საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1305(კს-23) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე - გ. ა-ი
მესამე პირები - გ. ნ-ე, ზ. ლ-ე
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბერი განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 11 იანვარს გ. ა-იმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთის ზ. ლ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე 2016 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე (ს/კ ...).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ლ-ე და გ. ნ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ზ. ლ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გ. ნ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
2023 წლის 29 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ა-ი დაინტერესებულ პირად მიჩნეულ იქნა იმ დასაბუთებით, რომ მას სადავო ტერიტორიაზე, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე, შესაძლოა ჰქონოდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის გასაბათილებლად განმცხადებელმა მიუთითა იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 27 თებერვალს საჯარო რეესტრს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან გადაეგზავნა №... (27.02.2023 წ.) წერილი (რომელიც საჯარო რეესტრს ჩაჰბარდა 2023 წლის 28 თებერვალს) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული წერილით დგინდება, რომ მოსარჩელე გ. ა-ის სხვადასხვა წლებში არაერთხელ ჰქონდა მიმართული საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს სახელობის კოლეჯის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა მისი არცერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებები მოსარჩელე გ. ა-იმა არ გაამჟღავნა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რაც გახდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, მოცემული გარემოების შესახებ არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ფლობდა ინფორმაციას.
განმცხადებლის მითითებით, აღიარების კომისიამ არაერთხელ უთხრა უარი გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მიზეზით, რომ არ დადგინდა გ. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი. ამდენად, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა „ლეგიტიმური მოლოდინი საკუთრების უფლების მომავალში მოპოვებასთან დაკავშირებით“, როგორც ამაზე მიუთითა საკასაციო სასამართლომ. დგინდება, რომ აღნიშნულ პირს საერთოდ არ გააჩნდა კანონიერი უფლება და ინტერესი საჯარო რეესტრისადმი მიმართული სასამართლო დავის მიმართ. შესაბამისად, ხსენებული გარემოებები ცნობილი რომ გამხდარიყო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე, ისინი არათუ გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ, გახდებოდა მთლიანად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი კანონიერი ინტერესის არარსებობის გამო. განმცხადებლის მითითებით, მოსარჩელე გ. ა-ის არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და არც პერსპექტივა არსებობდა იმისა, რომ იგი იღიარებს საკუთრების უფლებას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან ეს მოთხოვნა უკვე განხილული იყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ და მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილებები. ამ პირობებში, მესამე პირის (გ. ნ-ეის) სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, რომელიც მოსარჩელემ სადავო გახადა სასამართლოში, არ ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, თუნდაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
პალატამ აღნიშნა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების შესახებ ინფორმაციის არ ქონის მოტივით საქმის წარმოების განახლების პირობა გარანტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით: კერძოდ, დასახელებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ შემდეგი აუცილებელი პირობების არსებობისას: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ბ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული პირობები ერთდროულად - კუმულატიურად უნდა არსებობდეს, რათა სასამართლო უფლებამოსილი იყოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განაახლოს საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №111 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა. ჩამონათვალში სხვა პირებთან ერთად დასახელებული იყო პ. ჭ-ი, რომელიც იმ დროისათვის კომისიის შემადგენლობაში მიწვეული იყო როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსი). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №93 განკარგულებით, იმავე კომისიის შემადგენლობაში დასახელებული იყო დ. მ-ე, რომელიც ასევე უფლებამოსილებას ახორციელებდა, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი (დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსს). აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 21 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და საქმეზე დართული წერილობითი ინფორმაციით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მხრიდან დასახელებული არგუმენტაცია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია აღიარების კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო, რომ გ. ა-ის მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჩართული იყო როგორც კომისიის წევრი, მონაწილეობდა მოსმენებში, აფიქსირებდა მის პოზიციებს, სვამდა შეკითხვებს და ა.შ.
პალატამ ასევე არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, რომ ვინაიდან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეგზავნებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რეესტრის თანამშრომლის მონაწილეობა განხილვაში არ წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათანადო წესით ინფორმირებას. პალატამ განმარტა, რომ ზემოთ დასახელებული პირები ახორციელებდნენ რა მათზე დაკისრებულ მოვალეობას, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები, მათი ჩართულობა საკითხის განხილვაში არ შეიძლება განმარტებულ იქნას სხვაგვარად, ვიდრე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლობა. ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რომელიმე განყოფილება/სამსახური არ ფლობდა სხვა ორგანოში მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმაციას, არ გამორიცხავდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებულობას წინამდებარე დავის მიზნებისათვის, გარდა ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუკი ამ მტკიცებულებას ის არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა, შესაძლებლობა ჰქონდა დავის განხილვის განმავლობაშიც მიემართა კომისიისათვის და მოეთხოვა ინფორმაცია იქ მიმდინარე წარმოების თაობაზე. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ აღიარების კომისიის შემადგენლობაში მიმდინარე წარმოების შესახებ დავის განხილვის დროისათვის ცნობილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის. შესაბამისად, სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება მიეთითებინა სასამართლოსთვის მტკიცებულების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინებაში (საქმე №ბს-144(კ-19)) მოცემულ მსჯელობებზე და აღნიშნავს, რომ 2023 წლის 27 თებერვალს საჯარო რეესტრს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან გადმოეგზავნა № ... (27.02.2023 წ.) წერილი (რომელიც საჯარო რეესტრს ჩაჰბარდა 2023 წლის 28 თებერვალს; საჯარო რეესტრის კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი: ...) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული წერილით დგინდება, რომ მოსარჩელე გ. ა-ის სხვადასხვა წლებში არაერთხელ ჰქონდა მიმართული საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ს სახელობის კოლეჯის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა მისი არცერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებების შესახებ არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას. ეს გარემოებები მოსარჩელე გ. ა-იმა არ გაამჟღავნა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რაც გახდა აღუსრულებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რამდენადაც მიწის ნაკვეთს ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი, ხოლო მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საკითხს პერსპექტივა არ გააჩნია.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №... (27.02.2023 წ.) წერილის თანახმად, „2013 წლის 17 ოქტომბერს კომისიას №14/8408 მომართვით წარედგინა გ. ა-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, აღნიშნული საკითხი კომისიამ განიხილა 2013 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (№379 ოქმი) და მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა გ. ა-ის. 2014 წლის 13 იანვარს №14/208 მომართვით კომისიას წარედგინა გ. ა-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნული საკითხი კომისიამ განიხილა 2014 წლის 20 მარტის სხდომაზე (№391 ოქმი) და მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მიწის ნაკვეთის (მის: ...ის და ... კოლეჯის მიმდებარედ) აღიარებაზე. 2014 წლის 1 მაისს №14/5702 მომართვით კომისიას წარედგინა გ. ა-ის მომართვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, აღნიშნული საკითხი კომისიამ განიხილა 2014 წლის 15 მაისის სხდომაზე (№398 ოქმი) და მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს წარმოდგენილი განცხადების (მის: ქ. თბილისი, სოფელი ..., ...ს სახელობის კოლეჯის მიმდებარედ) განხილვაზე. 2015 წლის 3 თებერვალს №14/2044 მომართვით კომისიას წარედგინა გ. ა-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, აღნიშნული საკითხი კომისიამ განიხილა 2015 წლის 6 ივლისის სხდომაზე (№444 ოქმი) და მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით წარმოდგენილი განცხადების (მის: ქ. თბილისი, სოფელი ..., ...ს სახელობის კოლეჯის მიმდებარედ) განხილვაზე უარი ეთქვა გ. ა-ის.“ ამრიგად, დგინდება, რომ აღიარების კომისიამ არაერთხელ უთხრა უარი გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მიზეზით, რომ არ დადგინდა გ. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა „ლეგიტიმური მოლოდინი საკუთრების უფლების მომავალში მოპოვებასთან დაკავშირებით“, როგორც ამაზე მიუთითა საკასაციო სასამართლომ. საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელეს საერთოდ არ გააჩნდა კანონიერი უფლება და ინტერესი სასამართლო დავის მიმართ. შესაბამისად, ხსენებული გარემოებები ცნობილი რომ გამხდარიყო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე, ისინი არათუ გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ, გახდებოდა მთლიანად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი კანონიერი ინტერესის არარსებობის გამო.
კერძო საჩივრის თანახმად, გ. ა-ის მიმართვის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სრულიად უდანაშაულო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სამსახურის თანამშრომლის ლ. ქ-ეის მიმართ და გამოძიების მიერ მთავარ მტკიცებულებად მითითებულია, სწორედ, ზემოხსენებულ სასამართლო დავაზე მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა დამატებითი მოკვლევის ჩატარება და 2023 წლის 24 თებერვლის №39680 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2007 წლიდან დღემდე, მიმდინარეობდა თუ არა აღიარების კომისიაში გ. ა-ის (პირადი ნომერი ...) საქმის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა სასამართლო დავის მიმდინარეობის ეტაპზე, ვინაიდან გასაჩივრებული იყო საჯარო რეესტრში მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები და არ იხილებოდა თავად მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მისი უფლებრივი მდგომარეობის საკითხი. ინკვიზიციურობის მიუხედავად, არც სასამართლოს მიუჩნევია საჭიროდ გადაემოწმებინა ის გარემოება, რომელზეც მთლიანად ააგო გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველიც გახდა. კერძოდ, საჭიროდ არ ჩათვალა, მოეძიებინა ინფორმაცია, რამდენად გააჩნდა მოსარჩელეს, სადავო უძრავ ნივთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების მომავალში აღიარების რეალური პერსპექტივა. გარდა ამისა, სწორედ, უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება მოსარჩელის ე.წ. ლეგიტიმურ მოლოდინთან მიმართებით, შესაბამისად, მესამე ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, ცხადია შესაძლებელი ვერ იქნებოდა. მანამდე კი ამის საჭიროება არ არსებობდა დავის საგნიდან გამომდინარე.
საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლობის განხორციელების დროს, კომისიის წევრის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე მოსმენილი თუ გაკეთებული ზეპირსიტყვიერი განმარტებები არ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო რეესტრის ოფიციალური წესით ინფორმაციის/ დოკუმენტაციის მიწოდებას განხილული საკითხების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, თუ რა მიზნით მონაწილეობს აღიარების კომისიის სხდომებში საჯარო რეესტრის წარმომადგენელი. იგი კომისიის შემადგენლობაში დამტკიცებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ მას გაუწიოს შესაბამისი დახმარება საჯარო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლებში, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია არ შეიძლება ჩავთვალოთ ამავე უწყებისთვის ოფიციალურად ჩაბარებულად. საჯარო რეესტრს არ ეგზავნებოდა და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაგზავნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები/სხდომის ოქმები, ამდენად, გ. ა-ის განცხადებების განხილვის შედეგები საჯარო რეესტრს ოფიციალური, კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. შესაბამისად, საჯარო რეესტრისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე გ. ა-ის არაერთხელ ჰქონდა მიმართული საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა მისი განცხადებები არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილებულა. შესაბამისად, მოსარჩელეს მომართულიც არ ჰქონდა საჯარო რეესტრისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ვინაიდან კომისიას მისი საკუთრების უფლება არ უღიარებია. ამდენად, 2023 წლის 27 თებერვალს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან გადმოგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოადგენდა საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, ცალსახად ქმნიდა სასამართლოში დასრულებული საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში და მათი საქმის განხილვისას წარდგენა უზრუნველყოფდა განმცხადებლისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისა და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ წინამდებარე დავაზე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 08 ივლისის განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სადავოდ ქცეული აქტების მოქმედების პირობებში, მოსარჩელე სადავო ტერიტორიაზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე, კარგავდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესაძლებლობას, თუმცა, საქმის დასრულების შემდგომ, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ გ. ა-ის 2015 წლამდე არაერთხელ ჰქონდა მიმართული საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნა მხარისათვის უარყოფითი გადაწყვეტილებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა დავისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას და, შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება ცნობილი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 თებერვლის წერილით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ წერილში მითითებული ინფორმაცია თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისაგან.
ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის განხილვის პერიოდში მისთვის ცნობილი არ ყოფილა გ. ა-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიმართვის ფაქტების თაობაზე.
საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ხსენებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და არც თავად კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ გ. ა-ის განცხადებების განხილვის პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააგენტოსათვის უცნობი იყო ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად განსაზღვრა სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, რაც ცალსახად მიუთითებს მის ინფორმირებულობაზე.
პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე უწყებისათვის ოფიციალურად ჩაბარებულად, თუმცა ხსენებული მოსაზრების გაზიარების პირობებშიც კი სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გ. ა-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიმართვის ფაქტები მისთვის ცნობილი გახდა მას შემდგომ, რაც თავად გამოითხოვა ინფორმაცია კომისიისაგან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ უთითებს რაიმე ისეთ საპატიო მიზეზს, რის გამოც მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოეთხოვა ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების კომისიისაგან და წარმოედგინა ის სასამართლოში. პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოითხოვა მტკიცებულებები, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული მტკიცებულებების გამოთხოვის უფლებამოსილება არ ათავისუფლებს მხარეებს მტკიცების ტვირთისგან და მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებისაგან. თავად საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სადავოდ ქცეული აქტების მოქმედების პირობებში, მოსარჩელე სადავო ტერიტორიაზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე, კარგავდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესაძლებლობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნების გაქარწყლების მიზნით გამოეთხოვა ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების კომისიისაგან და წარედგინა იგი საკასაციო სასამართლოში.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოთხოვნის დასასაბუთებლად განმცხადებელმა არა მარტო ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე უნდა მიუთითოს, არამედ მინიმალური სტანდარტით მაინც უნდა დაასაბუთოს ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამ მიმართებით მხარე დავის მიმართ მხოლოდ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობაზე უთითებს და ისიც ზოგადად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან დავის დასრულებამდე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ; მაგ. გაფართოვდა თვითნებურად დაკავებული მიწის, ასევე საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განმარტება, დადგენილ იქნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის უფლება და სხვა. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება (მუხლი 19) კი დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას ხელახლა წარადგინოს კომისიაში განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის უფლების რეალიზების შეუძლებლობაზე კერძო საჩივრის ავტორს რაიმე სახის არგუმენტები წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად დაუსაბუთებელია მისი აპელირება საკუთრების უფლების მომავალში მოპოვებასთან დაკავშირებით „ლეგიტიმური მოლოდინის“ არარსებობის და შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ მიუთითებს ხელსაყრელი გადაწყვეტილების დამდგენ იმგვარ ახალ გარემოებაზე, რომელზე მითითების შესაძლებლობა საკუთარი ბრალის გარეშე არ ჰქონდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა