Facebook Twitter

№ბს-482(კ-24) 27 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ც-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიმართ ჯარიმის - 28 000 ლარისა და მითითებული თანხის 30 %-ის - 8 400 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. ც-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. ც-ეზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 25 500 ლარისა და 28 000 ლარის 30 %-ის - 8 400 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის 15 პუნქტის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს. ამავე თავის 11 პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეზე ვრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 თავის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ, ფიქსირებულ თანხას და მასზე სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დებულების მე-18 თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის რაოდენობის 30%-მდე. შესაბამისად, კონტრაქტის 7.4 პუნქტისა და ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლო 8400 ლარი (28000 ლარის 30%) არის უკვე შემცირებული, რაც არ შეფასებულა სასამართლოს მიერ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის გაფრომდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 მარტის №896 ბრძანებით დამტკიცებული №19/47-ს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების (კონტრაქტის) მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს, შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება (კონტრაქტი), სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 9.1.1, 9.1.2, 9.1.3 პუნქტებით ვადამდე შეწყვეტისას. კონტრაქტის 7.4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის" მიერ 7.3 პუნქტში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულების ვადის ვადაგადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ 12-18); ბ) გ. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2022 წლის 1 აპრილს გაფორმდა №... შეთანხმების ოქმი კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.10 პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ (აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: გასცეს კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატი თუ სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით), რომელიც წარმოადგენს 2019 წლის 13 აგვისტოს № ... კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს (ს.ფ 19); გ) გ. ც-ემ 2023 წლის 30 იანვარს პატაკით მიმართა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას და ითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნა (ს.ფ 20-21); დ) სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით გ. ც-ეს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სახელობითი სიიდან 2023 წლის 3 თებერვლიდან, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) (ს.ფ 22-23).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების კანონიერება. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუსგ №ბს-175-173(კ-12) ,11.07.2012წ. ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გ. ც-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ც-ეს შორის გაფორებული კონტრაქტი. ამდენად, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №ბს-740-734(2კ-11) განჩინება).

საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, გ. ც-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე