საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-916(2კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ ა...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 ოქტომბერს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „ა...ს მიმართ“.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 262 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახორციელებს ზედამხედველობას ბიზნესოპერატორებზე (...ზე) ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებებზე). ამავე კოდექსის შესაბამისად, ვეტერინარული ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის დროსაც ეროვნული სააგენტო ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ა...ს“ შორის 2014 წლის 24 იანვარსა და 30 დეკემბერს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №43 და №72 ხელშეკრულებები, ასევე 2017 წლის 20 იანვარსა და 2018 წლის 4 იანვარს გაფორმდა მომსახურების შესახებ №14 და №11 ხელშეკრულებები, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, სააგენტომ აიღო ვალდებულება საწარმოსათვის გაეწია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების გაწევის ვადებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებით განსაზღვრული ვეტერინარული ზედამხედველობა, ხოლო შპს „ა...მა“ აიღო ვალდებულება მომსახურების გაწევისთვის გადაეხადა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული საფასური.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა...ს“ მიერ 2014-2017 წლებში არსებული ურთიერთობის პერიოდში არაერთხელ იქნა დარღვეული მხართა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც 2016 წლის 22 დეკემბერს, 2017 წლის 20 მარტსა და 2017 წლის 28 დეკემბერს სააგენტოსა და შპს „ა...ს“ შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი. ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე გაწეულ მომსახურებაზე დგებოდა შედარების აქტი და ანგარიშსწორება წარმოებდა ყოველდღიურად, შედარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შპს ,,ა...ს“ ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურის 0,2 %-ის ოდენობით. სასაკლაოზე გაწეული მომსახურების 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მომსახურების საფასურმა შეადგინა 6152 ლარი. ასევე მხარეთა შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების აქტის შესაბამისად, შპს ,,ა...მა“ აიღო ვალდებულება მისი დავალიანების 34 799.66 ლარის გადახდის, რომლის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაზე განახლდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა შეთანხმების დღიდან. შპს ,,ა...ს“ მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის შემდეგ შესრულებულმა გადახდებმა, საგადასახადო დავალებების შესაბამისად, შეადგინა 9658 ლარი/მოპასუხე მხარის მიერ შესრულებულმა გადახდებმა კი - 5 840 ლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს „ა...სთვის“ 38012,21 ლარის ოდენობით დავალიანების, 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით 12561,38 ლარის ოდენობით ჯარიმისა და 2018 წლის 4 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38015,21 ლარის 0,2%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ა...ს“ საკუთრებაში არსებულ 336.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, შემდეგ მისამართზე: ქალაქი აბაშა, .., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - ...
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ა...ს“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 40015,21 ლარის გადახდა, საიდანაც 38 015,21 ლარი წარმოადგენდა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, ხოლო 2000 ლარი პირგასამტეხლოს. მასვე დაეკისრა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38015,21 ლარის 0,1 პროცენტი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, შპს „ა...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ა...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში და ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მასვე დაეკისროს 2018 წლის 4 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38 015,21 ლარის 0,1 პროცენტის გადახდა“. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „ა...სათვის“ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება და პირგასამტეხლოს დაკისრების ათვლის დაწყების თარიღი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ შპს „ა...მა“ არსებული ურთიერთობის პერიოდში დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, შეთანხმების აქტებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლის მიხედვით შპს „ა...ს“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო დავალიანება 2018 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 50.576.59 ლარს, საიდანაც მომსახურების საფასურმა შეადგინა 38015.211 ლარი, ხოლო მასზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 12561.38 ლარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სწორედ ამიტომ აქვს უფლება სასამართლოს, პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. დაკისრებული თანხა გამანადგურებლად არ უნდა მოქმედებდეს ვალდებული პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ შპს „ა...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38 015.21 ლარის 0,1 პროცენტის გადახდა, ნაცვლად 0,2 პროცენტისა, თუმცა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა განხორციელდეს არა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან, არამედ 2018 წლის 4 ოქტომბრიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება, რომ სასარჩელო მოთხოვნით ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას 2018 წლის 4 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და რომ 2018 წლის 11 ოქტომბრიდან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევაში 1-კვირიანი პერიოდი (04.10.2018წ-11.10.2018წ) მოპასუხე მხარის მიერ აუნაზღაურებელი დარჩება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „ა...მა“.
კასატორმა - სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კასატორის მითითებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობის ნაწილში, რადგან 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით მოთხოვნილი 12561,38 ლარის ნაცვლად მხარეს დაეკისრა 2000 ლარი, ხოლო 2018 წლის 4 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი 38015,21 ლარის 0,2%-ის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისრა 0.1%.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, ძირითადი ვალდებულების თანხა არ იქნა გადახდილი სრულად 2018 წლის შემდგომ, რაც საკმაოდ დიდ დროდ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შეუსრულებლობისა და თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანისთვის. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ზოგადია და გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კონკრეტული მოტივი, რის გამოც უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე ძირითადი ვალდებულებისა და გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობის დარღვევას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ნოემბრის განჩინებით შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ა...ს“ შორის 2014 წლის 24 იანვარსა და 30 დეკემბერს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №43 და №72 ხელშეკრულებები, ასევე 2017 წლის 20 იანვარსა და 2018 წლის 4 იანვარს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №14 და №11 ხელშეკრულებები, რომლებითაც განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, სააგენტომ აიღო ვალდებულება მოპასუხე შპს ,,ა...სათვის“ გაეწია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების გაწევის ვადებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებით განსაზღვრული ვეტერინარული ზედამხედველობა, ხოლო მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მომსახურების გაწევისათვის გადაეხადა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული საფასური. ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე გაწეულ მომსახურებაზე დგებოდა შედარების აქტი და ანგარიშსწორება წარმოებდა ყოველთვიურად, შედარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შპს ,,ა...ს“ ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების 0,2 პროცენტის ოდენობით. სასაკლაოზე გაწეული მომსახურების 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მომსახურების საფასურმა შეადგინა 6152 ლარი, ასევე მხარეთა შორის 2017 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების აქტის შესაბამისად, შპს ,,ა...მა“ აიღო ვალდებულება დავალიანების 34 799.66 ლარის გადახდის თაობაზე, რომლის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაზე განახლდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა შეთანხმების დღიდან. შპს ,,ა...ს“ მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის შემდეგ შესრულებულმა გადახდებმა საგადასახადო დავალებების შესაბამისად შეადგინა 9658 ლარი/მოპასუხე მხარის მიერ შესრულებულმა გადახდებმა კი - 5 840 ლარი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს „ა...მა“ დაარღვია მხარეთა შორის 2018 წლის 4 იანვრის №11 ხელშეკრულებითა და 2017 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, არ გადაიხადა სრულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გაწეული მომსახურების საფასური დროულად. მითითებული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ხელშეკრულებით, სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებით, საფინანსო და საბუღალტრო სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათით, საგადახდო დავალებებით. მხარეთა შორის არსებული 2018 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების აქტის შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ა...ს“ დავალიანება, გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 50.576.59 ლარს, საიდანაც მომსახურების საფასური შეადგენს 38015.211 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 12561.38 ლარს. რაც დასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და შეთანხმების აქტით, გაწეული მომსახურების მიღება- ჩაბარების აქტებით, საგადახდო დავალებებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ა...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რამაც წარმოშვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერება და გონივრულობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
საქმის მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 25.08.2023წ. №22622 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 528.10 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 205142200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი 369,67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.08.2023წ. №22622 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 528.10 ლარის 70%, - 369,67 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე