Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-641 (კ-24) 24 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ.გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024წ. განჩინებით ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა" და გ.გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2022წ. გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ.გ-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2020 წლის 10 ნოემბრის N01-06/674 დადგენილება, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N11/34-ში, გ.გ-ის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) დავალების ნაწილში. გ.გ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.გ-ის წარმომადგენელმა რ.ც-ემ. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა გ.გ-ის წარმომადგენელს რ.ც-ეს და ჩაბარდა რ.ც-ეს 10.05.2024წ. პირადად (ს.ფ. 264). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 31.05.2024წ. (პარასკევი) 24 საათი. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი შედგენილია 04.06.2024წ., ხოლო ფოსტაში საჩივრის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ გ.გ-ის საკასაციო საჩივარი საფოსტო სამსახურისთვის წარდგენილია 05.06.2024წ. (ს.ფ.275).

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024წ. განჩინება გ.გ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი