Facebook Twitter

ბს-66 (კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ც-ემ 18.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2021წ. №... გადაწყვეტილების, 27.08.2021წ. №... გადაწყვეტილების, 03.09.2021წ. №... გადაწყვეტილების, 17.09.2021წ. №... გადაწყვეტილების, 18.10.2021წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ტ. ც-ის 11.08.2021წ. №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2022წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2022წ. გადაწყვეტილებით ტ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის როვნული სააგენტოს 17.08.2021წ. №..., 27.08.2021წ. №..., 03.09.2021წ. №..., 17.09.2021წ. №..., 18.10.2021წ. №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს დაევალა ტ. ც-ის 11.08.2021წ. №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2023წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ტ. ც-ემ 11.08.2021წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი - №...) დაყოფის რეგისტრაცია მოითხოვა. ტ. ც-ემ სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო წერილობითი განცხადება და შიდა აზომვითი ნახაზი. შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად განისაზღვრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ექვს ნაწილად დაყოფა. კერძოდ, გეგმაზე ფართები დაიშტრიხა ფერებში: ყვითლად დაშტრიხული ფართი №1 -16,36 კვ.მ.; წითლად დაშტრიხული ფართი №2 – 17,27 კვ.მ.; ლურჯად დაშტრიხული ფართი №3 – 14.29 კვ.მ.; მწვანედ დაშტრიხული ფართი №4 - 21,20 კვ.მ.; იასამნისფრად დაშტრიხული ფართი - №5 – 17,60 კვ.მ.; სტაფილოსფრად დაშტრიხული ფართი №6 – 12.28 კვ.მ.. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2021წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული, დაყოფის შედეგად წარმოშობილი 12.28 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. ამდენად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული განცხადების და დაყოფის აზომვითი ნახაზის, საერთო სარგებლობის ფართის გამოკლებით წარდგენა. ამასთან, მითითებულ იქნა, რომ ნახაზზე დატანილი წითლად მონიშნული 2.28 კვ.მ. და 15.32 კვ.მ. ფართები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ უფლების ობიექტებს და მათი ერთი უფლების ობიექტად რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ასევე, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ქირავნობის უფლება, ფართობის შემცირების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა დამქირავებლის თანხმობის წარდგენა. ტ. ც-ემ 23.08.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად განისაზღვრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის 7 ნაწილად დაყოფა. კერძოდ, გეგმაზე ფართები დაიშტრიხა ფერებში: ყვითლად დაშტრიხული ფართი №1 - 16,36 კვ.მ.; წითლად დაშტრიხული ფართი №2 – 17, 27 კვ.მ.; ლურჯად დაშტრიხული ფართი №3 – 14.29 კვ.მ.; მწვანედ დაშტრიხული ფართი №4 - 21,20 კვ.მ.; იასამნისფრად დაშტრიხული ფართი №5 – 15,32 კვ.მ.; სტაფილოსფრად დაშტრიხული ფართი №6 – 12.28 კვ.მ.; ცისფრად დაშტრიხული ფართი №7 – 2.28 კვ.მ.. საბოლოოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაყოფის შედეგად წარმოშობილი 12.28 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია შეუძლებელი იყო, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2021წ. გადაწყვეტილებით №... განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული 99 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის არა ერთიანი, არამედ რამდენიმე ერთეულად დაყოფილი ფორმით მისსავე საკუთრებად რეგისტრაცია, ხოლო 12.28 კვ.მ. დერეფანი მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არსებული 99.00 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე უძრავი ნივთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და არა საერთო სარგებლობის ფართს, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესის არარსებობის პირობებში დაუშვებელია მოსარჩელეს უარი ეთქვას საკუთრების ამგვარი ფორმით რეგისტრაციაზე, აღნიშნული უძრავი ქონების სამომავლოდ გასხვისების ჰიპოთეტურად დაშვებისა და დერეფნით სარგებლობასთან დაკავშირებით სამომავლო მესაკუთრეების სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ტ. ც-ის მიერ მოთხოვნილია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მათ შორის საერთოს სარგებლობის ფართობის) 7 ნაწილად - ბინა/ერთეულად დაყოფა და ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია. შიდა აზომვით ნახაზზე ასახული 12.28 კვ.მ. ფართი წარმოადგენს დაყოფის შედეგად მისაღები ბინა/ერთულებისათვის ერთდერთ მისასვლელ და საერთო სარგებლობის ობიექტს. ამდენად, აღნიშნული უძრავი ნივთი არ ექვემდებარება ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციას. კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაში კი მოიაზრება ნივთის შეუზღუდავად ფლობა, სარგებლობა და განკარგვა. მოთხოვნის შესაბამისად უძრავი ნივთის დაყოფის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეეძლება დაყოფის შედეგად მისაღები ფართების, მათ შორის საერთო სარგებლობის 12.28 კვ.მ-ის ცალ-ცალკე გასხვისება, ასეთი დაშვება კი სამოქალაქო ბრუნვისათვის ზიანის მომტანია, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნება დამოუკიდებელი უფლების ობიექტები, რომლებსაც არ ექნებათ აღნიშნულ ფართებში მისასვლელი, რაც მათ დანიშნულებისამებრ გამოყენებას საფრთხეს შეუქმნის. კასატორმა აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფის/გაერთიანების რეგისტრაცია წარმოებს უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება, რომ შენობა ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფა/გაერთიანება საფრთხეს არ შეუქმნის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მდგრადობას, საიმედოობას, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობას. ამდენად, კასატორი თვლის, რომ დაუშვებელია შიდა აზომვით ნახაზზე ასახული 12.28 კვ.მ. ფართის, როგორც დაყოფის შედეგად მისაღები ბინა/ერთულებისათვის ერთდერთი მისასვლელის და საერთო სარგებლობის ობიექტის, ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.02.2016წ. №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ი №47-ში (საკადასტრო კოდი - №...) მდებარე 99 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა ტ. ც-ის საკუთრების უფლება. ტ. ც-ემ 11.08.2021წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი - №...) დაყოფის რეგისტრაცია მოითხოვა. ტ. ც-ემ სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო წერილობითი განცხადება და შიდა აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2021წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული, დაყოფის შედეგად წარმოშობილი 12.28 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. ამდენად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული განცხადების და დაყოფის აზომვითი ნახაზის, საერთო სარგებლობის ფართის გამოკლებით წარდგენა. ამასთან, მითითებულ იქნა, რომ ნახაზზე დატანილი წითლად მონიშნული 2.28 კვ.მ. და 15.32 კვ.მ. ფართები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ უფლების ობიექტებს და მათი ერთი უფლების ობიექტად რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ასევე, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ქირავნობის უფლება, ფართობის შემცირების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა დამქირავებლის თანხმობის წარდგენა. ტ. ც-ემ 23.08.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად განისაზღვრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის 7 ნაწილად დაყოფა. ნახაზის მიხედვით ფართი №6 – 12.28 კვ.მ. ისევ ცალკე დაყოფის ობიექტს წარმოადგენდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.202წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადების შეჩერების საფუძველი არ იქნა აღმოფხვრილი. ტ. ც-ემ 31.08.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ წარდგენილ გეგმაზე მონიშნული 12.28 კვ.მ. ფართი არის მისი საკუთრება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.09.2021წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადების შეჩერების საფუძველი არ იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მხარეს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2021 წლის 17 სექტემბრამდე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2021წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტი/ინფორმაცია, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.10.2021წ. №... გადაწყვეტილებით ტ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები განსაზღვრულია "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21-ე მუხლით. აღნიშნულ მუხლზე ზოგადი მითითებით მარეგისტრირებელმა ორგანომ ტ. ც-ეს კორექტირებული ნახაზის წარმოდგენა დაავალა. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას 12.28 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის შეუძლებლობის თაობაზე. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაყოფის რეგისტრაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ტ. ც-ის საკუთრება მთლიანად არის განთავსებული მე-2 სართულზე. 12.28 კვ.მ. ფართი წარმოადგენს ტ. ც-ის საკუთრებაში არსებული 99 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის შემადგენელ ნაწილს იგი არც დაყოფამდე და არც დაყოფის შემდეგ არ ექცევა ამხანაგობის ან სხვა პირთა საკუთრებაში. ცალკეული უფლების ობიექტის გასხვისების შემთხვევაში, თუ ასეთს ექნება ადგილი, უძრავი ნივთის შემძენის სურვილზე, მოთხოვნებზე და მიზანზე იქნება დამოკიდებული თუ რა ფორმით გამოიყენებს შეძენილ ფართს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სამომავლო მესაკუთრის არარსებული უფლების დაცვის ხარჯზე ამჟამინდელი მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ქონების შემცირება და მისთვის საკუთრების უფლების განკარგვის შეზღუდვა დაუშვებელია და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დამცავი დებულებებიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. დასახელებული მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. პირის უფლება - დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით (უფლებაში ჩარევის საგამონაკლისო შემთხვევების გარდა), ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.2017წ. გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2023წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 27.12.2023წ. N61548 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი