Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-876(3კ-23) 15 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოპასუხეები (კასატორები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ე-ა, ე. ე-ა, ლ. ე-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 7 აგვისტოს გ. ე-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) გ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

2017 წლის 18 ოქტომბერს გ. ე-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს მთავრობა. ამასთან მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების, ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) გ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში გაიზარდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელე პირებად განისაზღვრნენ გ. ე-ა, ე. ე-ა და ლ. ე-ა. ასევე, კიდევ ერთხელ დაზუსტდა მოთხოვნა და სასარჩელო მოთხოვნად განისაზღვრა შემდეგი: საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა, 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას მიმართ) ბათილად ცნობა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად ქონების გადაცემაზე, გ. ე-ას ნ. ს-ასთან ცხოვრების ვალდებულების ნაწილში; გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და ამავე სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით (მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულება გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ეს შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1 (ს/კ ...), გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2019 წლის 8 აპრილს ჩაბარდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ გზავნილზე აღნიშნული ხელმოწერითა და დასმული ბეჭდით.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი, რაც მათ მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრების წარდგენით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კი სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ უსარგებლია თავისი საპროცესო უფლებამოსილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე