№230აგ-13 23 დეკემბერი, 2013 წელი
ბ-ი ვ.-230აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით ვ. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის მაისის ი. მ-ისა და 2011 წლის აგვისტოს ი. ბ-ის ეპიზოდები) - 7 წლითა და 6 თვით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა 4500-4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ბ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან) და ჯარიმა - 9000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით ვ. ბ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის მაისის ლ. თ-ის ეპიზოდი) - 6 თვით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის სექტემბრის გ. ბ-ის ეპიზოდი) - 6 თვით, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის ოქტომბრის შპს „ზ-ის“ ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ბ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 14 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 9000 ლარი და ვ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა 9000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ვ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 მუხლების შესაბამისად, ვ. ბ-ისთვის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შემცირებულ სასჯელს - 5 წელს, 7 თვესა და 15 დღეს დაემატა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის (5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 4 წელი, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (9 თვით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე და ვ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან.
მსჯავრდებული ვ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განჩინების გათვალისწინებით, რომლითაც ვ. ბ-ი ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, უდავოა ის გარემოება, რომ მის მიერ სსკ-ის 180-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, ვ. ბ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ისთვის შემცირებული სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი ვ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი