საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-486(კ-24) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. დ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
2023 წლის 23 მაისს ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. ნ. დ-ემ მოითხოვა „მიწის ნაკვეთზე ნ. დ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის №1125 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ნ. დ-ეის მოთხოვნა ქ.თბილისში, გლდანში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 2 611 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნ. დ-ემ გაასაჩივრა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ. დ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს- ნ. დ-ეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად არ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი .... ბინა N...) გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - თ. გ-ის 2024 წლის 24 აპრილს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ამავე წლის 2 მაისს ჩაბარდა პირადად თ. გ-ის (პ/ნ ...).
2024 წლის 13 მაისს კასატორის - ნ. დ-ეის წარმომადგენელმა თ. გ-იმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ვერ შეძლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება, რის გამოც ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით; კასატორს - ნ. დ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ზემოაღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2024 წლის 13 მაისს საქმეში არსებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი .... ბინა N...) გაეგზავნა კასატორის - ნ. დ-ეის წარმომადგენელს - თ. გ-ის და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა თ. გ-ის პირადად (პ/ნ ...) ამავე წლის 24 მაისს.
2024 წლის 3 ივნისს კასატორის - ნ. დ-ეის წარმომადგენელმა თ. გ-იმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება-შუამდგომლობა, რომელშიც მიუთითა, რომ კასატორი მხარის-ნ. დ-ეის ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე საკითხის შეთანხმების მიზნით. თ. გ-იმა საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის დამატებით 10 - დღიანი ვადის მიცემის თაობაზე.
განცხადების საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით, გაგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა კიდევ 10 დღით; კასატორს - ნ. დ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი, საქმეში არსებულ მისამართზე, გაეგზავნა კასატორის - ნ. დ-ეის წარმომადგენელს - თ. გ-ის 2024 წლის 5 ივნისს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა თ. გ-ის პირადად (პ/ნ ...) ამავე წლის 13 ივნისს.
2024 წლის 24 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კასატორი მხარე ნ. დ-ეის წარმომადგენელმა - თ. გ-იმა კვლავ შუამდგომლობით მომართა, სადაც აღნიშნულია, რომ დედის გარდაცვალების გამო კასატორის წარმომადგენელმა ვერ მოახერხა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოითხოვა, საპროცესო ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით კვლავ გაგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით; კასატორს - ნ. დ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ზემოაღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში არსებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი .... ბინა N...) გაეგზავნა კასატორის - ნ. დ-ეის წარმომადგენელს - თ. გ-ის 2024 წლის 28 ივნისს და მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა თ. გ-ის პირადად (პ/ნ ... ) ამავე წლის ორ ივლისს.
2024 წლის 13 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორი მხარე ნ. დ-ეის წარმომადგენელმა თ. გ-იმა. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მძიმე სულიერი მდგომარეობის გამო კასატორის წარმომადგენელმა ვერ მოახერხა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოითხოვა, საპროცესო ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის (სარჩელის) წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1. მუხლის (სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების) დარღვევას და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ამავდროულად, კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მხარის მიერ მტკიცებულებათა წარდგენისა და სასამართლოს მიერ მათი სათანადოდ შეფასების შემთხვევაში. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის გადავადების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თუმცა მხარის ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარმოდგენა, საკასაციო საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების/გადავადების აუცილებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ადგენს შესაძლებლობას, გაგრძელდეს სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, კასატორის წარმომადგენლის - თ. გ-იის განცხადება/შუამდგომლობის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ უკვე სამჯერ გააგრძელა 2024 წლის 13 მაისის, 5 ივნისის და 27 ივნისის განჩინებებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ ვადაში, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების ან/ და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსთვის არაერთგზის წარმოდგენილი განცხადებებით საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნა, დადგენილ ვადაში სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობა და ხარვეზის შეუვსებლობა, საკასაციო საჩივრის ავტორის მხრიდან ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რის გამოც, მიზანშეუწონელია, ხარვეზის შევსების მიზნით, მისთვის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის, 13 მაისის, 5 ივნისის და 27 ივნისის განჩინებებით დადგენილი ხარვეზი არ არის გამოსწორებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, ქმნის ნ. დ-ეის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა :
1.კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განუხილველი დარჩეს ნ. დ-ეის საკასაციო საჩივარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე