Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-385(კ-24) 24 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ.კ-ი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ.კ-მა 2020 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, ლ.კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 300 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, სისხლის სამართლის N074240417801 საქმეზე დაზარალებულად ცნობის შესახებ 2017 წლის 13 ივლისის პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ლ.კ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, რაც გამოიხატა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ლ.კ-ის N... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წლების განმავლობაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამები ფაქტების დადასტურებით, კერძოდ სსსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით, აღნიშნულმა კი, მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა, შესაბამისად, მოითხოვა მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ლ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.კ-ის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით (საქმეN1/3385-17); კერძოდ, სასჯელაღსრულების N... დაწესებულების თანამშრომლები ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და სსკ 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - მათი მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა პატიმრების, მათ შორის, ლ.კ-ის ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, უკანონოდ ეზღუდებოდათ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღების და სხვა უფლებები. აღნიშნული ხორციელდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლ.კ-ი ცნობილია დაზარალებულად, დაზარალებულად ცნობის საფუძველი კი გახდა N... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, დაცული ყოფილიყო მისი პატივი, ღირსება და ჯანმრთელობა, პირიქით არათუ დაცული ყოფილიყო, არამედ ლ.კ-ი გახდა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და შესაბამისად, დადგენილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მოსარჩელის ძალადობისა და ჯანმრთელობის ხელყოფს ფაქტი, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით არსებობდა მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, ხოლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ზიანის ოდენობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედებების (არაადამიანური მოპყრობა, წამება), ჯანმრთელობის მდგომარეობის, საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ასაკის და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, გონივრული იყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ლ.კ-მა, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.კ-ის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრები; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე ლ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში ლ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ლ.კ-სთან მიმართებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება - შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, დაცული ყოფილიყო მისი ღირსება, ჯანმრთელობა, საჯარო მოხელეთა მხრიდან არ განხორციელებულიყო მის დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ.კ-სთან მიმართებით სახეზე იყო როგორც პატივისა და ღირსების შელახვისათვის, ისე ჯანმრთელობის დაზიანებისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძვლები, შესაბამისად, გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია მოპასუხისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციურ სამსახურს ლ.კ-ის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. მორალურ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ალ-საადონი და მუფთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (საქმე N61498/08) მიუთითა, რომ მორალური ზიანის კომპენსაციას შესაძლებელია ჰქონდეს სიმბოლური სახე, რადგან შეუძლებელია თანხობრივად გამოიხატოს მორალური ზიანის ოდენობა, ვინაიდან ფინანსურად მორალური ზიანის კომპენსაციის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მსგავს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას თანხის ოდენობაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული ფაქტის აღიარება და შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში ლ.კ-ის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამის პირებს დაეკისრათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კასატორი არ იზიარებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლოს შეფასებას, რომლის მიხედვითაც ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, სამართლიანი და თანაბარზომიერი ანაზღაურების ფარგლებში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სადაც მორალური ზიანის შესაბამის კომპენსაციად სასამართლო მიიჩნევს 6-8 ათას ევროს და სწორედ აღნიშნულ ფარგლებში მერყეობს ის თანხები, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს, როგორც ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ, ისე მათ მიერ გაწეული დანახარჯების ასანაზღაურებლად.

კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ ეთმობა გადაწყვეტილებაში თანხის გამოანგარიშების პრინციპს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს არ გააჩნია თავისუფალი დისკრეცია მტკიცებულებებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკმაყოფილოს სარჩელი და შეცვალოს მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც იყო სისტემური, რის გამოც არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს და ათეულობით საქმე არსებობს, სადაც დაზარალებულები ითხოვენ მორალური ზიანის კომპენსაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად სარჩელის უარყოფის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლის მიხედვით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ლ.კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების კანონიერება. საკასაციო საჩივრით კასატორი ძირითადად აპელირებს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV კანონით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს კანონის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

მორალური ზიანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მითითებული ნორმა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისა ან/და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებას, ამდენად, პალატა განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს დადასტურებული, რაც ლ.კ-ის შემთხვევაში დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 8 ნოემბრის N13/72161 წერილით, რომლითაც ლ.კ-ის ეცნობა, რომ პროკურორის 2017 წლის 13 ივლისის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის N074240417801 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, ლ.კ-ი ცნობილია დაზარალებულად და სარგებლობს დაზარალებულის სტატუსით (ტ.1. ს.ფ. 16). გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... დაწესებულებაში ლ.კ-ის მიმართ ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დამამცირებელი, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავი ფაქტების არსებობა, რამაც განაპირობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამრიგად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების პირობები სახეზეა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ სადავოდ გახდა მისი ოდენობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ, მაგრამ პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის უზომოდ გაზრდა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბ., 2007, 70-71). ამრიგად, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რეალობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. „სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს.“ (სუსგ Nას-1156-1176-2011, 20.02.2012წ.)

„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.“ (სუსგ Nას-95-90-2013წ. 14.06.2013)

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ლ.კ-ის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას შექმნილმა პირობებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი ლ.კ-ის სამედიცინო დოკუმენტაციით, მათ შორის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ... სამედიცინო ბარათში 2012 წლის 29 ნოემბერსა და 2013 წლის 4 თებერვალს არსებული ჩანაწერების თანახმად, ლ.კ-ი უჩიოდა ...ას, ...ის მიდამოში, ...ის პრობლემები; დაესვა ...ის დიაგნოზი (...). ლ.კ-ის სამედიცინო დოკუმენტაციის, კერძოდ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკური დაკვირვების დღიურის თანახმად, 2013 წლის 22 ივლისის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა ძლიერ საერთო სისუსტეს, ...ას. ... ... ს/ს ...ის 2013 წლის 24 ივნისის NIV-100/ა ფორმის თანახმად, ლ.კ-ის დაესვა ...ის დიაგნოზი (...). ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. შპს „...ის“ 2013 წლის 24 ივნისის ცნობის თანახმად, ლ.კ-ი უჩიოდა ...ის არეში, ...ის დროს. აღნიშნული ჩივილები ჰქონდა 2 წელი და ჩივილების პროგრესირების გამო, გადაყვანილ იქნა ...ში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები და სპეციალისტის კონსულტაციები. დიაგნოზი - ... ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. 2014 წლის 6 ოქტომბრის ოჯახის ექიმის კონსულტაციის შესაბამისად, პაციენტი ლ.კ-ი უჩიოდა ...ის ტრავმა. ამავე წლის 13 ოქტომბრის სამედიცინო ცნობის თანახმად, ლ.კ-ის 2 წლის განმავლობაში აღენიშნებოდა მუდმივი ტკივილი ...ში, ...ის დროს. 2014 წლის 01 დეკემბრის ჩანაწერის თანახმად, 2 წელი ლ.კ-ი უჩიოდა ...ის „ ...ის“ ტკივილს, შექცევითი ფორმით, ძირითადად ნერვიულ ფონზე. ტკივილისას ხდებოდა აგრესიული, უკონტროლო. 2015 წლის 10 და 26 თებერვალსა და 02 აპრილს ლ.კ-ის აღენიშნებოდა ძლიერი ...ის ტკივილი, უძილობა, შფოთვა; 2015 წლის 14 ივლისს ლ.კ-ი უჩიოდა ...ში. ...ის დაავადება გაუმწვავდა. 2015 წლის 24 ივლისს, ლ.კ-ი უჩიოდა ტკივილს ...ში, ასევე ტკივილს ...ის არეში. ...ის ...ის არეში აღენიშნებოდა ... კონსულტაცია გაეწია ...ის მიერ. ხოლო 2015 წლის 10 ივნისის დღიურის ჩანაწერის თანახმად, პაციენტი უჩიოდა ...ას. პაციენტის გასინჯვის ფურცელი, ფორმა NIV-200-3/ა-ის თანახმად, 2015 წლის 10 თებერვალს დაესვა დიაგნოზი ...; 2015 წლის 26 თებერვალს - ...; 2015 წლის 2 აპრილს - ... N ...; 2015 წლის 10 ივნისს - ...; ლ.კ-ის 2015 წლის 28 მაისის გასინჯვის ფურცლის მიხედვით, უჩიოდა ...ის ტკივილებს, ...ას, ... ...ას. დაესვა დიაგნოზი - ... (ტ.1.ს.ფ. 219-223; 225-226, 231- 233, 244, 256). აღსანიშნავია, რომ საპყრობილეში მოთავსების მომენტში ლ.კ-ის ჯანმრთელობის ანალოგიური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განპირობებულია ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული ქმედებებით, რისთვისაც მათ დაეკისრათ შესაბამისი სასჯელი, ხოლო მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენი (საქმე N1/3385-17), ადასტურებს სასჯელაღსრულების N... დაწესებულების თანამშრომლების მიერ მოსარჩელისთვის დანაშაულით, კერძოდ, წამებითა და არაადამიანური მოპყრობით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტს; კერძოდ, მათი მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა პატიმრების, მათ შორის, ლ.კ-ის ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, უკანონოდ ეზღუდებოდათ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღების და სხვა უფლებები. აღნიშნული ხორციელდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილება. 2010-2012 წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო.ფ-ა, ამავე განყოფილების თანამშრომლებთან ნ.მ-სთან, მ.ღ-სთან, ზ.ხ-სთან, ვ.გ-სთან, დ.ჩ-სთან, დ.ნ-სთან და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. კარანტინის დაშლა, რა დროსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხით და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში. 2010-2012 წლებში ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, „კარანტინის დაშლისას“ სცემეს ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით დაზარალებულები. აღნიშნულმა კი ცალსახად წარმოქმნა უარყოფითი განცდები და მისი თმენის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს იმ პირს, რომლის მიმართაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

„მოპყრობა მიიჩნევა არაადამიანურად, როდესაც ის არის წინასწარი განზრახვით ჩადენილი, სისასტიკის მინიმალურ ზღვარს ცდება და იწვევს სხეულის რეალურ დაზიანებას ან ძლიერ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას, ხოლო როდესაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, გამოხატავს რა პატივისცემის ნაკლებობას ან აკნინებს მის ღირსებას ან აღძრავს მასში შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების ისეთი ხარისხის განცდას, რომელსაც შეუძლია მისი მორალური თუ ფიზიკური გამძლეობის გატეხვა, აღნიშნული უნდა შეფასდეს როგორც დამამცირებელი მოპყრობა.“ (Pretty v. the United Kingdom, N2346/02, § 52, ECHR 2002-III)

,,მოპყრობა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა არაადამიანურად, როდესაც იგი გამოყენებული იყო რამდენიმე საათის განმავლობაში და გამოიწვია სხეულებრივი დაზიანება ან ძლიერი ფიზიკური სულიერი ტანჯვა.“ (Labita v. Italy, განაცხადი N26772/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 120). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპყრობა ღირსების შემლახველია, როცა იგი იწვევს დაზარალებულში შიშს, ტკივილს და არასრულფასოვნების შეგრძნებას, რომელსაც შეუძლია მისი დამცირება, ღირსების შელახვა და მისი სულიერი მედეგობის გატეხვა (Jalloh v. Germany, განაცხადი N54810/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი 68).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მორალური ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ ლ.კ-ის, როგორც პატიმრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მისი ინტენსივობისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლდა აღნიშნულ ქმედებებს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 50 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა