საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-872(კ-23) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ა.მ. ა-ჰ
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.ა.მ.ა-ჰმა 2021 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 აპრილის №10 მითითებისა და მ.ა.მ. ა-ჰ დაჯარიმების და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 2 ივლისის №დ-16.16211831 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და ნ.მ-ს შორის 2019 წლის 18 ივლისს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ.ა.მ. ა-ჰმა შეიძინა ბორჯომის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართობი - 465 კვ.მ, ს/კ ... მოსარჩელემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ააშენა ... 2021 წლის 2 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა დადგენილება მ.ა.მ. ა-ჰის დაჯარიმებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, მოსარჩელე დაჯარიმდა 25 000 ლარის ოდენობით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის და ასევე დაევალა განხორციელებული მშენებლობის - ...ის დემონტაჟი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, უნებართვო მშენებლობა განხორციელდა მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთს.
მოსარჩელის განმარტებით, ...ის მშენებლობა განხორციელდა თავის კუთვნილ ტერიტორიაზე. ნაკვეთის შეძენის დროს, ტერიტორია იყო შემოღობილი, ამდენად, მყიდველმა ლოგიკური განსჯის შედეგად ივარაუდა, რომ შეძენილი მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების (მიწის ფართობის) შესაბამისად და იგი არ მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს გამყიდველს მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერიტორია არასწორად იყო შემოღობილი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, იმ გარემოებაში დარწმუნებულმა, რომ შემოღობილი ტერიტორია წარმოადგენდა თავის საკუთრებას, განახორციელა ...ის მშენებლობა. მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2017 წლის 21 აპრილიდან იმყოფებოდა გამყიდველის, ნ.მ-ის საკუთრებაში, შესაბამისად, თუ არსებობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ მისაკუთრების ფაქტი, აღნიშნულზე რეაგირება უნდა განეხორციელებინა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც მიწის ნაკვეთის კანონიერ მესაკუთრეს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ სუბიექტს. ვინაიდან აღნიშნული სახის რეაგირებას უძრავი ქონების შეძენის მომენტიდან დღემდე არ ჰქონია ადგილი, მოსარჩელე მხარეს არც შეეძლო ევარაუდა, რომ შემოღობილი ტერიტორია მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
მოსარჩელის მითითებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ მშენებლობა განახორციელა მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და არც მოსარჩელე მხარისათვის განმარტებული თუ კონკრეტულად რომელი და რა ფართობის მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და, შესაბამისად, რომელ ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობით იქნა დარღვეული კანონის ნორმები. აღნიშნული ინფორმაცია არც მერიის 2021 წლის 2 ივლისის დადგენილებაშია მითითებული. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ ეცნობა 2021 წლის 1 ივნისის საქმის განხილვის შესახებ, შესაბამისად, იგი მოკლებულ იქნა შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და განეხორციელებინა მისთვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. მხარის ინფორმირება და მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოსარჩელე არის ქართული ენის არმცოდნე პირი. შესაბამისად, სამშენებლო ობიექტზე დემონტაჟის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მისთვის შეუძლებელი იყო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის გაგება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის კეთილსინდისიერი შემძენი და არ ჰქონდა შესაძლებლობა სხვა საშუალებებით გადაემოწმებინა ან ეჭვი შეეტანა, თუ რამდენად სწორად იყო შემოღობილი მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ა.მ. ა-ჰის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-100, 123-ე, 124-ე, 125-ე და 131-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მ.ა.მ. ა-ჰი აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, მის მიმართ მითითების და სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების გამოცემა და შემდგომ დადგენილების გამოცემა შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ მან შეიძინა შემოღობილი მიწის ნაკვეთი და მისთვის უცნობი იყო, რომ მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 465.00 კვ.მ, ხოლო ფაქტობრივი მდგომარეობით მოსარჩელის მიერ დაკავებული იყო 877 კვ.მ, ანუ თითქმის ორჯერ მეტი. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი, არადამაჯერებელი იყო. ამასთან, მოქმედი ნორმების შესაბამისად, მშენებლობის დაწყებამდე იგი ვალდებული იყო მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა და მხოლოდ მის საფუძველზე ეწარმოებინა მშენებლობა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მისთვის ნაკლიანი ნივთის მიყიდვის თაობაზე, აღნიშნული წარმოადგენდა მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებულ ურთიერთობას და ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ.ა.მ. ა-ჰის და ზ.ა.მ.ა-ის სახელზე, თვით მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უნებართვო მშენებლობა სწორედ მის მიერ იყო ნაწარმოები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან არ ფლობდა ქართულ ენას, სამშენებლო ობიექტზე დემონტაჟის თაობაზე ინფორმაციის განთავსებით მისთვის შეუძლებელი იყო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის გაგება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული. ამასთან, მოსარჩელე ესწრებოდა 2021 წლის 11 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომას, რა დროსაც ასევე უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით და მას აღნიშნულზე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. 2021 წლის 27 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ბორჯომში, სოფელ ...ში სახელმწიფოს საკუთრებში არსებული 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სულ მცირე ამ დროისთვის მაინც, მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და 2023 წლის 13 ივნისს მიღებული განჩინებით მ.ა.მ.ა-ჰის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება მ.ა.მ. ა-ჰმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით ...ის მშენებლობა განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე; კერძოდ, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის დროს ტერიტორია, რომლის ნასყიდობაც განხორციელდა, იყო შემოღობილი. მოსარჩელემ, როგორც მყიდველმა, ლოგიკური განსჯის შედეგად ივარაუდა, რომ შეძენილი მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების (მიწის ფართობის) შესაბამისად და იგი არ მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ გამყიდველის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი ფართობით 465 კვ.მ და შეძენის პერიოდისათვის აღნიშნული ტერიტორია იყო შემოღობილი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს გამყიდველს მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერიტორია არასწორად იყო შემოღობილი.
კასატორის მითითებით, მშენებლობის დაწყებამდე, ასევე მისი განხორციელების პერიოდისათვის, ადმინისტრაციული ორგანოებს მოსარჩელისათვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ მიწის ნაკვეთი არასწორად იყო შემოღობილი და მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2017 წლის 21 აპრილიდან იმყოფებოდა გამყიდველის ნ.მ-ის საკუთრებაში, შესაბამისად, თუ არსებობდა სახელწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ მისაკუთრების ფაქტი, აღნიშნულზე რეაგირება უნდა განეხორციელებინა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც მიწის ნაკვეთის კანონიერ მესაკუთრეს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ სუბიექტს. ვინაიდან, აღნიშნული სახის რეაგირებას ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელე მხარეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ შემოღობილი ტერიტორია მოიცავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტმა დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი მოთხოვნები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ მშენებლობა განახორციელა მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, თუმცა, ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და არც მოსარჩელე მხარისათვის განმარტებული თუ კონკრეტულად რომელი და რა ფართობის მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და შესაბამისად რომელ ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობით იქნა დარღვეული კანონის ნორმები. შესაბამისად, მოსარჩელისათვის შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რაში გამოიხატა მის მიერ კანონის დარღვევა და უნებართვო მშენებლობის განხორციელება. მოსარჩელე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, იგი არის უცხოელი და არ ჰქონდა შესაძლებლობა სხვა საშუალებებით გადაემოწმებინა ან ეჭვი შეეტანა, თუ რამდენად სწორად იყო შემოღობილი მის მიერ ნაყიდი უძრავი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ.ა.მ.ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა.მ. ა-ჰის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე 465.00 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონება (ს/კ ...) 2019 წლის 19 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.ა.მ. ა-ჰის და ზ.ა.მ.ა-ის სახელზე.
2021 წლის 4 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მ.ა.მ. ა-ჰს აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახორციელებდა ...ის მშენებლობას, რის გამოც ეთხოვა დაუყოვნებლივ მოეხდინა აღნიშნული ...ის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 01 აპრილის №10 მითითებით მოსარჩელეს დაავალა მითითების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოეხდინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მომიჯნავე ტერიტორიაზე აშენებული ...ის სრული დემონტაჟი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას. მხარეს განემარტა, რომ საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრებოდა 25000 ლარით და გაფრთხილებული იქნა, რომ მითითების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევისას დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შესაბამისად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №ბ16.162109813 ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მ.ა.მ.ა-ჰის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით. 2021 წლის 13 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მ.ა.მ.ა-ჰს გაუგზავნა 2021 წლის 8 აპრილის №ბ16.162109813 ბრძანება, 2021 წლის 1 აპრილის №10 მითითება და აცნობა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დაწყების შესახებ, რაც მოსარჩელეს არ ჩაჰბარდა, რის გამოც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული დოკუმენტაცია განათავსა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, რაც შესაბამისობაშია საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან.
2021 წლის 25 მაისის №5 შემოწმების აქტის თანახმად, აქტის შედგენის მომენტში მშენებლობა იყო დასრულებული და მითითებაში მოთხოვნილი სადემონტაჟო სამუშაოები არ იყო განხორციელებული. ამასთან, მშენებლობა ნაწარმოები იყო მშენებლობის ნებართვის გარეშე.
2021 წლის 8 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მ.ა.მ. ა-ჰს გაუგზავნა უწყება და აცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მის მიერ წარმოებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 1 აპრილის №10 მითითების და 2021 წლის 8 აპრილის №ბ16.162109813 ბრძანების საფუძველზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა შესაბამისი ზომების მიღება, რომელიც არ შესრულდა, რის გამოც საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 11 ივნისს 10:00 საათზე დაინიშნა საკითხის განხილვის სხდომა. მხარეს ასევე განემარტა, რომ მისი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებდა საქმის განხილვას.
2021 წლის 11 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სხდომა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მოსარჩელე მ.ა.მ. ა-ჰი და ინგლისური ენის თარჯიმანი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების სპეციალისტი ქ.ბ-ი. სხდომაზე მოსარჩელეს განემარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უნებართვოდ აშენებული ... მდებარეობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაზეც მიეცა მითითება და დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევაზე, დარღვევის გამოსწორების მიზნით მოსარჩელეს მიეთითა შესაბამისი ზომების მიღება, რაზეც მოსარჩელემ განმარტა, რომ მას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შეტანილი ჰქონდა განცხადება აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 ივლისის №დ-16.16211821 დადგენილებით მ.ა.მ. ა-ჰი დაჯარიმდა 25 000 ლარით და დაევალა მისი მიწის ნაკვეთის ს.კ. ... მომიჯნავედ არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ნაწარმოები ...ის მშენებლობის სრული დემონტაჟი.
საქმეზე აგრეთვე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2021 წლის 27 მაისს მ.ა.მ. ა-ჰიმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ბორჯომი, სოფელ ...ში სახელმწიფოს საკუთრებში არსებული 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება. განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 31 მაისს განსახილველად გადაუგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 2 ივნისის წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია მიწის ნაკვეთის განკარგვა, რადგან სახელმწიფო საკუთრების მიწა უკანონოდ იყო დაკავებული და მასზე არსებობდა უნებართვო მშენებლობა, რის გამოც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოება.
საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ ს.კ. ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით წარმოადგენს 465 კვ.მ-ს, ხოლო ფაქტობრივი მდგომარეობით დაკავებულია 877 კვ.მ, მათ შორის ამ ფართში შედის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორია და მასზე უკანონოდ აშენებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, რომლის უმეტესი ნაწილი მოქცეულია ტყის ფონდში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. ხსენებული კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. 124-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამასთან, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებაც.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ უკანონო მშენებლობა ნაწარმოებია მოსარჩელის მიერ და მას სადემონტაჟო სამუშაოები არ ჩაუტარებია. ამასთან, თავად მოსარჩელე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაკავებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან მან თავად მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს საკუთრებში არსებული 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მოთხოვნით. მოსარჩელე სადავო დადგენილების უკანონობის დამადასტურებლად მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მან ტერიტორია იყიდა შემოღობილ მდგომარეობაში და ვარაუდობდა, რომ ნაკვეთი შეესაბამებოდა რეგისტრირებულ მონაცემებს. პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გავლენას ვერ იქონიებს სადავო სამართალურთიერთობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეიძინა 465 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად დაკავებული აქვს 877 კვ.მ ფართი. აღნიშნულის საწინააღმდეგო რელევანტური მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაში, სადაც მას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უნებართვოდ აშენებული ... მდებარეობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევაზე. ამასთან, სხდომის ფარგლებში იგი უზრუნველყოფილი იყო ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმნით. ამდენად, კასატორის მითითება მისი არაინფორმირებულობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილება სრულად პასუხობს ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კასატორმა ვერ წარადგინა რელევანტური მტკიცებულებები, რაც სადავო დადგენილების უკანონობას დაადასტურებდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ.ა.მ. ა-ჰის საკასაციო საჩივარზე 05.10.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა.მ. ა-ჰის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება;
3. მ.ა.მ.ა-ჰს (პასპორტის ნომერი - ...)) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.10.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა