Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1014(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო.ა.ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - კერძო აღმასრულებელი ზ.ფ-ი

მესამე პირები - სს „თ...“, შპს „ი...“, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 29 ივნისს ო.ა.ა-იმ სარჩელით, ხოლო 2022 წლის 11 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, კერძო აღმასრულებლის - ზ.ფ-ის წარმოებაში 2017 წლის 15 ივნისიდან იყო სააღსრულებო საქმე №17067454, სადაც მოვალეს წარმოადგენდა შპს „ი...“. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კერძო აღმასრულებელი ცდილობდა წარმოების გაჭიანურებას, რათა მოვალის ქონების აუქციონზე გასხვისება არ მომხდარიყო, აღნიშნულის მიზეზად კი ასახელებდა სს „თ...ის“ ინტერესს ქონების მიმართ. აღმასრულებლის მხრიდან მიკერძოებული ქმედებები და საქმის გაჭიანურება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც სარეალიზაციო ქონებაზე მოგირავნის უფლების შესახებ პრეტენზია გამოთქვა სს „თ...მა“, კერძოდ, მოვალისგან ქონებრივი ნუსხის მოსაპოვებლად აღმასრულებელს დასჭირდა თითქმის 1 თვე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა 2 თვის და 20 დღის ვადაში, მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღება მოხდა ქონებრივი ნუსხის წარდგენიდან 3 თვის და 9 დღის შემდგომ, გასაყიდი ქონება შეფასდა სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 წლის თავზე, ხოლო სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განცხადება ზ.ფ-მა სსიპ აღსრულების ბიუროში წარადგინა 2018 წლის 26 მარტს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბანკს გადასცა წერილობითი უარი ყადაღის მოხსნის თაობაზე, რაც თავის მხრივ ბანკმა გამოიყენა სასამართლო დავისთვის, რამაც კრედიტორთა რაოდენობა გაზარდა და მნიშვნელოვნად შეამცირა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 30 მარტიდან 2020 წლის თებერვლამდე, კერძო აღმასრულებელი სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში ამტკიცებდა მოვალის ქონების დაყადაღების მართლზომიერებას, თუმცა მას შემდეგ რაც სასამართლომ პრაქტიკულად უარყო ბანკის პრეტენზია, კერძო აღმასრულებელმა შეიცვალა პოზიცია და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყადაღის აქტიდან ამორიცხა ნივთები, რომელთა ღირებულება სარეალიზაციო ქონების 90%-ს შეადგენდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი, კერძო აღმასრულებელმა გააცნო მხოლოდ სს „თ...ს“, თუმცა დაუმალა კრედიტორს. გარდა ამისა, კერძო აღმასრულებელმა 2020 წლის 11 მაისს გამოსცა ორი იდენტური შინაარსის გადაწყვეტილება, რომელშიც მისი პოზიციის შეცვლის თაობაზე ძალიან მწირი დასაბუთება იყო მოცემული, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების მიზნად დასახელებულ იქნა სს „თ...ს“ მიერ სასამართლოს განხილვის დროს და აღმასრულებელთან წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზი.

მოსარჩელემ ზ.ფ-ის ქმედებების, კერძოდ, 2020 წლის 11 მაისის A17067454-013/004 და A17067454-013/008 გადაწყვეტილებებით, მოვალე შპს „ი...ს“ ქონების: ... ( .., ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 10) და ...ის (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14) ყადაღისაგან გათავისუფლების, უკანონოდ ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სს „თ...“ და შპს „ი...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის დროებითი განჩინებით ო.ა.ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლითაც მოპასუხეს - კერძო აღმასრულებელ ზ.ფ-ს დაევალა სადავო მოძრავ ნივთებზე - ...ზე (..., ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 10) და ...ზე (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14) ყადაღის შენარჩუნება (სააღსრულებო წარმოება A17067454) სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ო.ა.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.ა.ა-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით ო.ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №170224423 (სააღსრულებო წარმოება A17067454), სადაც კრედიტორი იყო ო.ა.ა-ი, ხოლო მოვალე - შპს „ი...“. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე შპს „ი...ს“ დაეკისრა თანხის გადახდა აღნიშნული კრედიტორის სასარგებლოდ. ამასთან, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ზ.ფ-მა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების შესაბამისად, აღწერა და დააყადაღა შპს „ი...ს“ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, მათ შორის ... (...) და .... კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის 2018 წლის 12 მარტის №... და 26 მარტის №... წერილების თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს დაყადაღებული ნივთები არ იქნა მიჩნეული სს „თ...ს“ გირავნობის საგნად. შესაბამისად, ისინი არ იქნა ამორიცხული 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან.

მითითებული წერილები სს „თ...მა“ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს „თ...ს“ სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის 2020 წლის 11 მაისის A17067454-013/004 და A17067454-013/008 წერილებით, სს „თ...ს“ მოთხოვნა 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტით დაყადაღებული ...სა და ...ის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე, დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოძრავ ნივთზე ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი ..., რეგისტრირებული იყო გირავნობა (გირავნობის რეესტრის: ..., 2017 წლის 3 მაისი, კრედიტორი: სს „თ...“, მესაკუთრე: შპს „ი...“, საფუძველი: გირავნობის ხელშეკრულება №..., ნოტარიუსი მ.რ-ი, ..., 28.01.2015. სს „თ...ს“ 2017 წლის 3 მაისის 32/102-02 წერილი). №... გირავნობის ხელშეკრულებით, 2015 წლის 28 იანვარს, ერთი მხრივ, სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, შპს „გ...ას“ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №... ან/და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი იყო ...ზე დატანილი შტამპი, რომელიც თარიღდებოდა 2012 წლით და მისი თარგმანი, რომლის მიხედვითაც იგი ეკუთვნოდა 2012 წელს წარმოებულ ...ას, ხოლო გადახდისუუნარობის საქმის მენეჯერის 2018 წლის 30 ივლისის წერილის თანახმად, №... გირავნობის ხელშეკრულების საგანი იყო ..., რომელიც განთავსებული იყო ქ. რუსთავში, ...ის ქ №24, აღნიშნული ... საკუთრების უფლებით გადაეცა „ი...ს“, ...ის გამოშვების თარიღი იყო 2004 წელი, ხოლო მისი შეძენა განახლებული სახით მოხდა 2012 წელს.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქმის მასალებში არსებულ შპს „ი...ს“ წერილზე, რომლის თანახმად მის საკუთრებაში შედიოდა მხოლოდ 1 .... თავის მხრივ, ... შპს „ი...მა“ შეიძინა შპს „გ...ასაგან“. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ არც შპს „გ...ას“ და არც შპს „ი...ს“ საკუთრებაში არ ჰქონიათ სხვა ... და მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ყადაღის აქტიდან ამორიცხული სადავო დანადგარი წარმოადგენს სს „თ...ს“ სასარგებლოდ დაგირავებულ ნივთს, შესაბამისად ზ.ფ-ის ქმედება, რომლითაც აღნიშნული ამოირიცხა ყადაღის აქტიდან, იყო კანონიერი.

...სთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ შპს „ი...ს“ საკუთრებაში იყო 3 ..., რომლიდანაც ორი 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა დაგირავებული თ...ს, ხოლო მესამე მანქანა დაგირავებული იყო შპს „ ი...-სთან“ გაფორმებული №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შპს „ი...ს“. შპს „ი...ს“ დირექტორის თ.ლ-ის მიერ 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილ ქონებრივ ნუსხაში კი, მითითებული იყო 3 .... აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ...ის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ა.ა-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპის და ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან გარკვეული ფაქტები დადასტურებულად მიიჩნია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ხოლო მეორე მხრივ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოსარჩელე მხარეს დააკისრა ისეთი ფაქტების მტკიცების ვალდებულება, რაც რეალურად ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, თუ რამდენად საკმარისი იყო აღმასრულებლის წერილი სადავო ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე, როდესაც მოსარჩელე მხარემ არაერთხელ მოითხოვა აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად მიიჩნია გირავნობის უფლების რეგისტრაცია ...ზე იმ პირობებში, როდესაც არც ხელშეკრულებით და არც რეესტრის ამონაწერით არ იდენტიფიცირდებოდა უფლების რეგისტრაცია სადავო ნივთზე, რამდენადაც გირავნობა რეგისტრირებული იყო შპს „ი...ის“ კუთვნილ ...ზე, ხოლო ნივთის შპს „ი...სთვის“ მიყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებში მითითებული გირავნობების უმეტესი ნაწილი სააღსრულებო წარმოების დროს გაუქმებული იყო და არ მოუთხოვია დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც გადამოწმებოდა შესაბამის ბაზებში გირავნობის სტატუსი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება, რომ დაყადაღებული ... იყო 2004 წელს გამოშვებული სხვა ლოკაციაზე განთავსებული ...ის იდენტური, რომელიც შპს „ი...მა“ განახლებული სახით შეიძინა შპს „გ...ასაგან“, ამასთან კასატორის აზრით ბუნდოვანი იყო თუ რა იგულისხმებოდა 2004 წლის ...ის განახლებული სახით შეძენაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ისე დაადგინა სადავო ...ის გამოშვების თარიღი, რომ არ გამოურკვევია საქმეში წარმოდგენილი გაურკვეველი ფორმის და შინაარსის 2012 წლის 17 სექტემბრის ქსეროასლები ხელშეკრულება იყო, შეკვეთა თუ ტექნიკური პასპორტი. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმის მასალებში წარმოდგენილი, ქ. რუსთავში, ...ის ქ. №24-ში, 2012 წელს გადაღებული ფოტომასალა, რითაც დასტურდებოდა, რომ ...ის ...აც იყო ახალი, შეფუთულ მდგომარეობაში, რაც გამორიცხავდა მის იდენტურობას 2004 წელს გამოშვებულ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №17-ში მდებარე, ...სთან.

ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ არასწორი იყო სასამართლოს შეფასება, აღმასრულებლის ქმედებების თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მიცემულ დავალებასთან შესაბამისობის თაობაზე, ვინაიდან ზ.ფ-ს აღნიშნული გადაწყვეტილებით დაევალა კონკრეტული გარემოებების დამატებით შესწავლა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, თუმცა მოპასუხეს არც ფაქტების დამატებითი კვლევა არ განუხორციელებია და არც ახალი აქტი გამოუცია, რაც საკმარისი იყო აღმასრულებლის ქმედების მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო.ა.ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.ა.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს კერძო აღმასრულებლის - ზ.ფ-ის ქმედებების, კერძოდ, 2020 წლის 11 მაისის A17067454-013/004 და A17067454-013/008 გადაწყვეტილებებით, მოვალე შპს „ი...ს“ ქონების: ...სა (..., ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 10) და ...ის (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14) ყადაღისაგან გათავისუფლების, უკანონოდ ცნობის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, იგი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტად განსაზღვრავს სანოტარო აქტს, იმავე კანონის მე-147 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები კი, სანოტარო აქტის აღსრულებას კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო აღმასრულებლის კომპეტენციად განსაზღვრავს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 40-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.

შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი კრედიტორის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ითვალისწინებს მოგირავნის ინტერესებს და იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, აძლევს მას ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელ ზ.ფ-ის სადავო ქმედებების კანონიერების შესაფასებლად მთავარია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზის შედეგად იმის დადგენა, წარმოადგენდა თუ არა სს „თ...“ მოვალის - შპს „ი...“-ს ქონების მოგირავნე პირს, რომლის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №170224423 (სააღსრულებო წარმოება A17067454), სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ო.ა.ა-ი, ხოლო მოვალეს - შპს „ი...“. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე შპს „ი...ს“ დაეკისრა თანხის გადახდა აღნიშნული კრედიტორის სასარგებლოდ. ასევე დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ზ.ფ-მა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-48-ე მუხლების შესაბამისად, აღწერა და დააყადაღა შპს „ი...ს“ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, მათ შორის ... (...) და ....

კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის 2018 წლის 12 მარტის №... და 26 მარტის №... წერილების თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს დაყადაღებული ნივთები არ იქნა მიჩნეული სს „თ...ს“ გირავნობის საგნად. შესაბამისად, ისინი არ იქნა ამორიცხული 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან. კერძოდ, 2018 წლის 12 მარტის წერილის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვლის ყადაღის აქტში მითითებული ნივთები არ იქნა მიჩნეული გირავნობის საგნებად, ერთ შემთხვევაში, ნივთების დამოუკიდებელი ფუნქციის არსებობის გამო, რაც გამორიცხავდა პირდაპირ იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ იგი წარმოადგენდა ამა თუ იმ დანადგარის ნაწილს, ხოლო მეორე შემთხვევაში დაყადაღებული ნივთების იდენტური ნივთების ...ოს ტერიტორიაზე არსებობის გამო. ამასთან, აღინიშნა, რომ გ...ას (...ის) ... და ... (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში-14)), როგორც შპს „ი...ს“ მიერ წარდგენილი ქონებრივი ნუსხის თანახმად, წარმოადგენდა ორ განსხვავებულ დანადგარს, გირავნობის საგანს კი წარმოადგენდა მხოლოდ ერთი, გარდა ამისა, №... გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ... ..., (გამოშვების წელი 2004), წარმოადგენდა გირავნობის საგანს, ხოლო ... შენობაში დაყადაღებული ...ის გამოშვების წელი, რომელიც აღნიშნული იყო მასზე არსებულ ტვიფრზე, იყო 2012 წელი, რის გამოც ვერ ხდებოდა მისი გირავნობის საგანთან იდენტიფიცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 2018 წლის 26 მარტის წერილში კი, აქტიდან ქონების ამორიცხვის მიზეზად მითითებულ იქნა, ის გარემოება, რომ №... და №... გირავნობის ხელშეკრულებებით არ დასტურდებოდა, რომ შპს „ი...ს“ მიერ დაყადაღებული ქონება წარმოადგენდა სს „თ...ს“ გირავნობის საგანს, ვინაიდან ვერ ხდებოდა ნივთების ზუსტი იდენტიფიცირება და ასევე წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა, რომ შპს „ი...-მა“ მისი დაგირავებული ქონება გადასცა საკუთრებაში შპს „ი...ს“.

ზემოაღნიშნული წერილები სს „თ...მა“ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს „თ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის 2018 წლის 12 მარტის №... და 26 მარტის №... წერილები იმ ნაწილებში, რომლითაც ...სა (...) და ...ის (ნივთის ნომერი აქტში - 14) ყადაღის გათავისუფლებაზე სს „თ...ს“ მოთხოვნას ეთქვა უარი და ამ ნაწილში მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 27 იანვარს სს „თ...სა“ და შპს „ი...ს“ შორის გაფორმდა №... გირავნობის ხელშეკრულება; 2015 წლის 28 იანვარს სს „თ...სა“ და შპს „გ...ას“ შორის გაფორმდა №... გირავნობის ხელშეკრულება; 2015 წლის 28 იანვარს სს „თ...სა“ და შპს „ი...ს“ შორის გაფორმდა №... გირავნობის ხელშეკრულება; 2018 წლის 28 იანვარს სს „თ...სა“ და შპს „ ი...ს“ შორის გაფორმდა №... გირავნობის ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ი...ს“ ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არაიდენტიფიცირებად მოძრავ ნივთზე: ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004, რეგისტრირებული იყო გირავნობა (გირავნობის რეესტრის: ..., 2017 წლის 3 მაისი, კრედიტორი: სს „თ...“, მესაკუთრე: შპს „ი...“, საფუძველი: გირავნობის ხელშეკრულება ..., ნოტარიუსი მ.რ-ი, ..., 28.01.2015. სს „თ...ს“ 2017 წლის 3 მაისის №32/102-02 წერილი). №... გირავნობის ხელშეკრულებით, 2015 წლის 28 იანვარს, ერთი მხრივ, სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, შპს „გ...ას“ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №...ან/და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004. გირავნობის საგნის მდებარეობად მითითებული იქნა ქ. თბილისი, ... ის რაიონი, ...ის ქ. №17.

ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ი...ს“ ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არაიდენტიფიცირებად მოძრავ ნივთებზე: ...; ... ...ის; ... ; ... 1/7.7, ... 800 კვტ; ... ; ... 630 კვტ (2 ცალი), ... ; ... 0 (46 ცალი); ... ); ... ... (6 ცალი); ... ... (19 ცალი); ... 18 ცალი, ... 8 ცალი, რეგისტრირებული იყო გირავნობის უფლება (კრედიტორი - სს „თ...“, მესაკუთრე - შპს „ი...“, საფუძველი - გირავნობის ხელშეკრულება №...).

ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით კვლევას საჭიროებდა ფაქტობრივი გარემოებები ...ის ყადაღის დადების კანონიერებასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ...ის შეძენა შპს „გ...ას“ მიერ მოხდა 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 2004 წელს გამოშვებული .... მოპასუხის ერთ-ერთი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ... და დაგირავებული ... არ წარმოადგენდა ერთი და იგივე საგანს, მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკის მიერ დაგირავებული ... განთავსებული იყო ქ. თბილისში, ...ის ქ. №17-ში და არა ქ. რუსთავში, ...ის №24-ში. საქმეში წარმოდგენილი იყო 2015 წლის 28 იანვრის №... გირავნობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო, რომ ... დატვირთული იყო ორი რიგის გირავნობით, კერძოდ, 2014 წლის 6 ნოემბრის №... და 2014 წლის 30 იანვრის №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 30 იანვრის №... გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ... მდებარეობდა ქ. რუსთავში, ...ის №24-ში. მოსარჩელე მხარე კი მიუთითებდა, რომ თბილისში, ...ის ქ. №17-ში მდებარეობდა კერძო სახლი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას, რამდენად შესაძლებელი იყო კერძო სახლში ...ის განთავსება, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული ჩანაწერი ტექნიკურ უზუსტობას, რომელსაც ემყარებოდა ყადაღისგან გათავისუფლებაზე მოპასუხის უარი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა შეესწავლა და შეეფასებინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება/შეკვეთა/ტექნიკური პასპორტი, შპს „გ...ას“ გაკოტრების მმართველის - აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, შპს „ი...ს“ და შპს „გ...ას“ ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „ი...ს“ დირექტორის განცხადება და სს „თ...ს“ თანხმობის წერილი გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე, ე.წ. „ჩამრთველის“ თარგმანი და საბოლოოდ მიღებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კერძო აღმასრულებლის ზ.ფ-ის 2020 წლის 11 მაისის A17067454-013/004 და A17067454-013/008 წერილებით, სს „თ...ს“ მოთხოვნა 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტით დაყადაღებული ...სა (..., ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 10) და ...ის (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14) ყადაღისაგან გათავისუფლებაზე, დაკმაყოფილდა და ყადაღისაგან გათავისუფლებული იქნა ... (..., ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 10) და ... (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოძრავ ნივთზე ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004, რეგისტრირებულია გირავნობა (გირავნობის რეესტრის: ..., 2017 წლის 3 მაისი, კრედიტორი: სს „თ...“, მესაკუთრე: შპს „ი...“, საფუძველი: გირავნობის ხელშეკრულება ..., ნოტარიუსი მ.რ-ი, ..., 28.01.2015. სს „თ...ს“ 2017 წლის 3 მაისის №32/102-02 წერილი). №... გირავნობის ხელშეკრულებით, 2015 წლის 28 იანვარს, ერთი მხრივ, სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, შპს „გ...ას“ შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №... ან/და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004. გირავნობის საგნის მდებარეობად მითითებული იქნა ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №17.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სს „თ...ს“ 2017 წლის 3 მაისის №32/102-02 წერილი, რომლის თანახმად, სს „თ...“, როგორც მოგირავნე (საგანი: ... ნივთი: ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი 2004, საფუძველი: გირავნობის ხელშეკრულება ..., ნოტარიუსი მ.რ-ი, ..., 28.01.2015) თანახმაა გირავნობა/ლიზინგის რეესტრში ... (კრედიტორი: სს „თ...“ ..., მესაკუთრე: შპს „გ...ა“ ... ) შეიცვალოს მესაკუთრე, გახდეს შპს „ი...“ (ს/კ ... ) და შესაბამისად, შპს „ი...ს“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში დარეგისტრირდეს ზემოაღნიშნული გირავნობა/ლიზინგი, ისე, რომ გირავნობის უფლება უცვლელი დარჩეს.

საქმის მასალებში არსებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 27.05.2015 წელი), ირკვევა, რომ შპს „გ...ას“ იურიდიული მისამართია: თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №17. ამასთან, საქმის მასალებში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ივლისის №54408 წერილის თანახმად, №... გირავნობის ხელშეკრულების საგანი (...) განთავსებული (დამონტაჟებული) იყო მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ის ქ. №24; №... გირავნობის ხელშეკრულების საგანი (...) გადაეცა საკუთრების უფლებით შპს „ი...ს“. დაგირავებული ...ის გამოშვების თარიღი იყო 2004 წელი, ხოლო მისი შეძენა განახლებული სახით მოხდა 2012 წელს. შესაბამისად, ...ის შემადგენელი კომპონენტის ...ის გამოშვების თარიღი იყო 2004 წელი. ამავე წერილის თანახმად, ...ის სხვა შემადგენელი ელემენტების - ...ის, ...ის გამოშვების თარიღია 2011-2012 წლები და მათი დაკომპლექტება და შეძენა ერთიანი კომპლექსის სახით მოხდა 2012 წელს. ხოლო, კომპანიაში ზემოხსენებული ... სარგებლობისას, მის არსებით შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა ... (...ის გამოშვების თარიღი - 2004 წელი), ... (გამოშვების თარიღი - 2012 წელი), ... (გამოშვების თარიღი - 2011-12 წლები) და ... (გამოშვების თარიღი - 2011-12 წლები); №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ...ის გარდა, სხვა ... შპს „გ...ას“ არასდროს ჰქონია საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ შპს „გ...ას“ დირექტორმა, 2018 წლის 7 ნოემბრის წერილით, დაადასტურა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 ივლისის წერილში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №78103 წერილი, რომელიც მოიცავს შპს „გ...ასაგან“ გამოთხოვილ ინფორმაციას, მათ შორის, რომ 2015 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გ...ას“ და შპს „ი...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ..., მოდელი ... საკუთრებაში გადაეცა შპს „ი...ს“. ამასთან, შპს „გ...ას“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17, ხოლო წარმოება და შესაბამისად, მთელი მისი მოწყობილობა მდებარეობდა მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №24. მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17 ... ვერანაირად ვერ დამონტაჟდებოდა, რამდენადაც ეს იყო საცხოვრებელი სახლი, სადაც ამ ტიპის ...ის მუშაობა იყო შეუძლებელი. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ი...ს“ გირავნობის საგანი - ... გადაეცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და 2015 წლის 7 თებერვლის №0157875791 სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 ნოემბრის №78103 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ...ის შეძენა მოხდა ... კომპანია „ინ...ის“ ... ფილიალიდან. ამ კომპანიის მიერ მოხდა ...ის დაკომპლექტება. დაკომპლექტებისას გამოყენებული იქნა მეორადი ... (...ის კორპუსი), რომლის რევიზია და განახლება მოახდინა ზემოაღნიშნულმა კომპანიამ. ...ის ყველა არსებითი შემადგენელი ნაწილი, ..., ..., ... და სხვა, კომპანია „ინ...მა“ დაამზადა და დააკომპლექტა თავად 2011-2012 წლებში და ერთიანი კომპლექტის სახით მიყიდა შპს „გ...ას“ 2012 წელს. ამავე წელს შპს „გ...ამ“ დაამონტაჟა ... მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №24. აღსანიშნავია, რომ ამავე წერილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებულ კომპანიას არ ჰქონდა საკუთრებაში სხვა ..., მოაწოდა თავად კომპანიის წარმომადგენელმა, ხოლო სასაქონლო ზედნადები №... იყო ერთადერთი და მასში ქონების ჩამონათვალიც იყო ერთი. გარდა ამისა, საქმეში არსებული შპს „ი...ს“ 10 ივლისის წერილის მიხედვით, მის საკუთრებაში შედიოდა მხოლოდ 1 .... თავის მხრივ, ... შპს „ი...მა“ შეიძინა შპს „გ...ასაგან“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების /შეკვეთა/ტექნიკური პასპორტის თანახმად, შეძენილ იქნა 2004 წელს წარმოებული მეორადი ..., განახლებული სახით, ხოლო საქმეზე თანდართულია ...ზე დატანილი შტამპი (თარიღდება 2012 წლით) და მისი თარგმანი რომლის მიხედვითაც იგი ეკუთვნის 2012 წელს წარმოებულ ...ის, ხოლო გადახდისუუნარობის საქმის მენეჯერის 2018 წლის 30 ივლისის წერილით ირკვევა რომ №... გირავნობის ხელშეკრულების საგანია ..., რომელიც განთავსებული იყო ქ. რუსთავში, ...ის ქ. №24, აღნიშნული ... საკუთრების უფლებით გადაეცა „ი...ს“. ...ის გამოშვების თარიღია 2004 წელი, ხოლო მისი შეძენა განახლებული სახით მოხდა 2012 წელს. შესაბამისად, დასახელებული ...ის შემადგენელი კომპონენტის-...ის გამოშვების თარიღია 2004 წელი, ...ის, ...ის სისტემების გამოშვების თარიღია 2011-2012 წლები. მათი დაკომპლექტება და შეძენა და მონტაჟი მოხდა ერთიანი კომპლექსის სახით 2012 წელს. კომპანიაში აღნიშნული ... სარგებლობისას მის არსებით შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა ... (გამოშვების თარიღი 2004 წელი), ... (თარიღი 2012 წელი), ... (2011-2012 წელი) და ... (2011-2012 წლები). ამავე წერილით ირკვევა, რომ შპს „გ...ას“ სხვა ინდუქციური ... არასდროს ჰქონია საკუთრებაში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ არც შპს „გ...ას“ და არც შპს „ი...ს“ საკუთრებაში არ ჰქონიათ სხვა ....

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდუქციური ...ის გამოშვების თარიღი იყო 2004 წელი, ხოლო მისი გარკვეული ნაწილები იყო 2012 წლის და იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ყადაღის აქტიდან ამორიცხული სადავო დანადგარი წარმოადგენს სს „თ...ს“ სასარგებლოდ დაგირავებულ ნივთს და მისი ამორიცხვა ყადაღის აქტიდან, იყო კანონიერი. აქვე აღსანიშნავია, კასატორის მითითება, ...ის განახლებული სახით შეძენის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, განახლებული სახით შეძენაში იგულისხმება სწორედ 2004 წელს გამოშვებული დანადგარის გარკვეული ნაწილების განახლების შედეგად, მისი შეძენა, რაც განახორციელა შპს „გ...ამ“.

ამასთან, მართალია კასატორი მიუთითებს, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას რეალურად არ მომხდარა გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებელს დაევალა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კერძოდ, 2012 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება/შეკვეთა/ტექნიკური პასპორტის, შპს „გ...ას“ გაკოტრების მმართველის - აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხის, შპს „ი...ს“ და შპს „გ...ას“ ამონაწერების სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „ი...ს“ დირექტორის განცხადების და გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე, სს „თ...ს“ თანხმობის წერილის, ე.წ. „ჩამრთველის“ თარგმანის გამოკვლევა და საბოლოოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული დოკუმენტები კი საქმეს თავისთავადვე ერთოდა და მათი დეტალური გაცნობის და შეფასების შედეგად საჭიროებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, კასატორს კი არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ კერძო აღმასრულებელს გადაწყვეტილების მიღებისას რეალურად არ მოუხდენია მის ხელთ არსებული, ზემოაღნიშნული მასალების შეფასება და ანალიზი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში როგორც ქვედა ინსტანციების, ასევე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მტკიცებულებებით სწორედ ინდუქციურ ...სა და ...ზე სს „თ...ს“ გირავნობის უფლების და აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი გარემოებების არსებობა დასტურდება.

რაც შეეხება ...ზე ყადაღის მოხსნის კანონიერებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით, შპს „ი...ს“ დირექტორის თ.ლ-ის მიერ 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილი ქონებრივი ნუსხის და საქმეში წარმოდგენილი ამონაწერების, ასევე, №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ „ი...ს“ საკუთრებაში იყო სამი ...: ...ის ... და ...ის .... პირველი ორი „თ...ს“ დაგირავებული ჰქონდა 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მესამე ... დაგირავებული იყო შპს „ი...-სთან“ გაფორმებული №... გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საკუთრებაში გადაეცა შპს „ი...ს“. შპს „ი...ს“ დირექტორის თ.ლ-ის მიერ 2017 წლის 10 ივლისს კერძო აღმასრულებლისათვის წარდგენილ ქონებრივ ნუსხაში მითითებული იყო 3 ..., შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ...ის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში. კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელდა აღსრულების ფარგლებში 2018 წლის 2 თებერვლის აღწერა-დაყადაღების აქტით დაყადაღებული ...ის (ნივთის ნომერი ყადაღის აქტში - 14) ყადაღისაგან გათავისუფლება, აღნიშნული მოქმედების უკანონობა კი განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ო.ა.ა-ის საკასაციო საჩივარზე ვ.ა-ის მიერ 23.10.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ.ა-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.ა.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება;

3. ვ.ა-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.10.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე