№ბს-856(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ხ-ა, ნ. გ-ი, ნი. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ხ-ამ, ნ. გ-მა და ნი. გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 4 23 00001753 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების: თ. ხ-ას, ნ. გ-ის და ნი. გ-ის მიმართ ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ხ-ას, ნ. გ-ისა და ნი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 4 23 00001753 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების: თ. ხ-ას, ნ. გ-ის და ნი. გ-ის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 10 ოქტომბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, ორი და, ოთხი დისშვილი და დედა. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 7.00 ქულა: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები (1 წევრი) - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული, ნ. გ-ი - 3.00 ქულა.
მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შეივსო კითხვარი და მის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგები, ასევე შეივსო შესაბამისი ფორმები. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელის ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე - ...ი, სოფ. ...ი 2022 წლის 30 მარტს ჩაატარეს მონიტორინგი. მხარემ სამსახურს განუმარტა, რომ 2019 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ქირის გარეშე, მანამდე ცხოვრობდა მეუღლის მისამართზე თბილისში, ...ში, მანამდე კი, 1993-2013 წწ. ქუთაისში. გასაუბრებისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მის დას - ლ. შ-ეს გააჩნდა ორი საკუთრება ქუთაისსა და წყალტუბოში. ასევე, მის ყოფილ მეუღლეს, გ. გ-ს, გააჩნია ორი საკუთრება თბილისსა და ...ში. განმარტა, რომ ...ის მისამართზე არსებული საკუთრება მეუღლემ შეიძინა ქორწინების შემდგომ და განქორწინების შემდგომ გაყიდა, თუმცა დღემდე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელე და შვილები. დამატებითი მოკვლევის მიზნით, იმავე მისამართზე, 2023 წლის 4 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი. ადგილზე მისვლისას სახლში სამსახურს დახვდა თავად მოსარჩელე, მისი შვილები და მეუღლე. მისი განმარტებით, მეუღლე მოსული იყო შვილების სანახავად. მონიტორინგი განხორციელდა ასევე ქუთაისში, ...ის ქუჩა №11-ში. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა - ოჯახის ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი, არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, რის გამოც კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებითა და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები, ასევე საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კანონის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და იგი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თ. ხ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ 31); ბ) 2021 წლის 10 სექტემბერს თ. ხ-ას მიერ ოჯახის წევრებთან: ნი. გ-თან (შვილი) და ნ. გ-თან (შვილი) ერთად საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შევსებულია №70228 განაცხადი (ს.ფ 17-18); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ. ხ-ას განაცხადი შეფასდა 7 ქულით (1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები, 1 წევრი; 1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 3 ქულა - ნ. გ-ი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული). განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს რეგისტრირებული ორი შვილი, ორი და, ოთხი დისშვილი და დედა (სტატუსშეწყვეტილი). განაცხადი გაკეთებულია ორ შვილთან ერთად. განმცხადებლის სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ დას - ლ. შ-ეს გააჩნდა ორი საკუთრება. ორივე საკუთრება აღსრულების საფუძველზე ჩამოერთვა. განმცხადებლის არადევნილ ყოფილ მეუღლეს - გ. გ-ს გააჩნია საკუთრება: 1. მისამართი ქ. თბილისი, ...ი, მე-4 მ/რ, კორპ.15, ბინა 58ა, (45,01 კვ.მ); 2. ...ი, სოფელი ...ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, რომელიც გაასხვისა (ს.ფ 126-127); თ. ხ-ას შევსებული აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი 1993 წლიდან 2013 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში, ...ის ქუჩაზე №48-ში, ბებიის დასთან. 2013 წლიდან 2019 წლამდე ცხოვრობდა ყოფილი მეუღლის ბინაში მდებარე - ქ. თბილისი, ...ი მე-4 მ/რაიონი, კორპ. 15, ბინა 58, ხოლო 2019 წლიდან ცხოვრობს ...ში, სოფელ ...ში, დის მულის - ე. ბ-ის სახლში, ქირის გარეშე (ს.ფ 19-23, 35-38); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, განიხილა ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, თ. ხ-ას მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 39-49); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 4 23 00001753 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (№30 ოქმი), თ. ხ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებული პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 50).
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობაზე, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში, არ ნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელე მხარეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელე ნ. გ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, იგი საჭიროებს მკურნალობას და შესაბამისად, სტაბილურ საცხოვრებელს (ს.ფ 28). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსით დამატებით იქნა დადგენილი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაში გაცხადებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, გარდა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირის განაცხადის განხილვისას, ეკისრება აგრეთვე მისი საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა შესრულებული.
შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე