Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1395(კ-22) 23 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე.ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 17 ივნისს ე.ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 მაისის №03/7650 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №15, ბლოკი - ..., სართული - ..., ბინა №...) - ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) ე.ბ-ასთვის, როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის შუამდგომლობით მიმართვის დავალება.

მოსარჩელე ე.ბ-ას განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ძმა - ბ.ბ-აც იყო ასევე დევნილი, რომელსაც 2019 წლის 19 ოქტომბერს სარგებლობაში გადაეცა ერთოთახიანი ბინა. თუმცა ბ.ბ-ას გარდაცვალების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მისი ძმის ერთადერთი მემკვიდრეა და მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება, რომელიც მის ძმას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა, ეკუთვნის მას, როგორც ბ.ბ-ას ერთადერთ მემკვიდრეს. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებისა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №38, კორპუსი №..., ბლოკ ...-ში მდებარე №... ბინის ბ.ბ-ასთვის გადაცემის შესახებ აქტის დროულად გამოცემის შემთხვევაში, იგი შეძლებდა უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ.ბ-ამ, როგორც იძულებით გადაადგილებულმა - დევნილმა, შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბ.ბ-ას ოჯახის ქ. თბილისში, ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2019 წლის 19 ოქტომბერს, ბ.ბ-ამ განაცხადა თანხმობა კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული, ერთოთახიანი ფართის - ქ. თბილისში, ...ის ქ. №38, კორპუსი №..., ბლოკი - ..., სართული .., ბინა №...-ის მიღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №56 და მიღება-ჩაბარების აქტი №56.

2019 წლის 26 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია №... საკადასტრო კოდის მქონე 36.87 კვ.მ ბინის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო №03-288/ო ბრძანება, რომლითაც ბ.ბ-ას განსახლების ადგილად განისაზღვრა ერთოთახიანი ბინა, მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №15, ბლოკი - ..., სართული ..., ბინა №.... დადგენილია, რომ მოსარჩელის ძმა - ბ.ბ-ა გარდაიცვალა 2020 წლის 3 მაისს. 2020 წლის 16 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მემკვიდრეობა გაიხსნა აწ გარდაცვლილი ბ.ბ-ას ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივები) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივები) ერთობლიობაზე, ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე, რომლებიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. მემკვიდრედ განისაზღვრა ე.ბ-ა, როგორც გარდაცვლილი ბ.ბ-ას მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (ძმა). აღნიშნულის საფუძველზე, ე.ბ-ამ 2021 წლის 10 მარტს განცხადებით (სარეგისტრაციო №11175) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს და ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში, ... ბლოკში, მე-... სართულზე მდებარე, ერთოთახიანი (36,87 კვ.მ) №159 საცხოვრებელი ბინის ე.ბ-ასთვის გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება მოითხოვა. განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ იგი საცხოვრებელი ფართით სარგებლობდა მეუღლესთან - ე.ფ-სთან ერთად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2021 წლის 17 მაისის №03/7650 გადაწყვეტილებით ე.ბ-ას უარი ეთქვა 2021 წლის 10 მარტის №11175 განცხადებით მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე. სადავო აქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს - ბ.ბ-ას, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, 2019 წლის 19 ოქტომბრის აქტის საფუძველზე, მფლობელობაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, თუმცა, აღნიშნული ფართის მისთვის საკუთრებაში გადაცემა არ მომხდარა ბ.ბ-ას გარდაცვალების გამო. მოცემული მდგომარეობით კი, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად, მასზე მემკვიდრეობის უფლება ვერ განხორციელდებოდა. სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ე.ბ-ა და მისი მეუღლე - ე.ფ-ა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი ფართით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ზონა „ა“, კორპუსი №16. ხოლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი პირი/დევნილი ოჯახი ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას არ ექვემდებარებოდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ე.ბ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ე.ბ-ას. მასვე დაევალა გადაცემულ ქონებაში ე.ფ-ას, ბ.ბ-ას და თ.ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონება ს/კ ... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ე.ბ-ას სახელზე.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ „წესის“ შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. სასამართლომ, წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სახელმწიფომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა ერთჯერადად შესასრულებლად, რაც ე.ბ-ას და მისი ოჯახის მიმართ შეასრულა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 ივლისის №496 განკარგულებით და 2009 წლის 30 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ბ-ას საკუთრებაში გადაეცა ...ში, ... ზონა „ა“-ში, №16 კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე 82,9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ე.ფ-ას, ბ.ბ-ას და თ.ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით. შესაბამისად, დამატებით სხვა ფართის მატერიალურ მდგომარეობაზე მითითებითა და იმ საფუძვლით მოთხოვნა, რომ იგი სარგებლობს კონკრეტული ფართით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ე.ბ-ას და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება აღარ გააჩნდა ზემომითითებული ვალდებულების შესრულების გამო.

საქალაქო სასამართლომ მემკვიდრეობის თაობაზე მოსარჩელის პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მემკვიდრე წარმოადგენს რა მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს, მასზე გადადის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც ამ უკანასკნელს სიკვდილის მომენტისათვის გააჩნდა, ხოლო ქონება, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, შესაძლებელია სამკვიდროში შევიდეს მხოლოდ კუმულატიურად არსებული ორი პირობის შემთხვევაში: 1. მამკვიდრებელმა დაწერა ანდერძი; 2. კონკრეტული ქონება მის საკუთრებში იყო არა ანდერძის შედგენის დროს, არამედ სამკვიდროს გახსნის დროს. სასამართლომ მიუთითა, რომ სამკვიდროში შედის მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის მისი კუთვნილი ქონება და არა მომავალი ქონება, რომელიც მას სიცოცხლეში უნდა მიეღო და გარდაცვალებამდე ვერ მიიღო. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობითაც მიიღო, რომელშიც პირდაპირ იქნა მითითებული, რომ ე.ბ-ას, როგორც მემკვიდრეს, გადაეცა ყველა ის ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივები) და მოვალეობები (სამკვიდრო პასივები) ერთობლიობაში, ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები, რომლებიც ბ.ბ-ას გარდაცვალების მომენტისათვის ჰქონდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე დაკავშირებულია კონკრეტული პირის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან და შესაბამისად, წარმოადგენს პირადი ხასიათის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირი, ვისი საჭიროებისთვისაც სახელმწიფოს მისი დევნილობის გამო წარმოეშვა ვალდებულება საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარდაიცვლება, აღნიშნული ვალდებულება წყდება სუბიექტის და შესაბამისი საჭიროების არარსებობის გამო; აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება სამკვიდრო მასაში არ შედის და შესაბამისად, სხვა პირზეც არ გადადის. მოსარჩელის ძმის - ბ.ბ-ას გარდაცვალების მომენტისათვის ადმინისტრაციული წარმოება კონკრეტული ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ იყო დასრულებული და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება არ გამოცემულა. შესაბამისად, ბ.ბ-ასთან მიმართებით არ არსებობს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების საფუძველზე გამოცემული უფლებადამდგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღნიშნულის გათვალისწინებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც, თავის მხრივ, წარმოშობდა ბ.ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე, ის არ შედიოდა ბ.ბ-ას სახელზე გახსნილ სამკვიდრო მასაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ე.ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოთხოვნას უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ბ-ას საკასაციო საჩივარი.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება იმ დევნილ პირთა მიმართ გამოიცემა, რომელთაც მოპასუხე სააგენტოს მიერ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, კანონიერ სარგებლობაში გადაეცათ უძრავი ქონება. სათანადო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილისათვის უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა მისთვის ამავე ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველი და წინაპირობაა.

კასატორის მითითებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხე სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03-288/ო ბრძანება წარმოადგენს ბ.ბ-ას მიერ სადავო უძრავი ქონებით კანონიერად სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც მისი გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მიღებული. ხსენებული ბრძანების გამოცემით კი, დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება სადავო ქონების სარგებლობაში გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ კასატორის მამკვიდრებლის - ბ.ბ-ას უფლებამოსილ პირად მიჩნევის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისა და ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, ბ.ბ-ა მოიპოვებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დევნილისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ აქტის გამოცემა და აღნიშნულის საფუძველზე ქონების შემძენთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება არის დევნილისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესასრულებელი ბოლო, ფორმალური საფეხური.

კასატორი მიიჩნევს, რომ მისმა მამკვიდრებელმა თავის სიცოცხლეში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვა უფლება - სახელმწიფოს მისთვის საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება, თუმცა მისი სიცოცხლის მანძილზე მთავრობის მიერ შესაბამისი აქტი ვერ გამოიცა და ვერ გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებული შესაბამისი ვალდებულებების გონივრულ ვადაში შესრულების შემთხვევაში, ბ.ბ-ა მის სიცოცხლეშივე მოიპოვებდა საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ უფლების, რომელიც პირს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე წარმოეშვა, რეალიზაციით მიღებული სიკეთით - უძრავი ქონებით სარგებლობა შეუძლია როგორც თავად დევნილს, ასევე სამომავლოდ მის მემკვიდრეს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ვიწროდ და არასწორად განმარტა დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამთავრობო გეგმის არსი, კერძოდ, დასახელებული გეგმა, ერთი მხრივ, დევნილი ოჯახების/დევნილების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ, ერთგვარი ეკონომიკური რეაბილიტაციის აქტია, რომლის საფუძველზეც საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარი, საყოველთაოდ ცნობილი ტრაგიკული მოვლენების გამო დაზარალებულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ სამოქალაქო ბრუნვაუნარიანი აქტივი - უძრავი ქონება, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ, მათ შორის, მემკვიდრეობით გადასცენ მესამე პირებს. კასატორი მიუთითებს, რომ გაურკვეველია, თუკი სხვა პირს შეუძლია მემკვიდრეობით გადასცეს უფლებები იმ სახით, რა სახითაც მან ეს უფლება მოიპოვა, რატომ უნდა შეეზღუდოს აღნიშნული უფლება პირს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დევნილის სტატუსის მატარებელია. უძრავი ქონებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად წარმოიშვა, მემკვიდრეობით გადაცემადი უფლებაა და ის იმ სახით გადაეცემა მემკვიდრეს, რა სახითაც მამკვიდრებელთან არსებობდა და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ბ.ბ-ას მიმართ აღნიშნული საკითხი განსხვავებულად დარეგულირდეს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ე.ბ-ა, როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი მემკვიდრე, არის ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს კანონით დაცული ინტერესი და კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, პრეტენზია წარადგინოს მოთხოვნის უფლებაზე, რომელიც ბ.ბ-ას ჰქონდა მის სიცოცხლეში და რომელიც ექცევა სამკვიდრო მასაში. დაუსაბუთებელია სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითება მასზედ, რომ, ვინაიდან ე.ბ-ას და მისი ოჯახის, როგორც დევნილების მიმართ, სახელმწიფომ შესაბამისი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით ერთჯერადად შეასრულა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება და მოსარჩელის მიერ დამატებითი ფართის მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ იგი სარგებლობს სადავო ფართით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. კასატორი თავის მოთხოვნას აფუძნებს არა როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირი, არამედ როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე. ბ.ბ-ას უფლება, უფლებამოსილი ორგანოსთვის მოეთხოვა სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში მისთვის გადაცემა, მემკვიდრეობით ერგო ე.ბ-ას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით ე.ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბ.ბ-ას ოჯახის ქ. თბილისში, ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. 2019 წლის 19 ოქტომბერს, ბ.ბ-ამ განაცხადა თანხმობა კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული ერთოთახიანი ფართის (ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №.., ბლოკი - ..., სართული ..., ბინა №...) მიღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №56 და მიღება-ჩაბარების აქტი №56. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო №03-288/ო ბრძანება, რომლითაც ბ.ბ-ას განსახლების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში, კორპუსი №...-ში, ... ბლოკში მდებარე ერთოთახიანი ბინა №...

სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 15 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ბ.ბ-ა გარდაიცვალა 2020 წლის 3 მაისს. 2020 წლის 16 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით კი დასტურდება, რომ მემკვიდრეობა გაიხსნა აწ გარდაცვლილი ბ.ბ-ას ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივები) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივები) ერთობლიობაზე, ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე, რომლებიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. მემკვიდრედ განისაზღვრა ე.ბ-ა, როგორც გარდაცვლილი ბ.ბ-ას მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (ძმა).

2021 წლის 10 მარტს ე.ბ-ამ, როგორც ბ.ბ-ას მემკვიდრემ, განცხადებით (სარეგისტრაციო №11175) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში, ... ბლოკში, მე-... სართულზე მდებარე, ერთოთახიანი, №... საცხოვრებელი ბინის გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება მოითხოვა. მან განცხადებაში დამატებით მიუთითა, რომ საცხოვრებელი ფართით სარგებლობდა მეუღლესთან - ე.ფ-ასთან ერთად.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 17 მაისის №03/7650 გადაწყვეტილებით ე.ბ-ას უარი ეთქვა 2021 წლის 10 მარტის №11175 განცხადებით მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე. სადავო გადაწყვეტილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს - ბ.ბ-ას, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, 2019 წლის 19 ოქტომბრის აქტის საფუძველზე, მფლობელობაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, თუმცა გარდაცვალების ფაქტის გამო, აღნიშნული ფართის მისთვის საკუთრებაში გადაცემა არ მომხდარა; მოცემული მდგომარეობით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, მასზე მემკვიდრეობის უფლება ვერ განხორციელდებოდა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ე.ბ-ა და მისი მეუღლე - ე.ფ-ა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი ფართით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ზონა „ა“, კორპუსი №16. ხოლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი პირი/დევნილი ოჯახი ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას არ ექვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის კანონიერი ინტერესის არსებობა დავის საგნისადმი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა მიმართავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, მემკვიდრეობის მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. თავის მხრივ, სამკვიდრო აქტივი მოიცავს არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ ქონებას, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, მათ შორის, მემკვიდრეობით გადადის მამკვიდრებლის უფლებები. ამასთან, გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი დევნილი პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მოიაზრებს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილის ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას (კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი). ამდენად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება დევნილის სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებაა და მემკვიდრეობით არ გადაიცემა. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სტატუსის და ამ სტატუსიდან გამომდინარე უკვე ჩასახული, თუმცა არასრულყოფილად რეალიზებული ქონებრივი უფლებების გადასვლის საკითხი. ასეთი გამიჯვნის თვალსაზრისით კი, შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობის, ასეთი უფლების გამოყენების კონკრეტული სუბიექტისადმი კუთვნილებისა და უკვე გამოხატული ნების პატივისცემიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოების დადგენას, გარდაცვალებამდე განაცხადა თუ არა მამკვიდრებელმა სამართლებრივი პრეტენზია მისი სტატუსიდან გამომდინარე უფლებებზე. აღნიშნული უფლების გამოყენება და ამ გზით წარმოსაშობი არაპირადი ხასიათის ქონებრივი უფლებების დაცვის მცდელობა უნდა გაიმიჯნოს იმ შემთხვევისაგან, როდესაც მამკვიდრებელს საერთოდ არ მოუხდენია მისი უფლების რეალიზაცია და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით არ მიუმართავს შესაბამისი უწყებისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედარებისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ, ნაჩუქარი ქონების გამოთხოვის უფლება, როგორც არადამოუკიდებელი აღმჭურველი უფლება, მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გადაცემადი უფლება, შესაბამისად, იგი არც მემკვიდრეობით გადადის, თუმცა თუ მჩუქებელი აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდეგ გარდაიცვალა, უკვე გაცხადებული გამოთხოვიდან გამომდინარე უფლებები გადადიან მჩუქებლის მემკვიდრეებზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-1050-2019 განჩინება).

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით მიმართვის შემდეგ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს რა შედეგის მიღწევას ცდილობდა აღნიშნული პირი განცხადების წარდგენით და რამდენად აქვს იმავე შედეგის დადგომის მიმართ მის მემკვიდრეს ინტერესი, ასევე, მისი ინტერესის გათვალისწინებით, დადგება თუ არა ეს შედეგი მემკვიდრის, ამ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიმართაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლით დაცული უფლება არ მოიცავს საკუთრების მოპოვების უფლებას და მომავალი შემოსავალი მხოლოდ მაშინ განიხილება „საკუთრებად“, როდესაც ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ“, საჩივარი №31227/96). ამასთან, „საკუთრების“ კონტექსტი ლიმიტირებულია არა მხოლოდ „არსებული საკუთრებით“, არამედ შესაძლებელია, მოიცავდეს აქტივებს და მოთხოვნებს, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ აქვს სულ ცოტა გონივრული და „ლეგიტიმური მოლოდინი“, რათა მოიპოვოს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის შესაძლებლობა (დიდი პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“, საჩივარი №42527/98, §83). მოლოდინი კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმურია, თუკი ემყარება საკანონმდებლო დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება სადავო საკუთრებით ინტერესს (2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18768/05, §103).

„საკუთრების“ ცნებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, №48939/99, §124). როცა საკუთრების ინტერესი მოთხოვნის სახეს ატარებს, ის შეიძლება მიჩნეულ იქნეს „აქტივად“ მხოლოდ მაშინ, როცა ამის საკმარისი საფუძველი არსებობს ეროვნულ კანონმდებლობაში, მაგალითად, იქ, სადაც არსებობს ამის დამადასტურებელი, ეროვნული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (იხ. კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ, №44912/98, §§52; დრაონი საფრანგეთის წინააღმდეგ, №1513/03, §68; კორპორაცია ანჰოიზერ-ბუში პორტუგალიის წინააღმდეგ, №73049/01, §65).

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები და სხვა) განკარგვას, სარგებლობასა და მფლობელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/3/680 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის №2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას... საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა, განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტი სცდება საკუთრების ტრადიციულ გაგებას, რაც გულისხმობს ფიზიკური საგნების ფლობის/სარგებლობის/განკარგვის შესაძლებლობას და ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ ინტერესს, მათ შორის, უფლებას მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა, გააჩნია ეკონომიკური ღირებულება და წარმოადგენს ინდივიდის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/6/1675 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5,6).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03-288/ო ბრძანება, რომლითაც ბ.ბ-ას განსახლების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში, კორპუსი №...-ში, ... ბლოკში, მე-... სართული, ერთოთახიანი ბინა №..., ქმნიდა საკუთრების შემადგენლობას, რომელსაც მოიცავს ზემოხსენებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცული სფერო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს №03-288/ო ბრძანება საკუთრების შემადგენლობას მოიცავს, მასზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის უფლებაც. მართალია, დევნილის სტატუსის პირადი ხასიათის გამო, მისი მემკვიდრეობით გადაცემა შეუძლებელია, თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ის მომენტი, რომლის დადგომის შემდეგაც პირადი ხასიათიდან გამომდინარე, ქონებრივი უფლება შეიძლება სამკვიდრო მასის ნაწილად იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 16 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებაზე (ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან), რომლითაც მითითებულ კანონს დაემატა 231 მუხლი (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა). აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტით საგამონაკლისო წესის დაშვება ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის იმგვარად განვითარების შესაძლებლობას, როდესაც დევნილის სტატუსის მქონე, რეალური უფლების მატარებელი პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პროცესის დროში ხანგრძლივად მიმდინარეობის გამო, სიცოცხლეშივე ვერ ახერხებს ქონებრივი უფლების დაკმაყოფილებას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილის ძმა, მემკვიდრე ვერ იქნება მოაზრებული ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტად, რამეთუ იგი არ წარმოადგენს 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირს, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც უშუალოდ მოსარჩელის შემთხვევას უკავშირდება - როგორც ზემოთ აღინიშნა, ბ.ბ-ამ სახელმწიფოსადმი დროულად მიმართვის გზით მოახდინა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ქონებრივი ხასიათის მოთხოვნის უფლების რეალიზება, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამკვიდრებლის - ბ.ბ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე, უფრო მეტიც, მას მფლობელობაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №38-ში, ... ბლოკში, მე-... სართულზე მდებარე, ერთოთახიანი, №... საცხოვრებელი ბინა. დარჩენილი იყო მხოლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურის დასრულების ეტაპი. ბინის მფლობელობაში გადაცემით კი, დადასტურდა ქონებრივი უფლების არსებობა, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ „აქტივს“ და მისი დასრულების მოთხოვნის უფლება შედის სამკვიდროში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „უკვე გაცხადებული მოთხოვნიდან გამომდინარე უფლებების მიმართ მემკვიდრე აღარ უნდა შემოიფარგლოს უფლებათა პერსონალური ხასიათით და ასეთი უფლება უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო მასის ნაწილად. მოცემულ დასკვნას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, სადავო შემთხვევა კი ეხება არა სტატუსის მინიჭებას, არამედ - უკვე არსებული სტატუსიდან გამომდინარე ასეთი სტატუსის მატარებელი პირის ქონებრივი უფლების რეალიზაციას - ნივთის საკუთრებაში მიღების მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება მემკვიდრისთვის მატერიალური სარგებლის მომტანი იქნება“ (სუსგ 2023 წლის 5 მაისის №ბს-531(კ-22) განჩინება).

გამომდინარე იქიდან, რომ ე.ბ-ა ძმის - ბ.ბ-ასთვის ფაქტობრივად გადაცემული ქონების მისთვის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს არა როგორც დევნილი სტატუსის მატარებელი პირი, არამედ როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი მემკვიდრე, აღნიშნული არ გამორიცხავდა ე.ბ-ას უფლებას - მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემა. საქმეში „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ჩამოყალიბებული სასამართლოს მუდმივი პრაქტიკის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც განმცხადებელს შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან (Malhous .... République t...hèque, (dé....) [G...], no 33071/96, 13 dé...embre 2000; Pine Valley Developments Ltd et autres .... Irlande, 29 novembre 1991, § 51, série A no 222).

განსახილველ შემთხვევაში, დევნილის მიერ სიცოცხლეში მოთხოვნისა და საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, წარმოშობს ქონებრივ უფლებას, რომელიც შედის სამკვიდრო მასაში და მემკვიდრეს უფლება აქვს მიიღოს ქონებაზე საკუთრების უფლება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე კონკრეტული საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით, 2019 წლის 19 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03-288/ო ბრძანებით, ფაქტობრივად, შეიქმნა აქტივი, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დროულად, კანონით დათქმულ ვადაში განხილვის, კონკრეტულად კი, ბ.ბ-ასთვის მფლობელობაში გადაცემული უძრავი ქონების დროულად, მისი სიცოცხლის მანძილზე საკუთრებაში გადაცემის (ფორმალური მხარე) შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება, ბ.ბ-ას გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცემოდა ქონების მესაკუთრის მემკვიდრეს. დადგენილია, რომ ბინა ბ.ბ-ას მფლობელობაში გადაეცა 2019 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო ბ.ბ-ა გარდაიცვალა 2020 წლის 3 მაისს, ანუ სადავო ფართის მფლობელობაში გადაცემიდან 6 თვის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რაც ქმნის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 მაისის №03/7650 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №…, ბლოკი - ..., სართული - …, ბინა №…) - ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართის (ს/კ...) ე.ბ-ასთვის, როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის შუამდგომლობით მიმართვის დავალების საფუძველს. შესაბამისად, ე.ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ე.ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე.ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 მაისის №03/7650 გადაწყვეტილება;

5. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის ქ. №38, კორპუსი №…, ბლოკი - ..., სართული - ..., ბინა №…) - ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართის (ს/კ...) ე.ბ-ასთვის, როგორც ბ.ბ-ას ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრისათვის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის შუამდგომლობით მიმართვა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე