საქმე №216აგ-13 17 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი თ.- 216აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით თ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 წლით; სსკ–ის 273–ე მუხლით – 6 თვით, ხოლო სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით თ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.
2013 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. გ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სადაც აღნიშნა, რომ მისი დაკავება და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა კანონის უხეში დარღვევით, რომელსაც შეესწრო მასთან სტუმრად მყოფი უკრაინელი ქალბატონი – ი. ლ-ი, რომელსაც ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს ფული (სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო ი. ლ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს); შუამდგომლობაში თ. გ-ი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მიზანმიმართულად დააზიანეს მის სახლში არსებული სათვალთვალო კამერები, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა; მის მიმართ დადგენილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და ლ. მ-ის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებებს; მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწამებდნენ და ეპყრობოდნენ არაადამიანურად, რაზეც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული თ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსადმი მითითებას შუამდგომლობის დაშვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავადაა მითითებული ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა თ. გ-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება მსჯავრდებულ თ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი