Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-455(კ-24) 15 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ა-იმა 2021 წლის 29 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და 2021 წლის 24 მაისს სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის #03/9162 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დ. ა-ის კომპენსირებულთა ბაზიდან ამორიცხვის მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის N03/9162 გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მონაცემთა ბაზაში დ. ა-ის კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატის მოსაზრებით, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (მაგ. საკომპენსაციო თანხის მიმღები პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული - ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, უფლებამოსილ პირთა სიები (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - პირადი ნომრის მითითებით), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე დ. ა-ის, როგორც ნ. ა-ის ოჯახის წევრს მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ა-ი და ნ. ა-ი არ იყვნენ რეგისტრირებულნი ერთ ოჯახად, არ გააჩნდათ ერთი სარეგისტრაციო ნომერი (დ. ა-ის სარეგისტრაციო ნომერი - ..., ხოლო ნ. ა-ის სარეგისტრაციო ნომერი - N...).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულების, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის N534 განკარგულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ივლისის N856 განკარგულების მე-6 პუნქტით იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს წარედგინათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების სიები, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ (სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილ პირთა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - პირადი ნომრის მითითებით) სიები.

პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე დ. ა-ის, როგორც კომპენსაციის მიმღები პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიღებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს 2020 წლის 14 ივლისის გასაჩივრებული წერილით ეცნობა, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ა-ის და მისი ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად საკომპენსაციო თანხა. სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2021 წლის 07 ივნისის N 03-5364 სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ დ. ა-ის და მისი ოჯახის წევრებს - ნ. ა-ის და თ. ა-ის მიღებული აქვთ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა. ამავე სამსახურებრივი ბარათით გადაგზავნილი ვიდეო მასალის მიხედვით, ნ. ა-ი თანხმობას აცხადებს მისი ოჯახის სახელით საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში მიღებაზე. შესაგებელს ერთვის ასევე ...ს 2020 წლის 9 მარტის წერილი, რომლითაც გადმოიგზავნა კომპენსირებულ ბენეფიციართა სახელობითი სია. აღნიშნულ სიაში ნ. ა-ი ფიქსირდება 1662-ე ნომრად, მასზე და მის ოჯახზე გაცემულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 16 810 ლარის ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის იმისი უტყუარი დასტური, რომ სახელმწიფოს დ. ა-ი მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე ჰყავს უზრუნველყოფილი და მისი ხელახალი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია გადაეცა დევნილ ოჯახს და არა ამ ოჯახის ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს არა ოჯახის ცალკეული წევრების, არამედ დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი განმარტებულია როგორც - დევნილის საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრებ, განცალკევებულ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

კასატორის მითითებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. და თ. ა-ითან ერთად ცხოვრობდა ერთ ოჯახად. ამ ფაქტს მოწმობს თავად ნ. ა-ის ვიდეო ჩანაწერი, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაგებელზე დართული საოჯახო ანკეტები. ნ. ა-იზე ფულადი კომპენსაცია გაიცა მის ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელ ადგილზე. კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ მხოლოდ ნ. ა-ის გადაეცა თანხა, არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო კომპენსირებულად მიჩნეული. მსგავს საკითხებზე დამკვიდრებული პრაქტიკით თანხა გადაეცემოდა ოჯახის ერთ წევს, ხოლო ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგ მთელი ოჯახი მიიჩნეოდა კომპენსირებულად. ამდენად, სახელმწიფოს მიზანი მაშინაც და ახლაც არის საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჰყავდეს ოჯახი და არა მისი თითოეული წევრი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისთვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განესაზღვრა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით საკომპენსაციო თანხის ოდენობა ერთ ოჯახზე განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ხოლო ამავე განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეთხოვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ (სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილ პირთა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - პირადი ნომრის მითითებით) სიები (ანალოგიურ დებულებებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის N534 და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ივლისის N856 განკარგულებები).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე - დ. ა-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან უზრუნველყოფის ვალდებულება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის N03/9162 გადაწყვეტილების ჩანაწერზე, რომ „დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ა-ის და მისი ოჯახის წევრებს - ნ. ა-ისა და თ. ა-ის მიღებული აქვთ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა“. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე დ. ა-ი განმარტავს, რომ იგი არ წარმოადგენს სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილ პირს. კომპენსაციით დაკმაყოფილებულნი არიან ნ. და თ. ა-იები, რომლებიც არ წარმოადგენენ დ. ა-ის ოჯახის წევრებს, ამასთან, ისინი სხვადასხვა მისამართზე არიან რეგისტრირებულნი (თ. ა-იი გარდაიცვალა).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, იყო თუ არა დ. ა-ი ნ. ა-ის ოჯახის წევრი და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მოსარჩელე კომპენსირებულად.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტი დაეფუძნა მხოლოდ დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელე დ. ა-ი ფულადი კომპენსაციით სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილ (კომპენსირებულ) პირად არის დაფიქსირებული. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნ. ა-იზე მართლაც გაცემულია ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 16 810 ლარის ოდენობით, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული თანხის მიღებაზე დ. ა-ის თანხმობა, მისი ჩართულობა აღნიშნულ პროცესში და მისი და ნ. ა-ის ერთ ოჯახად ცხოვრება. დადგენილია, რომ დევნილთა ოჯახური ანკეტების თანახმად, დ. ა-ის ოჯახი რეგისტრირებულია ერთწევრიან N05145 ოჯახად (რაიონი - სამგორი), ხოლო ნ. ა-ის ოჯახი რეგისტრირებულია ცალკე, ასევე ერთწევრიან N05896 ოჯახად (რაიონი - ნაძალადევი). ამასთან, 2013 წლის 23 დეკემბრის დევნილთა ანკეტის თანახმად, დ. ა-ის სარეგისტრაციო ნომერია N..., მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე აფხაზეთი, გულრიფში, სოფელი ..., დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისი, სამგორი, ლილოს დასახლება, სეისმოლოგიის ინსტიტუტი; 2014 წლის 25 აპრილის დევნილთა ანკეტის თანახმად, ნ. ა-ის სარეგისტრაციო ნომერია N..., მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე აფხაზეთი, გულრიფში, სოფელი ..., დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისი, ნაძალადევი, ...ის ქ. N.... საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, რომ დასტურდება დ. ა-ის ნ. ა-ისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად რეგისტრაცია, ზემოაღნიშნულ ცნობებს ვერ გააქარწყლებს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელე დ. ა-ი ფულადი კომპენსაციით სახელმწიფოსაგან უზრუნველყოფილ (კომპენსირებულ) პირად არის დაფიქსირებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. კასატორი მართებულად აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დ. ა-ის ნ. ა-ის ოჯახის შემადგენლობაში ყოფნის, შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.

ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავით და ნ. ა-იები არ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (რა გარემოებაც მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე