Facebook Twitter

საქმე №ბს-328(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ-ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური

მომსახურების საქალაქო ცენტრი

მესამე პირი- საქართველოს გენერალური პროკურატურა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 18 ოქტომბერს ე.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1981 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლის 16 აპრილს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირებს გამო, თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების ან პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ. 2004 წლის 17 მაისს იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს გენერალური პროკურატურის 12.07.2022წ. წერილში აღნიშნულია, რომ მისი დანიშვნის და ხელფასის დარიცხვის ამსახველი დოკუმენტები არ მოიპოვება. 2022 წლის 13 ივნისს ე.გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა საქართველოს პროკურატურის ხაზით კომპენსაციის დანიშვნა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ ზემოხსენებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2022 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტის (დათხოვნის ბრძანება) წარმოდგენის გარეშე.

ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის №SSA 5 22 00144432 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 სექტემბრის №SSA 0 22 00331934 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ე.გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ე.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის №SSA 5 22 00144432 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 სექტემბრის №SSA 0 22 00331934 გადაწყვეტილება; სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ე.გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 17 მაისის №369-პ ბრძანებით, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 13 აპრილის №27-მ ბრძანების თანახმად, ... კლასის იურისტი ე.გ-ე გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ..., ...ის განყოფილების პროკურორის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით, მას დროებით დაეკისრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ..., ...ის განყოფილების პროკურორის მოვალეობის შესრულება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 9.1, 8.3, 26.1 მუხლებზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის დანართი №2-ის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება მოსარჩელის მიერ პროკურატურაში შემდგომი საქმიანობისა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელოს მიღების ფაქტი, მოსარჩელის მიერ პროკურატურის ორგანოებიდან საბოლოო დათხოვნის ბრძანებად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 17 მაისის №369-პ ბრძანება, დათხოვნის საფუძვლად კი, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 12 ივლისის №13/43738 წერილშია განმარტებული, საქართველოს გენერალური პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ე.გ-ის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის საბოლოო ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს, ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანო განცხადებას განიხილავს განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ხოლო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაციას ნიშნავს განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის"(დანართი 2) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელზე კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელია: შესაბამისი უწყების წარდგინება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში მუშაობის (შრომის) სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის, კერძოდ განმცხადებლის მიერ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების წარუდგენლობის პირობებში, მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის №SSA 5 22 00144432 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 სექტემბრის №SSA 0 22 00331934 გადაწყვეტილებების კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის ე.გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 17 მაისის №369-პ ბრძანებით, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 13 აპრილის №27-მ ბრძანების თანახმად, ... კლასის იურისტი ე.გ-ე გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ..., ...ის განყოფილების პროკურორის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით, მას დროებით დაეკისრა ზემოაღნიშნული განყოფილების პროკურორის მოვალეობის შესრულება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 12 ივლისის №13/43738 წერილით ე.გ-ეს ეცნობა შემდეგი: 2004 წლის 16 აპრილს იგი გაფრთხილებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების ან პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 17 მაისის №369-პ ბრძანებით, ე.გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დროებით დაეკისრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ..., ...ის განყოფილების პროკურორის მოვალეობის შესრულება. ამავე წერილით ე.გ-ეს ეცნობა, რომ პროკურატურაში შემდგომი დანიშვნის და ხელფასის დარიცხვის ამსახველი დოკუმენტები არ მოიპოვება.

დადგენილია, რომ 2022 წლის 13 ივნისს ე.გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს პროკურატურის ხაზით კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის №SSA 5 22 00144432 წერილით ე.გ-ეს ეცნობა, რომ არ დგინდებოდა მისი პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის საბოლოო ფაქტი (დათხოვნის საფუძველი და დათხოვნის თარიღი), რის გამოც მასზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

2022 წლის 30 აგვისტოს ე.გ-ემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 26 ივლისის №SSA 5 22 00144432 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 სექტემბრის №SSA 0 22 00331934 გადაწყვეტილებით ე.გ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმეზე წარდგენილ დოკუმენტებს არ ახლდა ე.გ-ის პროკურატურიდან დათხოვნის ბრძანება. საქართველოს გენერალური პროკურატურიდან წარდგენილი ნამსახურობის ნუსხით დადგენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე გაურკვეველი იყო სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლის პროკურატურის ორგანოებიდან საბოლოო დათხოვნის ფაქტი (დათხოვნის საფუძველი და დათხოვნის თარიღი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში-კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები და იმ პირთა წრე, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა. ხოლო ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის დანართი №2-ის მე-15 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის მიხედვით, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში მუშაობის (შრომის) სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ.

კასატორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ ე.გ-ის განცხადებას პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე, არ ერთოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს გენერალური პროკურატურის 12.07.2022წ. N134/43738 წერილზე, რომლის თანახმად, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი (იმ დროს მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა პროკურატურის მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლებას ან პროკურატურიდან დათხოვნას. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 2004 წელს 16 აპრილს იგი გაფრთხილებულ იქნა შტატების შემცირების გამო, თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების თაობაზე. ე.გ-ე საქართველოს გენერალური პროკურორის 17.05.2004წ. N369-პ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დროებით დაეკისრა იმავე განყოფილებაში პროკურორის მოვალეობის შესრულება. ამასთან, ამავე წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელის პროკურატურაში შემდგომი დანიშვნის და ხელფასის დარიცხვის ამსახველი დოკუმენტები არ მოიპოვებოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ე.გ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთი მხრივ, წარუდგინა საქართველოს გენერალური პროკურორის 17.05.2004წ. N369-პ ბრძანება და მეორე მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის 12.07.2022წ. წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტები ერთობლიობაში და არა ფორმალურად შეეფასებინა და იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ე.გ-ის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი, უარი არ ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ე.გ-ის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანებად მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს გენერალური პროკურატურის 17.05.2004წ. N369-პ ბრძანება, ხოლო დათხოვნის საფუძვლად საქართველოს გენერალური პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი იმ საფუძვლით, რაც სადავო აქტებშია მითითებული არ შეესაბამება კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა