საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1254(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - ი.კ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ბ-მა 2021 წლის 22 ივნისს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 ივნისის №დ-34.34211541 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით 2020 წლის 4 ნოემბერს გამოსცა №34-3420309256 ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს აცნობა, რომ მერია, მ.ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არ იყო წინააღმდეგი მცხეთაში, სოფ. ...-ის (მე-... ქუჩის II შესახვევი, №...) ტერიტორიაზე (ს/კ ...-; მიწის ნაკვეთის ფართი - 801,00 კვ.მ) განხორციელებულიყო დამხმარე შენობა-ნაგებობის (...-ის) მშენებლობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, არ გაუთვალისწინებია ზემოაღნიშნული აქტის შინაარსი, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა თანხმობა ...-ის მშენებლობაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგნორირებულია საქმიანობის მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით წარმართვის აუცილებლობა, რაც ართმევს უფლებას ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაიცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 4 ნოემბრის წერილი, ითვალისწინებდა შენობის განთავსებას არა მეზობლის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, არამედ მ.ბ-ის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება, პალატის მოსაზრებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის №ს-1512 ბრძანების შესრულების მიზნით, მერიაში წარადგინა განცხადება საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2020 წლის 4 ნოემბრის №34-3420309256 წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმდა წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ვინაიდან ის აკმაყოფილებდა I კლასის შენობა-ნაგებობის მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა მიიჩნია, რომ ყველა დარღვევა აღმოფხვრილი იყო. შესაბამისად, 2020 წლის 4 ნოემბრის შემდეგ არ არსებობდა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნის საფუძველი. სადავო ადმინისტრაციულ აქტს წინ უსწრებდა თანხმობა მშენებლობაზე, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ დაეყრდნო იმ აქტებს, რომლებიც 2020 წლის 4 ნოემბრამდე იყო გამოცემული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. მითითებული კოდექსის 25-ე მუხლში განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები, კერძოდ, მოხმობილი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქე ი.კ-ას მიერ, 2019 წლის 30 მაისს, წარდგენილ იქნა №1-8436 განცხადება. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ მცხეთაში, სოფელ ...-ში, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე (ს/კ ...-) შეჭრილი იყო მომიჯნავე ნაკვეთის (ს/კ ...-) მესაკუთრე - მ.ბ-ი, კონკრეტულად, სადავო მიჯნაზე უნებართვოდ ჰქონდა აშენებული შენობა-ნაგებობა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შეადგინეს მითითება, რომელშიც დაფიქსირდა, რომ .., .., .., და .., კოორდინატებით არსებულ ტერიტორიაზე აშენებული იყო შენობა-ნაგებობა - ...-. მითითების თანახმად, მშენებლობის თაობაზე მერიასთან შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით, მ.ბ-ს განესაზღვრა ვადა (7 კალენდარული დღე). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 12 ივნისს შედგენილ იქნა №50 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელემ განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა.
ასევე დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 20 ივნისს მიღებული იქნა №ს-1512 ბრძანება, რომლის საფუძველზე მ.ბ-ი ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევ პირად და ...-ის მშენებლობის უნებართვოდ განხორციელებისთვის დაჯარიმდა 200 ლარით. ამავე ბრძანებით მ.ბ-ს დაევალა ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრა.
2021 წლის 2 აგვისტოს, ი.კ-ამ, კვლავ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მ.ბ-ის მიერ განხორციელებული უნებართვო ...-ის ნაწილობრივი დემონტაჟი მოითხოვა, კერძოდ, იმ ნაწილის, რომელიც მის ნაკვეთშია მოქცეული.
დადგენილია, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მ.ბ-ის მიმართ განახლდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვა. საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რომელმაც სხდომის მიმდინარეობისას დაადასტურა მეზობელთან - ი.კ-ასთან სადავო ტერიტორიაზე შეთანხმების მიუღწევლობის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 16 სექტემბერს, მიღებულ იქნა №ს-2434 ბრძანება, რომლითაც მ.ბ-ს დაევალა როგორც უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ასევე ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის №ს-1512 ბრძანების შესრულების მიზნით, მოსარჩელე მ.ბ-მა მერიაში წარადგინა განცხადება საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2020 წლის 4 ნოემბრის №34-3420309256 წერილით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმდა წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა I კლასის შენობა-ნაგებობის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო კვლავ მოიხმობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, რომლის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
მოცემულ სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ბ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...-) არსებული შენობა-ნაგებობა არ არის მოყვანილი მერიის 2020 წლის 4 ნოემბრის №34-3420309256 წერილით შეთანხმებული პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში; შენობის ნაწილი კვეთს მე-3 პირის - ი.კ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს (ს/კ ..,). შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2021 წლის 3 ივნისს, მიღებულ იქნა №დ34.34211541 სადავო დადგენილება ს/კ ...- და ს/კ ...- მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (...-ის) დემონტაჟის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ნიშანდობლივია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 13 ივნისს გამართულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მ.ბ-მა, რომელმაც დაადასტურა მის კუთვნილ ნაკვეთში უნებართვოდ ნაწარმოები ...-ის მის მიერ მშენებლობა. მან ასევე დაადასტურა, რომ შენობის ნაწილი გადასული იყო მისი მეზობლის - ი.კ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 4 ნოემბრის წერილით თანხმობა ეთქვა რა სადავო ...-ის, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობის შეთანხმებაზე, არ არსებობდა სადავო აქტის გამოცემის საფუძველი, პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ აღნიშნული წერილი არ მოიაზრებდა განმცხადებლის მიერ ასაშენებელი პროექტის სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აგებას. აღნიშნული წერილის შესავალ ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ განმცხადებელი ითხოვდა დამხმარე შენობა-ნაგებობის (...-ის) მშენებლობას მცხეთაში, სოფ. ...-ის ტერიტორიაზე, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამის საპირისპიროდ კი, მოსარჩელემ სადავო შენობა-ნაგებობა მოაქცია მის და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე, რაზედაც თანხმობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუცია. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 14 აპრილის წერილზე (ს.ფ. 87), რომლითაც ირკვევა, რომ მ.ბ-ის მიერ მერიასთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა-ნაგებობა უნდა მდებარეობდეს მ.ბ-ის საკუთრებაში არსებული ს/კ ...- მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში, მეზობელი ს/კ ...- მიწის ნაკვეთთან არსებული სასაზღვრო მიჯნიდან (წითელი ხაზიდან) 0.2 მ.-ის დაშორებით.
ამდენად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებით გათვალისწინებული მითითების შეუსრულებლობისა და მერიის 2020 წლის 4 ნოემბრის წერილის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მართებულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელე მ.ბ-ისათვის სადავო შენობა-ნაგებობის - ...-ის დემონტაჟის დავალება. შესაბამისად, ასევე მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე მ.ე-ს 11.11.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.ე-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;
3. მ.ე-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 11.11.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე