საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-193(2კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (კასატორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია; მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. მ-ი; მესამე პირი - ა. მ-ა).
2021 წლის 5 აპრილს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის №ბ16.162036421 ბრძანების, 2020 წლის 9 ნოემბრის №18 მითითების, 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 დეკემბრის №ბ16.162036451 ბრძანება ნ. მ-ის დაჯარიმების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 ნოემბრის №18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის №18 შემოწმების აქტი; ამასთან, მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ნ. მ-მა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტუის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტო’’. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით გ. ს-ის, ლ. ე-ის, ს. რ-ისა და რ. ბ-ის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა საოქმო განჩინება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. მ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტომ’’.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორს – სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ბორჯომი; დაბა ბაკურიანი თამარ მეფის ქ. №1) 2024 წლის 1 აპრილს და ამავე წლის 2 აპრილს ჩაბარდა მათივე კანცელარიის თანამშრომელს - ნ. გ-ს (პ/ნ ...).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ბორჯომი; დაბა ბაკურიანი თამარ მეფის ქ. №1). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების ამსახველ შპს "...ის" ელექტრონულ ამონაწერზე, რომელიც ადასტურებს კასატორის - სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ კანცელარიის თანამშრომლის - ნ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ კორესპონდენციის 2024 წლის 2 აპრილს ჩაბარების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე მიმღების (ნ. გ-ის) მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. შესაბამისად, განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 3 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს 24 საათზე ამოიწურა. მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტომ’’ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა