განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-1310(გ-23) 11 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ბ. ი-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბ. ი-იმა წარმომადგენლის მეშვეობით 2018 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად განსაზღვრა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, ხოლო სარჩელით მოითხოვა „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აპრილის №MIA 8 18 00870702 ბრძანებისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) გამტარი პუნქტის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებისა და პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მოსარჩელისათვის გადაცემისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარის თქმის მიზეზების განმარტების დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ბ. ი-ისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ბ. ი-ი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან. ჰყავს ნათესავები, მათ შორის, დები. 1997 წლიდან 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით არაერთგზის აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი ს.ს.კ.გ. „...“-ს, ს.ს.კ.გ. „...“-ს, ს.ს.კ.გ. „...“-ს, ს.ს.კ.გ. „...“-სა და ს.ს.კ.გ. „...“-ს გავლით. 2014 წლის 22 სექტემბრის შემდეგ ბ. ი-ის არაერთგზის სურდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ არ მიეცა უფლება საქართველოს საზღვრის კვეთის, რაც არ ისახება ცნობაში საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ. 2018 წლის 22 თებერვალს ბ. ი-იმა კიდევ ერთხელ სცადა გადმოეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, თუმცა მას რაიმე დოკუმენტი, რის გამოც არ დართეს ნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისა, არ გადასცემია. აღნიშნული გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აპრილის №MIA 8 18 00870702 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საფუძვლად მითითებული იქნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ გადასცა მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) გამტარი პუნქტის 22.02.2018წ. აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით, ბ. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის შედეგად მიღებული აქტი, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავდა სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით (მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო მის: მცხეთა, ანტიოქსიის ქ. №3). სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა ტერიტორიული ორგანოს აქტის კანონიერება, შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს აქტი ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, ზემდგომი ორგანოს აქტს მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნდა დამოუკიდებელი მნიშვნელობა, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტი განიხილება არსებით აქტთან ერთად. შესაბამისად, დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სწორედ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისი სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.09.2007წ. №1/15-2007 გადაწყვეტილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ...ს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. სასამართლოს მითითებით სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის თავდაპირველი აქტის გამომცემი მხარე, მოცემულ შემთხვევაში - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია წარმოადგენდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი და წინამდებარე საქმის მსგავსი (იდენტური) კატეგორიის საქმეები, რომლებზედაც დავის საგანი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საკითხის კანონიერების კვლევას, განსჯად სასამართლოდ მიჩნეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. შესაბამისად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო არსებითი გადაწყვეტილება, ხოლო, ვინაიდან საქმის განსახილველად კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებული იყო, სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-430(გ-19), 28.05.2020წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს (სუსგ. №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.). განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილია შეცილებითი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აპრილის №MIA 8 18 00870702 ბრძანებისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) გამტარი პუნქტის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებისა და პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მოსარჩელისათვის გადაცემისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარის თქმის მიზეზების განმარტების დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ბ. ი-ისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.), აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა (სუსგ. №ბს-1000(გ-19), 19.12.2023წ.).
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. საქალაქო სასამართლოს მიერ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას სრულად უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ ბ. ი-ი ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხ.). საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ აქტის მართლზომიერების დადგენასთან დაკავშირებული დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, შესაბამისად, იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენისას ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელი (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №38). ამრიგად, მართებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, დადგენილ განსჯადობის წესზე გავლენას ვერ იქონიებს პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სადავოობა, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. №53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მე-11 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ცალკეულ სამსახურებს (პირველადი აქტის გამომცემი სტრუქტურული ერთეული) დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და დეპარტამენტის სახელით. შესაბამისად, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 22.02.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც განსჯად სასამართლოდ განისაზღვრება თბილისის საქალაქო სასამართლო, რამდენადაც სარჩელში მოპასუხედ მართებულადაა მითითებული არა სტრუქტურული ერთეული, არამედ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ანალოგიურ საკითხზე იხ. სუსგ საქმეზე №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.; №ბს-959(კ-21), 29.07.2022წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ი-ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ი-ის სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე