Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1054(კ-23) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. უ-ი, გ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. უ-ი, გ. ა-იმა 2022 წლის 31 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 აპრილის N10007601116 და N10007601117 გადაწყვეტილებების (დასკვნების) ბათილად ცნობა, სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიისათვის, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე N10007601116, N10007601117 განცხადებების განხილვის დავალება და საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წინაპირობების დადგენისათვის (ცოდნის დონით განსაზღვრის მიზნით) ნ. უ-ითან და გ. ა-ითან გასაუბრების პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის და ნ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ა-იმა და ნ. უ-იმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით გ. ა-ის და ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-იმა და ნ. უ-იმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით მათ, 2021 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების - სკაიპის გამოყენებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება და მოქალაქეობის განაცხადის ფორმაში მიუთითეს, რომ მოქალაქეობის მინიჭების წინაპირობების დადგენის მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა განმხილველი კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ცოდნის დონის შემოწმება პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით ვიზუალური კონტაქტის საშუალებით სურდათ. კასატორები მიუთითებენ, რომ დადგენილების შესაბამისად, განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისას მიუთითებს ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს, კერძოდ, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ცოდნის დონის შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. პანდემიიდან გამომდინარე, კასატორებმა არჩევანი სწორედ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ცოდნის დონის შემოწმებაზე შეაჩერეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაურკვეველი მიზეზებით განმცხადებლებს უარი უთხრა ამ ფორმით გასაუბრების ჩატარებაზე. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში (დასკვნებში) არც კი დაასაბუთა განმცხადებლებისათვის გასაუბრების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩატარებაზე უარი.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საფუძვლად დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა მიუთითა. კასატორთა მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი და არა დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე აღნიშვნით. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა დისკრეციული უფლებამოსილების არსი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორები ასევე მიუთითებენ მათ მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვის ვადის დარღვევაზე, უსაფუძვლოდ თვლიან სასამართლოს შეფასებას თითქოს სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით და დებულების მე-15.3 მუხლის საფუძველზე საქმისწარმოების ვადა შეჩერებული იყო, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ვადის დინება შეაჩერა განმცხადებლების საქართველოში ჩამოსვლამდე. აქედან გამომდინარე, კასატორების მითითებით, დარღვეულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26.1 მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორები ითხოვენ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ასეთ შემთხვევაში, მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის და ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის და ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. კანონის 3.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა ეს არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის მე-9 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, ხოლო მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნატურალიზაციის ერთ-ერთი სახეა: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან. ხსენებული კანონის 24.1. მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N1 დადგენილების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება, რომლითაც განისაზღვრა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესი.

ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა)მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. მე-7 მუხლის პირველი მეორე თანახმად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. მესამე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, რომელიც გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი წესით კანონის მე-12, მე-14, მე- 17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განცხადების რეგისტრაციისას, მიეთითება ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს განმცხადებელი. გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. მესამე პუნქტის თანახმად, ტესტირება ტარდება განცხადების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში ან საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენის შემთხვევაში. კომისიის მიერ შეიძლება დადგინდეს ტესტირების ჩატარების სხვა ადგილიც. მეხუთე პუნქტის თანახმად, ტესტირება, როგორც წესი, ტარდება ელექტრონულად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ობიექტური გარემოების გამო ტესტირების ელექტრონულად ჩატარება შეუძლებელია, ის შეიძლება ჩატარდეს მატერიალური ფორმით. მეშვიდე პუნქტის თანახმად, გასაუბრების გზით ცოდნის დონის შემოწმებისას, კომისია წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით არკვევს განმცხადებლის ცოდნის დონეს. მეცხრე პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას. ამავე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ნ. უ-იმა და გ. ა-იმა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს ელექტრონული კომუნიკაციის გზით მიმართეს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვეს. განმცხადებლების მიერ შევსებული განაცხადის ფორმების თანახმად, გ. ა-იმა და ნ. უ-იმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ცოდნის დონის შემოწმება პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით მოითხოვეს. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შემოწმების შემთხვევაში ირჩევდნენ გასაუბრების ფორმატს.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოთხოვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი სექტემბრის NSSG 42100120984 წერილით, ასევე, 2021 წლის 1 სექტემბრის N SSG 52100120679 წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გ. ა-ის და ნ. უ-ის მიმართ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 2 სექტემბრის NMIA82102318998 წერილით დასტურდება, რომ მითითებული პირების მიმართ დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.

2021 წლის 6 სექტემბრის N8962, N8963 სხდომის ოქმების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ იმსჯელა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების - ნ. უ-ის და გ. ა-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის თაობაზე და ამ მიზნით ნ. უ-ი და გ. ა-ი, დაბარებულ იქნენ გასაუბრებაზე.

2021 წლის 8 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მ. უ-იის მიერ წარდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების - ნ. უ-ისა და გ. ა-ის 2021 წლის 7 სექტემბრის განცხადებები, რომლითაც კვლავ იქნა მოთხოვნილი ცოდნის დონის შემოწმება პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით.

2021 წლის 22 ოქტომბერს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს განცხადებით მიმართეს ნ. უ-იმა და გ. ა-იმა, სადაც მიუთითეს, რომ ისინი ქ.თბილისში, 25 ოქტომბერს დანიშნულ გასაუბრებას ვერ დაესწრებოდნენ ვინაიდან, ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო არ ეძლეოდათ საშუალება საქართველოში შემოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, მოითხოვეს გასაუბრების გადადება და ცოდნის დონის შემოწმება ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით, პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით.

2022 წლის 25 მარტს ნ. უ-იმა და გ. ა-იმა განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მიუთითეს, რომ კოვიდ პანდემიის, რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და სოციალურ-ოჯახური პრობლემების გათვალისწინებით, მათთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული საქართველოში ჩამოსვლა, ხოლო ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო სამსახური ზეპირი ფორმით ცოდნის დონის შემოწმებას ვერ ახერხებდა, ვინაიდან, მოქალაქეობის განცხადებების 29-ე ველში ცოდნის დონის შემოწმების მხოლოდ გასაუბრების გზით შემოწმება ჰქონდათ არჩეული და მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ აპირებდნენ ფორმატის შეცვლას. მათთვის ცოდნის დონის შემოწმება მხოლოდ გასაუბრების გზით იყო მისაღები.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის N01/210378 წერილით, გ. ა-ისა და ნ. უ-ის ეცნობათ, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო, ხოლო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. ამავე წერილის თანახმად, განცხადების რეგისტრაციისას, მიეთითება ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს განმცხადებელი, ხოლო თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. თუმცა, ამავე დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს მასთან პირადად გასაუბრებას.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 14 აპრილის N3937, N3938 სხდომის ოქმების თანახმად, გ. ა-ის და ნ. უ-ის დაბარება გასაუბრებაზე არაერთხელ მოხდა, კერძოდ, 2021 წლის 25 ოქტომბერს, 2022 წლის 13 იანვარს, ხოლო 2022 წლის 16 მარტის წერილებით როგორც გ. ა-ის ასევე ნ. უ-ის ეცნობათ, რომ მათი კომისიის სხდომაზე დაბარება რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად არ გამოცხადებულან და ცოდნის დონის შესამოწმებლად კომისიის სხდომაზე საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებისთვის თითოეულ მათგანს მიეცა დამატებითი ვადა (წერილის ჩაბარებიდან 2 კვირა).

ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ განმცხადებლები გაეცნენ აღნიშნულ წერილებს, თუმცა განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად, არცერთი მათგანი, გასაუბრების გავლის მიზნით, არც მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისიის სხდომაზე და არც სხვა ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში არ გამოცხადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-ის და ნ. უ-ის, რამდენჯერმე მოწვევის მიუხედავად, ტესტირებაზე/გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ, შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად მათი ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის დონის შემოწმება ვერ განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის, გ. ა-ისა და ნ. უ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირების მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 19.9. მუხლის საფუძველზე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გ. ა-ის და ნ. უ-ის მიმართ არ არსებობდა მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და ამავე დადგენილების 19.13. მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება დაევალა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 აპრილის N1000760117 დასკვნის თანახმად, კომისიამ 14.04.2022 წლის სხდომაზე ნ. უ-ის ცოდნის დონის შეფასება ვერ მოახდინა, ვინაიდან პირი სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად კომისიამ მოამზადა უარყოფითი დასკვნა ნ. უ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 აპრილის N1000760116 დასკვნის თანახმად, კომისიამ 14.04.2022 წლის სხდომაზე გ. ა-ის ცოდნის დონის შეფასება ვერ მოახდინა, ვინაიდან პირი სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად კომისიამ მოამზადა უარყოფითი დასკვნა გ. ა-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 14 აპრილის N2604 წერილით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოდან გადაგზავნილ N1000760116 და N1000760117 უარყოფით დასკვნებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. უ-ისთვის და გ. ა-ისთვის, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მომზადებული უარყოფითი დასკვნების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქეობა წარმოადგენს პირსა და სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს, რომელიც აერთიანებს, როგორც უფლებებს ასევე ურთიერთვალდებულებებს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობისას დაცული უნდა იყოს ყველა ის პირობა და სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია მოქმედის კანონმდებლობით. როგორც ზემოაღნიშნული მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 19.2. მუხლი ითვალისწინებს, ცოდნის დონის შემოწმება შესაძლებელია ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. აღნიშნულის თაობაზე მიეთითება განცხადების რეგისტრაციისას. შესაბამისად, კანონმდებელი სწორედ განმცხადებელს ანიჭებს უფლებას აირჩიოს მისთვის სასურველი ფორმა ცოდნის დონის შემოწმებისთვის. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ასევე უთითებს რომ - გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის განმარტებას, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ამგვარი დათქმის არსებობა უპირობოდ არ წარმოშობს საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გასაუბრების არჩევის შემთხვევაში, ის ჩატარდეს აუცილებლად ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს სააგენტო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო, ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში, განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელება ან/და შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასაუბრების ჩატარება, წარმოადგენს გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევას, ხოლო განსახილველ საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, კომისიამ ჩათვალა საჭიროდ მხარეებთან პირადად გასაუბრება. ამ მიზნით რამდენჯერმე ჩაინიშნა სხდომა, თუმცა მხარეები ამის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადებულან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარეები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილ განცხადებებში სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებდნენ ზოგადად კოვიდ პანდემიას, თუმცა რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად პანდემიის გამო გამოცხადების შეუძლებლობა არ დაუსაბუთებიათ. მოსარჩელე მხარეებმა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიუთითეს იმ გარემოების შესახებ, რომ შეზღუდული იყო საჰაერო მიმოსვლა. შესაბამისად, მართებულია მოპასუხე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეების მხრიდან არ იქნა მითითებული გამოუცხადებლობის ობიექტური გარემოებები, რაც დადასტურებული იქნებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით და ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას მისცემდა განსახილველი შემთხვევა მიეჩნია განსაკუთრებულ (გამონაკლის) შემთხვევად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2022 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში არაერთხელ იქნა გადადებული სხდომა მოსარჩელეთა (კასატორთა) გამოუცხადებლობის გამო. ამდენად, დასტურდება სააგენტოს ძალისხმევა, მოსარჩელეები უზრუნველეყოთ სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობით. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.03.2022 წლის წერილით განმცხადებლებს დამატებით განემარტათ, რომ თუ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე ისინი ვერ ახერხებდნენ საქართველოში კომისიის სხდომაზე გამოცხადებას, ცოდნის დონის შემოწმება აგრეთვე შესაძლებელი იყო ტესტირების ფორმით ჩატარებულიყო საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (მათ შორის რუსეთშიც), განცხადების საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2009 წლის მარტის თვიდან, რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში მდებარე შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია (საქართველოს საკონსულო მოსკოვში), რომელიც განთავსებულია საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობაში. თუმცა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს არ უსარგებლიათ არცერთი შესაძლებლობით, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელეები არ გამოცხადდნენ სხდომაზე და სააგენტოს არ მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა მათი ცოდნის დონე საფუძვლიანია სააგენტოს გადაწყვეტილება უარყოფით დასკვნის მიღების თაობაზე.

ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელე (კასატორ) მხარეთა არგუმენტაცია განხილვის ვადის დარღვევის თაობაზე. მოქალაქეობის საკითხთა განმხილველი კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების 15.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების რეგისტრაციიდან 3 თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს მასთან პირადად გასაუბრებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დანიშნული სხდომა გადაიდო სხვადასხვა დროს და განსახილველ საკითხზე, აღნიშნულ სხდომებზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. სხდომების გადადების მიზანი, მოცემულ შემთხვევაში იყო მხარეთათვის სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობის მიცემა, ცოდნის დონის დადგენის მიზნით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, მსგავსად ქვედა ინსტანციის სასამართლოსი ვერ გაიზიარებს მოსარჩელე (კასატორ) მხარეთა ზემოაღნიშნულ პოზიციას ვინაიდან, მითითებული ნორმის თანახმად, სააგენტომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისათვის, აუცილებლად მიიჩნია განმცხადებლებთან პირადად გასაუბრება და ამ მიზნით დანიშნა სხდომა, რა დროსაც გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება შეჩერდა სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კერძოდ, განცხადების განხილვისას, გამოკვლეულია ერთი მხრივ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ

საქმეში არაა წარმოდგენილი და მოსარჩელეების მიერაც ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაშიც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ. უ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება;

3. მ. უ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. უ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 10 ოქტომბერს №18907218693 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70% - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე