საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-889(3კ-23) 22 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოპასუხეები (კასატორები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი
მოწინააღმდეგე მხარეები - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა, მ. ფ-ა, არასრულწლოვანი ე. კ-ა (კანონიერი წარმომადგენელი მ. ფ-ა)
მესამე პირი - ვ. ფ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 18 ოქტომბერს ხ. ფ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი უფროსის ბ. ს-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14435 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხ. ფ-ას და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
2021 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელეებმა - ხ. ფ-ამ, გ. ფ-ამ, ლ. ფ-ამ, მ. ფ-ამ და ე. კ-ამ (კანონიერი წარმომადგენელი - მ. ფ-ა) დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სასარჩელო მოთხოვნად კი განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №03/15882 ბრძანების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის ხ. ფ-ას და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინეს კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ხ. ფ-ას, გ. ფ-ას, ლ. ფ-ას და მ. ფ-ას ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად ცნობასა და ვ. ფ-ას მათი ოჯახის უფროსად მითითების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის №11/06/01 2021 წლის 11 ივნისის განკარგულებისა და განკარგულების დანართის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის, პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ი. მ-სა და ვ. ფ-ას შორის 2019 წლის 19 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში სადაც ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად არასწორად არიან მითითებულნი ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა და ავალდებულებენ მას უზრუნველყოს იმავე საცხოვრებელი ფართით, რომელიც ამ ხელშეკრულებით გადაეცა ვ. ფ-ას; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მ. კ-ის 2021 წლის 14 სექტემბრის №03/15882 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ხ. ფ-ას და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა ვ. ფ-ა.
2022 წლის 12 ივლისს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და სასარჩელო მოთხოვნად განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა მითითებულნი არიან ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირებად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. ფ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების ბათილად ცნობა, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ვ. ფ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ფ-ას, გ. ფ-ას, ლ. ფ-ას, მ. ფ-ას და არასრულწლოვან ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა მითითებულნი არიან ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირებად. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. ფ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ვ. ფ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია, პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ფარგლებში, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქმეში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმის მექანიზმებს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად იმით განსხვავდება აუცილებელი მოწვევის მესამე პირისაგან, რომ მათი საქმეში მარტივი ფორმით ჩაბმა (ასკ-ის 16.1 მუხ.) საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა (ასკ-ის 16.2 მუხ.) კი - ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. განსხვავება მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობაშიც გამოიხატება. თუ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა მხოლოდ სამართლებრივი ინტერესი, აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმისას, მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია სამართალწარმოებისას მათი უფლებები და მოვალეობები. სწორედ ამას მოიაზრებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით განსაზღვრულია აუცილებელი მოწვევის მესამე პირის როლი - ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მქონე მესამე პირი, მარტივი მოწვევის მესამე პირისაგან განსხვავებით, აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. ამდენად, იგი არ სარგებლობს მხარის უფლებებით, კერძოდ, მას არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება, რადგან მოცემულ დავაზე იგი არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილე იმგვარ საპროცესო სუბიექტს, რომლის უფლებები ილახება და შესაბამისად, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტი, რაც მათ მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრების წარდგენით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კი სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სააგენტო საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაინც სახეზე იქნებოდა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკანონმდებლო წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე