საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-327(3კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (კასატორები (მოპასუხეები): აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია; მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ა-ე; მესამე პირები: სს ,,თ...’’ და ბ.გ-ე).
2021 წლის 8 სექტემბერს დ.ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეთა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის გამგებლის 2009 წლის 06 მარტის N01-13/76 წერილის ნაწილობრივ, 1000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 09 ოქტომბრის N10/1 განკარგულების ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, 1000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; აჭარის ა.რ. ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3576 წერილის ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დ.ა-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 06 მარტის N01-13/76 მიმართვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის N008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი N3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილება, თ.დ-ის განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის N008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი N3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 09 ოქტომბრის N10/1 განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის N008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი N3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3576 წერილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის N008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი N3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 ოქტომბრის ... გადაწყვეტილება მ.გ-ის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის - 46 798 მ2 მიწის ნაკვეთის დაყოფის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 33 786 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის N008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი N3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით კასატორს – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N22) 2024 წლის 1 აპრილს და ამავე წლის 2 აპრილს ჩაბარდა მათივე კანცელარიის თანამშრომელს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N22). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიის თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის 2024 წლის 2 აპრილს მიღების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე მიმღების მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია ხელმოწერითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით. შესაბამისად, განჩინებით ხარვეზების შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 3 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 12 აპრილს 24 საათზე ამოიწურა. მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსებისათვის განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა