№ბს-544(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ.ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - გ.ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...), 484.2 კვ.მ-ზე შენობა-ნაგებობებზე ცვლილების, ლ.ძ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ.ბ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ძ-მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ძ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გ.ბ-ემ 2008 წლის 30 აპრილის განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა შ.მ-ის სახელზე ტექ. აღრიცხვის სამსახურში რიცხული უძრავი ქონების ნაწილი, მისამართზე ..., ...ის ქ. №41ა-ში (მიწის ნაკვეთი 647 კვ.მ, საცხოვრებელი ფართით 42,95 კვ.მ, რომელიც მდებარეობს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და წარმოადგენს ერთ ოთახს და მის გასწვრივ მდებარე შუშაბანდს). შ.მ-ის უძრავი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ იყო და ისე მოხდა მისი აუქციონზე რეალიზაცია. საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული საკადასტრო გეგმით დასტურდება, რომ №1 შენობა-ნაგებობა სამსართულიანი შენობაა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ საჯარო იძულებით აუქციონზე რეალიზებულ იქნა ამ სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი და მის გასწვრივ მდებარე შუშაბანდი. საყურადღებოა, რომ არსებითი წინააღმდეგობაა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 30.04.2008 წლის №01/08-46 განკარგულებასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერს შორის, კერძოდ, განკარგულების თანახმად, შენობა-ნაგებობა ორსართულიანია, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერებით (საკადასტრო გეგმით) №1 შენობა-ნაგებობა სამსართულიანია. თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება წარმოადგენს გ.ბ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და საჯარო რეესტრს, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ზუსტად იმ სახით უნდა დაერეგისტრირებინა გ.ბ-ის საკუთრების უფლება, როგორც ეს უფლების დამდგენ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული.
სააპელაციო სასამართლომ თავისი მსჯელობით, მთელი შენობა-ნაგებობა სრულად განიხილა გ.ბ-ის საკუთრებად, მთელ შენობა-ნაგებობაზე გ.ბ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში. უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათების თანახმად, შენობა-ნაგებობის ფართი შეადგენს 527,15 კვ.მ-ს, საიდანაც გ.ბ-ემ იყიდა 42,95 კვ.მ, ხოლო 484,2 კვ.მ შენობა-ნაგებობების ფართი მას არ შეუძენია. შესაბამისად, ეს ფართი არ არის განკარგული არც იძულებით საჯარო აუქციონზე და არც სხვა რაიმე ფორმით და იგი წარმოადგენს შ.მ-ის დანაშთ სამკვიდრო უძრავ ქონებას.
სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ: ტექ. აღრიცხვის ბიუროში ლ.ძ-ის მამკვიდრებლის - შ.მ-ის სახელზე მომზადებულია ცნობა-დახასიათება, რომელშიც მითითებულია მასზე რიცხული სამსართულიანი შენობის ფართი, საიდანაც მხოლოდ 42,95 კვ.მ ფართი განიკარგა გ.ბ-ეზე. ასევე, შეფასების გარეშე დატოვა სასამართლომ ლ.ძ-ის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ლ.ძ-მა მემკვიდრეობით მიიღო შ.მ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები), მათ შორის, აქტივებში შემავალი შენობა-ნაგებობის ის დანარჩენი ნაწილი, რომელიც არ გაყიდულა იძულებით საჯარო აუქციონზე. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ თითქოსდა ლ.ძ-ის არ წარუდგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლ.ძ-ის მამკვიდრებელს არ ჰქონდა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის. ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ცალსახად დგინდება, რომ შ.მ-ის უძრავი ქონება სრულად არ არის განკარგული იძულებით საჯარო აუქციონზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის დანაწესზე. კანონით დადგენილი წესით აუქციონზე განიკარგა, რაც მტკიცებულებებითაც დასტურდება, მხოლოდ შენობა-ნაგებობის 527,15 კვ.მ ფართიდან ნაწილი - 42,95 კვ.მ ფართი. შენობა-ნაგებობის დანარჩენი 484,2 კვ.მ ფართი ცალკე უფლების ობიექტია. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, რომ არ არსებობდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს სწორედ ჩანაწერის პრეზუმფცია წარმოადგენს, რომლის საწინააღმდეგოდ ლ.ძ-ის მიერ წარდგენილია საფუძვლიანი და დასაბუთებული საჩივარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მოცემული გადაწყვეტილების დასაბუთებად 312-ე მუხლის ის დანაწესი, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა წარმოადგენს კანონის ზოგად დანაწესს, რომლითაც განმარტებულია უძრავი ნივთის ცნება. ამასთან, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის ნორმები, რომელიც ადგენს სახელმწიფო უწყების ვალდებულებას გადაწყვეტილებები მიიღოს გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და დაასაბუთოს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო სასამართლომ დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტი უნდა ცნოს ბათილად. სასამართლო ვალდებული იყო განემარტა მოცემული დავის ფარგლებში საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტები, იყო თუ არა წარდგენილი საჯარო რეესტრში სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს და საკმარისი იყო თუ არა ლ.ძ-ის მიერ მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციისათვის. სასამართლომ უსაფუძვლოდ განმარტა, რომ თითქოსდა ლ.ძ-ის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი უძრავი ქონება აღარ არის დარჩენილი და მისი მამკვიდრებლის შ.მ-ის მიერ სრულად განიკარგა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა 2009 წელს განხილული სხვა საქმე, სხვა დავის საგნით, სადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საპროცესო მხარეს არ წარმოადგენდა. დავა მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ.ბ-ეს შორის და ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება არა მხოლოდ არასწორია, არამედ სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ აკუთვნებს გ.ბ-ეს იმ ქონებას, რომელიც მას არც შეუძენია და არც მხარეთა შორის დავისას დადგენილა აღნიშნული. წინამდებარე დავაში სასამართლოს ვალდებულება იყო გაემიჯნა გ.ბ-ის მიერ შეძენილი 42,95 კვ.მ ფართი შენობის დანარჩენი ნაწილისგან, დაედგინა შ.მ-ის მემკვიდრის ლ.ძ-ის სასარგებლოდ შენობა-ნაგებობის რა ფართი დარჩა. სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, რომ გარდაცვლილი შ.მ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა თბილისი, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე 484 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ფართი, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას საჯარო რეესტრის მიერ, რადგან ცნობა-დახასიათება, სამკვიდრო მოწმობასთან ერთად წარმოადგენს სათანადო დოკუმენტებს. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, სადაც სასამართლო მიუთითებს სხვა დავის საგანზე, სხვა სარეგისტრაციო წარმოებასა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რომელიც კავშირში არ არის განსახილველი დავის საგანთან. ამავე დროს სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ გ.ბ-ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი ძალაშია და არ არის სადავო, მაშინ როდესაც სწორედ ეს ჩანაწერია სადავო და მასში შესატანი ცვლილების მოთხოვნით მიმდინარეობს განსახილველი დავა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ გ.ბ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტექ. ბიუროში შ.მ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება. ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათების თანახმად, შ.მ-ის სახელზე აღრიცხულია 1376 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი და 527,15 კვ.მ შენობა-ნაგებობები, ხოლო გ.ბ-ეზე საკუთრების უფლებითაა რეგისტრირებული 647 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და მაზე არსებული შენობა-ნაგებობა ფართის მითითების გარეშე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ძ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულების თანახმად, მოქალაქე შ.მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მის: ..., ...ის ქ. №41ა, მიწის ნაკვეთი 647 კვ.მ, საცხ. ფართით 42.95 კვ.მ, მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. საცხოვრებელი სახლი შედგება ერთი ოთახისაგან და მის გასწვრივ მდებარე შუშაბანდისაგან. მესაკუთრე 2008 წლის 30 აპრილს განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოქალაქე გ.ბ-ე. მოქალაქე გ.ბ-ემ უძრავი ქონება შეიძინა 35 000 ლარად (ტ.1, ს.ფ 175); ბ) 2008 წლის 25 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ.ბ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დარეგისტრირდა გ.ბ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადებული 01.07.2008წ.) თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა რეგისტრირებულია გ.ბ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის განკარგულება №01/08-46 (ტ.1, ს,ფ 169, 188, 183); გ) 2008 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შ.მ-მა მოპასუხის - თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინების თანახმად, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით შ.მ-ის კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება (ტ.2, ს.ფ 42-46, 39-41); დ) 2014 წლის 28 მარტს შ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სააღსრულებო ბიუროს მიერ, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, შ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 30 აპრილს ჩატარებული განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგები; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გ.ბ-ის სახელზე, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, 647,000 კვ.მ მიწის ფართის (ზონა თბილისი - ..., სექტორი ... - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №...) და 526,97 კვ.მ შენობა-ნაგებობის 2008 წლის 1 ივლისის რეგისტრაცია. მოსარჩელე ასევე ითხოვდა, დავალებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უძრავი ქონება მთლიანად საკუთრების უფლებით შ.მ-ის სახელზე აღირიცხებოდა. 08.04.2014 წელს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, შ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 30 აპრილს ჩატარებული განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგები; კონკრეტულად, ბათილად იქნეს ცნობილი განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის 2008 წლის 30 აპრილის ოქმი და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გ.ბ-ის სახელზე, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, 647,000 კვ.მ მიწის ფართის (ზონა თბილისი - ..., სექტორი ... - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №...) და 526,97 კვ.მ. შენობა-ნაგებობის 2008 წლის 1 ივლისის №... რეგისტრაციის გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღნიშნული უძრავი ქონება, მთლიანად, საკუთრების უფლებით აღირიცხოს შ.მ-ის სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, შ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 30 აპრილს ჩატარებული განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, კონკრეტულად, განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის 2008 წლის 30 აპრილის ოქმის და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - გ.ბ-ის სახელზე, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, 647,000 კვ.მ მიწის ფართის (ზონა თბილისი - .., სექტორი ... - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №...) და 526,97 კვ.მ შენობა-ნაგებობის 2008 წლის 1 ივლისის №... რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება (ტ.2, ს.ფ 11-18); ე) 2018 წლის 24 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა . სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება. განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები, შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დადგინდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბერს წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 196-212); ვ) 2019 წლის 5 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ლ.ძ-ი არის 2016 წლის 28 ივლისს გარდაცვლილი შ.მ-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის სამკვიდრო ქონებაში შემავალი ყველა და ნებისმიერი ქონება, მათ შორის: აქტივები, მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონება, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ ხელფასზე, პენსიაზე, სტიპენდიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე (ტ.1, ს.ფ 191-194); ზ) 2019 წლის 29 ნოემბერს ლ.ძ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკ. კოდი:...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. განცხადებას თან დაერთო სამკვიდრო მოწმობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის განკარგულება, ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, შიდა აზომვითი ნახაზები, მინდობილობა (ტ.1, ს.ფ 190-232); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და დასაზუსტებელი იყო სარეგისტრაციო მოთხოვნის შინაარსი. 2019 წლის 20 დეკემბერს საჯარო რეესტრს წარედგინა ლ.ძ-ის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც განიმარტა, რომ ლ.ძ-ის სარეგისტრაციო მოთხოვნა იყო ტექ. აღრიცხვის სამსახურის ცნობა-დახასიათებაში მითითებული შენობა-ნაგებობის ნაწილში ცვლილების რეგისტრაცია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ არსებული მდგომარეობით, შენობა-ნაგებობებიდან განკარგული იყო გ.ბ-ზე 42,95 კვ.მ, ხოლო დარჩენილი ფართი წარმოადგენდა ლ.ძ-ის სამკვიდრო ქონებას, რაზეც უნდა განხორციელებულიყო მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად დასაზუსტებელი იყო სარეგისტრაციო მოთხოვნის შინაარსი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 დეკემბრის №...- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო რეგისტრირებული მესაკუთრის თანხმობა მოცემული ფორმით ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან მოთხოვნილი იყო ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და წარდგენილი იყო შიდა აზომვითი ნახაზი, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო რეგისტრირებული მესაკუთრის თანხმობა მოცემული ფორმით ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ 233-234, 238, 244, 250-251, 252); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 იანვრის №...- გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ტ.1, ს.ფ 253); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ძ-ის წარმომადგენლის ნ.ო-ის №63989/17 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...- (28.01.2020 წ.) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.01.2020 წ.) გადაწყვეტილებები. დაევალა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.13 პუნქტის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ცენტრალიზებულ სარეგისტრაციო სამსახურს დაინტერესებული პირისთვის მოეთხოვა არა უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა, არამედ სამართლებრივი აქტი (სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების ან/და რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შესახებ, მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულება და სხვა), რომელიც დაადასტურებდა/წარმოშობდა საჩივრის ავტორის უფლებას ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ცენტრალიზებულ სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების 4.2.12 პუნქტის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ 261-265); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №...- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის განაცხადზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულებით გ.ბ-ე გახდა შ.მ-ის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №41ა-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე სრულად. ამასთან, არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი და ვერც ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციას. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., რეგისტრაციის თარიღი 05.04.2019 წ. ნოტარიუსი ც.ბ-ე) საფუძველზე ლ.ძ-ი ვერ შეძლებდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან მის მამკვიდრებელს სრულად ჰქონდა განკარგული აღნიშნული ნივთი. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით სამართლებრივი აქტი (სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების ან/და რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შესახებ, მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულება და სხვა), რომელიც დაადასტურებდა/წარმოშობდა დაინტერესებული პირის უფლებას ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით უნდა წარედგინა სამართლებრივი აქტი (სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების ან/და რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შესახებ, მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულება და სხვა), რომელიც დაადასტურებდა/წარმოშობდა დაინტერესებული პირის უფლებას ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე (ტ.1, ს.ფ 266, 269-270, 304-305); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ტ.1, ს.ფ 308); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის წარმომადგენლის - ნ.ო-ის №212945/17 (06.07.2020 წ.) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 317-322).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული გ.ბ-ის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობები სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის/სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შუამდგომლობების საფუძვლიანობის გამორკვევა გავლენას ახდენს განსახილველი დავის შედეგზე, საკასაციო პალატა თავდაპირველად იმსჯელებს სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობებზე.
როგორც აღინიშნა, გ.ბ-ის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში) საფუძველზე.
გ.ბ-ე ასევე შუამდგომლობს სარჩელის განუხილველად დატოვებას სასკ-ის 22-ე მუხლზე მითითებით და განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში 1 თვის ვადაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, შ.მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, 2008 წლის 30 აპრილს ჩატარებული განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, კონკრეტულად, განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის 2008 წლის 30 აპრილის ოქმის და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - გ.ბ-ის სახელზე, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, 647,000 კვ.მ მიწის ფართის (ზონა თბილისი - .., სექტორი ... - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №...) და 526,97 კვ.მ შენობა-ნაგებობის 2008 წლის 1 ივლისის №... რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. წინამდებარე საქმეზე ლ.ძ-ის სასარჩელო მოთხოვნები არის: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...), 484.2 კვ.მ-ზე შენობა-ნაგებობებზე ცვლილების, ლ.ძ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
ამასთან დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს ლ.ძ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკ. კოდი:...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის სარეგისტრაციო განაცხადზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით ლ.ძ-ის წარმომადგენლის - ნ.ო-ის №212945/17 (06.07.2020 წ.) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც გამორიცხავს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გ.ბ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
რაც შეეხება გ.ბ-ის შუამდგომლობას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების გარეშე პირდაპირ სასამართლო წესით გასაჩივრება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ თუნდაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს. ზემოდასახელებული ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას (სუსგ №ბს-1695-1651(კ-10), 25.05.2011წ. და №ბს-408-403(2კ-14), 14.07.2015წ.).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, არამედ ცვლილების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსარჩელემ გამოიყენა ადმინისტრაციული აქტის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია გ.ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ.ძ-ის მიერ მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს ლ.ძ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №41ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკ. კოდი:...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. განცხადებას თან დაერთო სამკვიდრო მოწმობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის განკარგულება, ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, შიდა აზომვითი ნახაზები, მინდობილობა. მოსარჩელის მოსაზრებით, შენობა-ნაგებობიდან აუქციონის ფარგლებში განიკარგა 42.95 კვ.მ, რომლის შემძენიც გახდა გ.ბ-ე, ხოლო შენობის დარჩენილი ფართობი წარმოადგენს ლ.ძ-ის სამკვიდრო ქონებას და მასზე უნდა განხორციელდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით სამართლებრივი აქტი (სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების ან/და რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შესახებ, მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულება და სხვა), რომელიც დაადასტურებდა/წარმოშობდა დაინტერესებული პირის უფლებას ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდება მტკიცების ვალდებულებისა და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისაგან.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადებული 01.07.2008წ.) თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა რეგისტრირებულია გ.ბ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის განკარგულება №01/08-46. 2008 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შ.მ-მა (ლ.ძ-ის მამკვიდრებელი) მოპასუხის - თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინების თანახმად, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. შ.მ-მა ასევე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის 2008 წლის 30 აპრილის ოქმი და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 30 აპრილის №01/08-46 განკარგულება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გ.ბ-ის სახელზე, ..., ...ის ქ. №41ა-ში მდებარე, 647,000 კვ.მ მიწის ფართის (ზონა თბილისი - .., სექტორი ... - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №...) და 526,97 კვ.მ. შენობა-ნაგებობის 2008 წლის 1 ივლისის №... რეგისტრაციის გადაწყვეტილება; 3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღნიშნული უძრავი ქონება, მთლიანად, საკუთრების უფლებით აღირიცხოს შ.მ-ის სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მისი კანონით დაცული უფლებების ხელყოფის ფაქტი, ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ გ.ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ..., ქუჩა ... (ყოფ. ...ის) №41ა, დაზუსტებული ფართობი 647 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №..., რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. ლ.ძ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე