Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1198(კ-23) 10 ივნისი 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. წ-ი, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 სექტემბერს ი. წ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 23 აგვისტოს N37-0121235806 წერილის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 აგვისტოს N37-0121235806 აქტი და დასახელებულ თანამდებობის პირს დაევალა, საქმის არსებითი განხილვის შედეგად მასთან წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უნდა გადაწყდეს. სასამართლოს მსჯელობით, კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში გამგეობის ჩართულობის შესახებ მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადგინოს საჯარო რეესტრში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა), გარდა ამისა გამგეობის უფლებამოსილებაში შედის იმის გადამოწმება, ზოგადად კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას, რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ნაკვეთზე, მოწმეთა ჩვენებებით, მოძიებული დოკუმენტაციით ან წარმოების განმავლობაში გამოკვლეული ინფორმაციის შედეგად შესაძლებელია თუ არა დადგინდეს დაინტერესებული პირის უფლება სადავო ქონებაზე.

პალატის მსჯელობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, როგორც კანონისმიერად ვალდებული ორგანო, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა დაადგინოს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულ მიწის ნაკვეთთან, ვალდებულია აღნიშნულ პროცესში მხედველობაში მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებული ის ჩანაწერი, რომ გარდაბნის რაიონიდან არ მომხდარა სამგორის რაიონის გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არ ფლობს ინფორმაციას 2014 წლამდე ამ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ, პალატის მსჯელობით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი მხოლოდ ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს.

პალატამ ასევე იმსჯელა ი. წ-ის მოთხოვნაზე - სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში და სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების, 2022 წლის 30 მარტის მინდობილობის, იურიდიული და საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ 2023 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ადვოკატის მომსახურების საფასური სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეადგენდა 1000 (ათასი) ლარს. დავის საგნის (საქმის კატეგორიას), საქმის სირთულის, წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ მოქმედებების, განხილვის ხანგრძლივობისა და საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორის მსჯელობით, მუნიციპალიტეტის წერილი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად არ წარმოადგენს რაიმე სახის შემზღუდველ გარემოებას. მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე იწყებს გამგეობა ადმინისტრაციულ წარმოებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი მოხდა მხოლოდ გამგეობის წერილის გაბათილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 23 აგვისტოს N37-0121235806 წერილის კანონიერება, შესაბამისად მსჯელობის საგანია არსებობს თუ არა ი. წ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ან დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთს.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 27 თებერვალს ი. წ-იმა N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის დასახლების ტერიტორიაზე, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 549 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის N...-03 გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ი. წ-ის N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული იქნებოდა ცნობა - შესაბამისი ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის N... წერილით ი. წ-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად გადაეგზავნა სამგორის რაიონის გამგეობას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 აგვისტოს N37-0121235806 წერილით განიმარტა, რომ შეუძლებელი იყო, განსახილველ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შედგენილიყო ცნობა მისი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის დადასტურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამგორის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემ ორგანოს, მას არ ჰქონდა შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავდა ასეთი მეხსიერების მქონე თანამშრომელი. ამავე წერილით განიმარტა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა შეიქმნა თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N1-4 გადაწყვეტილებით, მასზე ახალი ტერიტორიების შეერთება მოხდა თბილისის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-41 დადგენილებით, გარდაბნის რაიონიდან კი შესაბამისი სოფლის საკრებულოს საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთების მიღება - ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტები არ შესულა (არ იყო დაცული).

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა მიუთითებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს; ამავე კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს - ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უნდა გადაწყდეს. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში გამგეობის ჩართულობის შესახებ მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადგინოს საჯარო რეესტრში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა), გარდა ამისა გამგეობის უფლებამოსილებაში შედის იმის გადამოწმება, ზოგადად კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას, რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ნაკვეთზე, მოწმეთა ჩვენებებით, მოძიებული დოკუმენტაციით ან წარმოების განმავლობაში გამოკვლეული ინფორმაციის შედეგად შესაძლებელია თუ არა დადგინდეს დაინტერესებული პირის უფლება სადავო ქონებაზე.

მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სადავო წერილი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილ პირს ადგილზე დათვალიერებით უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის რეალური მდებარეობა, შეესწავლა ფაქტობრივი მდგომარეობა და ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკვლია სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო პალატის მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, როგორც კანონისმიერად ვალდებული ორგანო, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა დაადგინოს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულ მიწის ნაკვეთთან, ვალდებულია ამ პროცესში მხედველობაში მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებული ის ჩანაწერი, რომ გარდაბნის რაიონიდან არ განხორციელდა სამგორის რაიონის გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არ ფლობს ინფორმაციას 2014 წლამდე ამ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი ფორმალურ მიდგომაზე მიუთითებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს სზაკ-ის 95-97-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვიტოს ი. წ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი და გამოიკვლიოს წარმოადგენს თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლში ჩამოთვლილია ის უფლებამოსილებები, რომლითაც აღჭურვილია ადმინისტრაციული ორგანო წარმოების ჩატარების პროცესში, კერძოდ ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დადგინდა ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, დანიშნულება და აღნიშნული საჭიროებდა მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობის მიერ საკითხის შესწავლას. სადავო საკითხი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას, რომელიც მსგავსი საკითხის შესწავლის შედეგად გამოსცემს ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. აქტი კი უნდა გამოიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული შესაძლებლობა, არ ჩაუტარებია სრულყოფილი წარმოება და არ გამოუკვლევია ინფორმაცია დასახელებულ დავის საგანთან მიმართებით, აღნიშნული კი მართებულად გახდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა - გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე