიდანაც, კასატორის მოსაზრებით, დგინდება ახალი გზის ადგილმდებარეობა).

აღნიშნულზე საპასუხოდ, საკასაციო პალატა, უპირველესად, განმეორებით ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საგულისხმოა, რომ რ. ლ-ის სახელზე 2006 წელს რეგისტრირებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 10 190 კვ.მ ფართობის მქონე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი ამავე წელს დაიყო ოთხ საკადასტრო ერთეულად და მათ მიენიჭათ შემდეგი საკადასტრო კოდები: ..., ..., ... და .... ამავე წელს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო ორ უძრავ ნივთად, რომლებსაც მიენიჭათ ... და ... საკადასტრო კოდები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაყოფამდე რ. ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ჰქონდა მოგრძო, მართკუთხა ფორმა, ხოლო დაყოფის შემდგომ, ცხადია, მიწის ნაკვეთები განლაგდა მიჯრით ერთმანეთის გვერდით - 513 ნაკვეთი მოექცა უკიდურეს დასავლეთ მხარეს, ხოლო 518 ნაკვეთი - უკიდურესი აღმოსავლეთით, დანარჩენი მიწის ნაკვეთები კი განთავსდა ამ ორ მიწის ნაკვეთს შორის.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზი, საიდანაც ნათლად დგინდება, რომ ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია უცვლელად, იმავე საკადასტრო კოდებით, ხოლო 514 მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ... მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ახალი საკადასტრო კოდით - .... საგულისხმოა, რომ კასატორის მოსაზრებით, მისი კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სწორედ ს.კ. ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით, იქ, სადაც ამჟამინდელი მდგომარეობით ს. კ-ას მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. თუმცა საყურადღებოა, რომ რ. ლ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის პირვანდელი დაყოფის შემდგომ, 515 ნაკვეთის აღმოსავლეთით წარმოიქმნა 516 ნაკვეთი, რომელიც შემდგომში ორ ნაწილად - 517 და 518 ნაკვეთებად იქნა დაყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის მასალების მიხედვით, ორ ნაწილად იქნა დაყოფილი, თავის მხრივ, ს.კ. ... მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც წარმოიქმნა ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები. შემდგომში რამდენიმე ნაწილად გაიყო, ასევე, ... მიწის ნაკვეთიც, რის საფუძველზეც, ისინი დარეგისტრირდა ს.კ. ..., ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდებით.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის ორთოფოტოსა და სატელიტის მეშვეობით გადაღებულ ფოტოზე ასახული ვითარების განსხვავებულობის მტკიცებით კასატორი ცდილობს წარმოაჩინოს სადავო ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებაზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც დღეის მდგომარეობით ს. კ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ ხაზგასმით მიუთითებს, რომ როგორც 2010 წლის ორთოფოტოზე, ასევე, სატელიტის მეშვეობით გადაღებულ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ... მიწის ნაკვეთს (რომელიც მიღებულია ს.კ. ... მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად და შესაბამისად, წარმოადგენს რ. ლ-ის საკუთრებაში არსებული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს) ეტყობა ფლობა-სარგებლობის კვალი, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ხსენებული 525 კოდით აღრიცხული ნაკვეთი როგორც 2010 წლის, ასევე, შემდგომი მდგომარეობით შემოღობილია და მას ახალი გზა გარს უვლის ჩრდილოეთის მხრიდან. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია უცვლელად, ერთსა და იმავე ადგილას, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის შემდგომი დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების გასწვრივ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალი გზის წარმოშობა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ მიუთითებს რ. ლ-ის საკუთრებაში არსებული 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე, რამდენადაც აღნიშნული ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილები (მათ შორის, წინა რეგისტრაციის კოდით ...) როგორც 2010 წლის, ასევე, დღეის მდგომარეობით, უცვლელად, ერთსა და იმავე ადგილას არის რეგისტრირებული. შესაბამისად, რ. ლ-ის კუთვნილი 10 190 კვ.მ მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილებიც 525 კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გასწვრივ დასავლეთით, მიჯრით უნდა მდებარეობდეს. ამ მიწის ნაკვეთებს შორის იგულისხმება, მათ შორის, გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი - ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიც, რომელიც დღეის მდგომარეობით, ს. კ-ას სახელზე არის აღრიცხული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების უკანონობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა მისი კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოთხოვნილ ადგილას რეგისტრაციის საფუძველს, რამდენადაც, როგორც ზემოთ არაერთგზის იქნა მითითებული, აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია რ. ლ-ის კუთვნილი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, საქმის მასალების მიმოხილვა ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ ადგილი, სადაც კასატორი ითხოვს მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ექცევა ს. კ-ას საკუთრებაში რიცხული ს.კ. ... მიწის ნაკვეთის ფარგლებში. შესაბამისად, არსებული ზედდება გამორიცხავს მითითებულ ტერიტორიაზე ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო როგორც თავად კასატორის, ასევე, მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხსენებული შეფასება გულისხმობს უშუალოდ კასატორის მიერ მითითებულ ადგილას მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობას, თუმცა აღნიშნული შეფასება გავლენას არ ახდენს ჯ. ჩ-ის საკუთრების უფლებაზე, კერძოდ, არ ართმევს მას უფლებადამდგენი დოკუმენტებით საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის გამორკვევისა და შესაბამის ადგილას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე ნ. ლ-ეს (პ/ნ ...) 17.04.2024წ. #21446196903 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ნ. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. ნ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 17.04.2024წ. #21446196903 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე