Facebook Twitter

№218აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი

ზ-ე ა. 218აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით ა. ზ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 7 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 12 იანვრიდან 15 იანვრამდე. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 15 ნოემბრიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ზ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ზ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ა. ზ-ეს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა პირობითი მსჯავრი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით - პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წელი და 9 თვე პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ა. ზ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ა. ზ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა: 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ ა. ზ-ეს რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი და 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ა. ზ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრისა და 8 თებერვლის განჩინებებზე არ იქნა განხილული, მის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ა. ზ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენის თაობაზე ა. ზ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაული მას ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების წესით, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ზ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სრულად შეკრების წესით დანიშვნის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი ა. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი