საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-949(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ. ს-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ. ს-იმა 2020 წლის 28 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. 2021 წლის 10 ივნისის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და მოსარჩელემ მოითხოვა რ. ს-ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის კომპენსაციის გაცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, რ. ს-ი დაიბადა ლენინგორის რაიონში (ამჟამად ახალგორის რაიონი). 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად იგი არის დევნილი, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...დან, სადაც გააჩნდა საცხოვრებელი სახლი. მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს ქ. კასპში, ...ს N...-ში. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 ოქტომბრის N667 განკარგულებით განსაზღვრული სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, ეტაპობრივი შესაბამისი გადაწყვეტილებებით (25.12.2008 წლის N915, 19.02.2009 წლის N127, 24.07.2009 წლის N534 და 03.07.2010 წლის N856 განკარგულებები) ბიუჯეტიდან გამოყო საკომპენსაციო თანხა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც უარი განაცხადეს საცხოვრებელი დანიშნულებით რეაბილიტირებული, ან საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, თითოეულ დაზარალებულ ოჯახზე 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენებით. აღნიშნული თანხის მისაღებად 2018 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციის გადაცემა, თუმცა იმ საფუძვლით, რომ მას მიღებული აქვს საკომპენსაციო თანხა, სამინისტროდან მიიღო უარყოფითი პასუხი. თანხის მიღებას არ ადასტურებს სს „ლ...“, რომელიც ახორციელებდა საკომპენსაციო თანხების გადაცემას. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ კომპენსაციის გაცემა მოპასუხის მიერ ვერ დადასტურდა, რაც სარჩელის საფუძვლიანობაზე მიუთითებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მხარის ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილ CD დისკზე ჩაწერილი ვიდეო მასალის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2008-2009 წლებში ინფორმირებული იყო კომპენსაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 28 იანვარს. სასამართლოს შეფასებით, თუ მხარეს მიაჩნდა, რომ მოპასუხისგან განხორციელდა უკანონო ქმედება, რაც გამოიხატა საკომპენსაციო თანხის მიუღებლობით, მას უფლება ჰქონდა თანხის არ გადაცემიდან უახლოს პერიოდში მიემართა სასამართლოსათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - რ. ს-ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის კომპენსაციის გაცემა გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - რ. ს-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ რ. ს-ი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915, 2009 წლის 24 ივლისის N534 და 2010 წლის 3 ივლისის N856 განკარგულებების ბენეფიციარს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე, ხოლო საკომპენსაციო თანხის ოდენობად ერთ ოჯახზე განისაზღვრა 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მითითებული განკარგულებები არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის თაობაზე, რომ ხსენებული კომპენსაციის მისაღებად კონკრეტული დრო იყო განსაზღვრული და მხარეს რაიმე ვადაში უნდა ესარგებლა მისით. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ რ. ს-ი შეტანილი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისათვის გადაგზავნილ სიებში (ს.ფ. 161-172) და განხორციელებული აქვს საჭირო მოქმედება, კერძოდ გამოხატული აქვს თანხმობა კომპენსაციის მიღებაზე, ამდენად, სათანადო ნორმატიული საფუძვლის გარეშე ხანდაზმულობაზე მითითებით, საკომპენსაციო თანხის დევნილი პირისთვის გადაცემაზე უარი წარმოადგენდა დევნილი პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელ შელახვას.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ერთჯერად გასაცემელზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა. კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 6.3 მუხ.), რაც ადასტურებს პირის უფლებას ხანდაზმულობის საერთო ვადის მიუხედავად, კომპენსაციის გაცემის საფუძვლების არსებობისას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დანიშვნა. მსგავსი დანაწესი არ არსებობს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნის უფლებასთან მიმართებით, რის გამო მასზე ხანდაზმულობის საერთო ვადა ვრცელდება (სუსგ ბს-475(კ-19) 13 ივლისი, 2022წ.) მოცემულ შემთხვევაში, თავისი არსით დასახელებული 10 000 აშშ დოლარიანი კომპენსაცია წარმოადგენს არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ კომპენსაციას, რომელიც ამავე კანონით განიმარტება, როგორც პერიოდული გასაცემელი, არამედ ერთჯერად დახმარებას. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თუნდაც წინამდებარე საქმეზე რელევანტური იყოს ხანდაზმულობაზე მსჯელობა, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული საქმის ინდივიდუალურ გარემოებები, რომლის მიხედვითაც სადავო არ არის, რომ რ. ს-ი წარმოადგენს დახმარების მიმღებ პირს. პრობლემა წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ სამინისტროს მონაცემებით რ. ს-ი ითვლებოდა კომპენსირებულად - ანუ დაკმაყოფილებულ პირად მაშინ, როდესაც მას აღნიშნული დახმარება რეალურად არ მიუღია. ხოლო საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით (ს.ფ. 22), რაც სააპელაციო პალატის შეფასებით გამორიცხავდა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულება წარმოადგენს ერთჯერადად აღსასრულებელ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო სწორედ იმ პერიოდში აღსასრულებლად, რაც ასევე დასტურდება მითითებული განკარგულების მე-4 პუნქტით, სადაც აღნიშნულია, რომ საკომპენსაციო თანხის გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყო 10 190 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამდენად, 2008-2009 წლებში გამოცემული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა გათვალისწინებული იყო ამავე წლების ბიუჯეტით და აღსრულებაც იმავე პერიოდში უნდა განხორციელებულიყო, შესაბამისად, კასატორის მტკიცებით უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ვინაიდან განკარგულება არ შეიცავდა მითითებას კომპენსაციის მისაღებად კონკრეტული დროის განსაზღვრის შესახებ, არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადა. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ რ. ს-ისთვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2008-2009 წლებში, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2020 წლის 28 იანვარს, 12 წლის შემდგომ, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს დევნილი პირი შესაბამისი პირობებით, არ შეიძლება გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის განმარტებით, დევნილი პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს და სახელმწიფო სრულად იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, თუმცა აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელია არ გავრცელდეს დევნილ პირებზე, როგორც სხვა დანარჩენ პირებზე კანონი და კანონის დანაწესი. ამასთან, მოსარჩელე მხარე ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია და მიღებული აქვს კომპენსაციის სახით თანხა, შესაბამისად, გაუგებარია მისი მტკიცება მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო დევნილთა დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ასევე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 მარტის N292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9. პუნქტის მიხედვით: ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან დევნილი გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ამრიგად, მოსარჩელე სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე უზრუნველყოფილია და მის მიმართ ვერ განხორციელდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულებაზე, რომლითაც განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისთვის დამატებითი ღონისძიებები; კერძოდ, აღნიშნული განკარგულების 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით (ერთ ოჯახზე 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით) უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ანალოგიურად აწესრიგებდა საკითხს 2009 წლის 24 ივლისის N534 და 2010 წლის 3 ივლისის N856 განკარგულებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ხსენებული განკარგულებები მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დროულ განსახლებას, მათ დარღვეულ უფლებებზე სწრაფ რეაგირებას. ეს იყო სპეციალური ღონისძიება, რომელიც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირებს ანიჭებდა გარკვეულ უპირატესობას და სწორედ მათთვის ითვალისწინებდა საკომპენსაციო თანხის გაცემას. ამრიგად, საკომპენსაციო თანხის მისაღებად გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა: პირი უნდა ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და უარი უნდა ჰქონოდა ნათქვამი სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე საკომპენსაციო თანხის მიღების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რ. ს-ი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით (10000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში) დასაკმაყოფილებელ ბენეფიციარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2021 წლის 9 ნოემბრის N2-0670 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არის დაცული რ. ს-ის მიერ საკომპენსაციო თანხის მიღების და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სს „ლ...ის 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით დასტურდება, რომ რ. ს-ის ანგარიშზე არ ფიქსირდება საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის (10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ეროვნული კურსით) ჩარიცხვა (ტ.1, ს.ფ. 156). ასევე საქმეში წარმოდგენილია cd დისკი, რომელშიც დაფიქსირებულია მოსარჩელის ვიდეო ჩანაწერი თარიღის მითითების გარეშე. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელე თანხმობას აცხადებს (კითხულობს წინასწარ შედგენილ ტექსტს) საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში სანაცვლოდ უარი თქვას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამასთან ბანკში გახსნილ ანგარიშზე ამ თანხის ჩარიცხვიდან სამ დღეში გაეთავისუფლებინა დაკავებული სახელმწიფო საკუთრება, რაც არ ადასტურებს თანხის ჩარიცხვას მის ანგარიშზე.
ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ რ. ს-ი წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე ოჯახს და შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაერიცხა მისთვის კომპენსაციის თანხა - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ განუხორციელებია. შესაბამისად ცალსახაა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915, 2009 წლის 24 ივლისის N534 და 2010 წლის 3 ივლისის N856 განკარგულებები საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელესთან მიმართებაში არ აღსრულებულა. ამდენად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადის გასვლის მოტივით სარჩელის უსაფუძვლობაზე.
პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მას თავად ევალება შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ასეთ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი, არამედ ის ხარჯები, რომლებიც მხარეებმა გაიღეს ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას. ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის და მაქსიმალური თანხის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 11.02.08წ. Nას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე, ზღვრული თანხის ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ. (სუსგ 14.07.2016წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15)). მხარეთა შორის ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების ღირებულება მავალდებულებელია თვითონ მხარეებისთვის და არა სასამართლოსთვის.
საქმეში წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებითა (ს.ფ.80-82) და მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლით (ს.ფ.83) დადასტურებულია, რომ რ. ს-იმა ზ. მ-ისა და რ. გ-ის აუნაზღაურა საადვოკატო მომსახურების საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე მიღებულია ახალი გადაწყვეტილება, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელე - რ. ს-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის დაკისრებას, რაც ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა