საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1011(კ-23) 18 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - აწ გარდაცვლილი ზ.დ-ის უფლებამონაცვლეები - გ.დ-ე, ნ.მ-ი და ა.დ-ე (არასრულწლოვანი)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 27 ივლისს ზ.დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა: ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების ბათილად ცნობა; ზ.დ-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენის თაობაზე მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ზ.დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება 2018 წლის 12 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის დაანგარიშებით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, ზ.დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 12 სექტემბრის N338/კ ბრძანება და მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 16 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ისე, რომ არ გამოუკვლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ დავალებული არცერთი გარემოება, გამოსცა ახალი ბრძანება №MES 4 21 0000581237, ზ.დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ზ.დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონიერება და ასევე ის საკითხი, თუ რამდენად გამოიკვლია და შესაბამისობაში მოიყვანა მოპასუხე მხარემ სასამართლოს დავალება საქმის გარემოებების თავიდან გამოკვლევისა და შეფასების კუთხით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, აღნიშნული ასევე განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ მის გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო განეხორციელებინა მისი აღსრულება სასამართლო აქტში მითითებულ ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებია.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის № MES 4 21 0000581237 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2021 წლის 16 მაისის მოხსენებით ბარათში არ არის ასახული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დადგენილი გარემოებები, რომლითაც მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იხელმძღვანელა მოსარჩელე ზ.დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. კერძოდ, არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) გათვალისწინებით მიანიჭა მოპასუხემ სხვა პირს უპირატესობა ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მოსარჩელეს უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როცა ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც მოსარჩელე ზ.დ-ე მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულებელყო პირის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება და არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ფარგლებში. ამდენად, მოპასუხე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ზ.დ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, მოსარჩელის და მისი კონკურენტი პირის (პირების) კვალიფიკაცია, ასევე სხვა შესაბამისი მონაცემები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის № MES 4 21 0000581237 ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რამდენადაც იგი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, არსებობდა მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამასთან, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ზ.დ-ის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სხვა თანმდევი სამართლებრივი შედეგები, კანონის შესაბამისად დაკავშირებულია სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტასთან, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან და პირის სამსახურში აღდგენასთან. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ.დ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე ზ.დ-ის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ზ.დ-ისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ამასთან, სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ შრომით-სამართლებრივი საქმიანობა წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს, რადგან ასეთი საქმიანობის პროცესში პირი ახორციელებს ურთიერთობებს სხვა პირებთან, უზრუნველყოფს საკუთარი, პიროვნული შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელფასის სახით გამოიმუშავებს არსებობისათვის აუცილებელ ფინანსურ შემოსავალს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე, 102-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი გამოცემული იქნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა საკითხის ხელახლა განხილვა, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
სააპელაციო სასამართლომ აქვე დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის № MES 4 21 0000581237 ბრძანებასა და აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2021 წლის 16 მაისის მოხსენებით ბარათში არ იქნა მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ) გათვალისწინებით მიანიჭა მოპასუხემ სხვა პირს უპირატესობა ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მოსარჩელეს უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როცა, ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც მოსარჩელე ზ.დ-ე მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის მართლზომიერების საფუძვლად მიუთითა დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გამართული გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N2 სხდომის ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს თანამშრომლებთან გასაუბრებაზე კომისიის წევრები დაინტერესდნენ შემდეგი საკითხებით: 1. თითოეული თანამშრომლის სამუშაოს აღწერილობით და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებით, ასევე მათი ფუნქციური დატვირთვის ხარისხით; 2. სამმართველოს ფუნქციონირების ხარისხის შეფასებით და ასევე სამმართველოს სამომავლო განვითარების ხედვით; 3. თითოეული თანამშრომლის ხედვით, სამინისტროების გაერთიანების ფონზე, რომელ სფეროში და რა მიმართულებით ხედავდნენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობებს; 4. ავლენდნენ თუ არა თანამშრომლები პირად ინიციატივას საქმიანობაში ჩართულობის მიზნით და რაში გამოიხატებოდა მათი ინიციატივა. ჩატარებული გასაუბრების შედეგად, 6 (ექვსი) ...ის ...დან 4 (ოთხი) დაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ისა და ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის ...ად, ხოლო ზ.დ-ე მისივე თანხმობით დაექვემდებარა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობას. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში დაცული დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს თანამშრომლებთან ჩატარებულ 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომის ოქმში, გარდა ზემოთ მითითებული ინფორმაციისა, თანამშრომელთა შეფასების მიზნით გამოყენებული კრიტერიუმების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არის ასახული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეორგანიზაციის პერიოდში თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შექმნილმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა სამინისტროს რეორგანიზაციის დასრულებისთანავე და აღნიშნული კომისიის წევრების უმრავლესობა აღარ არის დასაქმებული სამინისტროს სისტემაში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განსახილველ საკითხზე განმეორებით მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო იგივე გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც ერთხელ უკვე იყო შეფასებული სასამართლოს მიერ და რომლის გათვალისწინებითაც სასამართლომ 2018 წლის სადავო აქტი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე უთითებს კრიტერიუმებზე, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეფასებულიყო კანდიდატი, თუმცა ვერ იქნა დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიანიჭა მოპასუხემ სხვა პირს უპირატესობა ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მოსარჩელეს უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააპელაციო განხილვის ეტაპზე მიუთითებდა, რომ კრიტერიუმების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არის დაცული სამინისტროში და გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის წევრები აღარ არიან დასაქმებულები ხსენებულ უწყებაში, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით, ვერ მიიჩნევა სადავო აქტის იმგვარ დასაბუთებად, რომელიც სარჩელის უსაფუძვლობას დაადასტურებდა, მით უფრო იმ პირობებში, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გამოკვლევის შედეგად იყო გამოსაცემი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე დროს, სამინისტროს ზემოხსენებული განმარტებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებით რაიმე ინფორმაცია აღარ მოიპოვებოდა, სამინისტრომ სრულად მოიძია და გამოიკვლია ყველა გარემოება, რაც სადავო საკითხთან იყო შემხებლობაში, რა დროსაც დადგინდა, რომ მხოლოდ ის მტკიცებულებები არსებობდა ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე, რომლებიც უკვე შეფასებული იყო სასამართლოს მიერ და რომელთა გათვალისწინებითაც ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ არ მიიჩნია კანონშესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა, შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას, რადგან სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა მითითებული გარემოებაზე, რაც მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რატომ ვერ მოხერხდა მოსარჩელის მობილობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იყო დასაბუთებული. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები, მით უფრო მეორეჯერ, რადგან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რის გამოც შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, ზ.დ-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება, მოთხოვნა შესაბამის თანამდებობებზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ.დ-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დასაბუთებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეული იქნა უკანონოდ და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დავალებოდა მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N05 ბრძანების თანახმად, სამინისტროში გამოცხადდა რეორგანიზაცია 2018 წლის 12 ივლისიდან, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის (N3024-რს) ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროები) დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 12 ივლისიდან ჩაითვალნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულ პირებად, შეუნარჩუნდათ თანამდებობრივი სარგოები და მათ გააგრძელეს სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულება არსებულ პოზიციებზე, რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნულ პერიოდში ზ.დ-ე დასაქმებული იყო ...ის ...ის სამმართველოში ...ის ...ად. ამ პერიოდში აღნიშნულ სამმართველოში დასაქმებული იყო კიდევ 5 (ხუთი) ...ის ... სამინისტროს რეორგანიზაციის ბრძანება ელ.ფოსტის მეშვეობით იმავე დღეს გაეცნო ზ.დ-ეს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისათვის რეორგანიზაციის შესახებ წინადადებების წარდგენის მიზნით ჩატარებული 2018 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმის თანახმად, მინისტრს წარედგინა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი, რომლის მიხედვით, ...ას გამოეყო ...ისა და ...ის დეპარტამენტი და ...ის სამმართველოში განისაზღვრა 4(ოთხი) ...ის ...ის საშტატო ერთეული. ამავე ოქმით განისაზღვრა, რომ მობილობის პროცესს დასაქვემდებარებელ პირთა სიის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროში დასაქმებულ მოხელეებთან ჩატარებულიყო გასაუბრება. წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს N106 ბრძანებით მოხდა სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცება და ...ას გამოეყო ... და ...ის დეპარტამენტი.
კასატორის განმარტებით, ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დანიშვნა/გადაყვანას და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა სიის განსაზღვრის მიზნით უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N33 ბრძანებით, მინისტრის საზედამხედველო სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გამართული გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N2 სხდომის ოქმიდან ირკვევა, სამინისტროს თანამშრომლებთან გასაუბრებაზე კომისიის წევრები დაინტერესდნენ შემდეგი საკითხებით: 1. თითოეული თანამშრომლის სამუშაოს აღწერილობით და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებით, ასევე მათი ფუნქციური დატვირთვის ხარისხით; 2. სამმართველოს ფუნქციონირების ხარისხის შეფასებით და ასევე სამმართველოს სამომავლო განვითარების ხედვით; 3. თითოეული თანამშრომლის ხედვით, სამინისტროების გაერთიანების ფონზე, რომელ სფეროში და რა მიმართულებით ხედავდნენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობებს; 4. ავლენდნენ თუ არა თანამშრომლები პირად ინიციატივას საქმიანობაში ჩართულობის მიზნით და რაში გამოიხატებოდა მათი ინიციატივა. ჩატარებული გასაუბრების შედეგად, 6 (ექვსი) ...ის ...დან 4(ოთხი) დაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ისა და ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის ...ად, ხოლო ზ.დ-ე მისივე თანხმობით (თანხმობის ფურცელი დაცულია პირად საქმეში), დაექვემდებარა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობას, თუმცა მისი მობილობის წესით სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ვერ განხორციელდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 17 სექტემბრის N338/კ ბრძანებით ზ.დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა ყველა ის შესაძლებლობა, რაც საკითხის გამოკვლევისათვის იყო მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი. არსებული გარემოებების საფუძველზე, 2021 წლის 16 ივნისის N 581237 ბრძანებით, ზ.დ-ე გაათავისუფლა თანამდებობიდან.
კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ მიეცა შეფასება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა არც სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს N106 ბრძანება და ასევე არ მომხდარა სხვა პირების დანიშვნის მართლზომიერების შესახებ დავა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შეჩერდა Nბს-1011(კ-23) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ზ.დ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება „ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების ბათილად ცნობასა და ზ.დ-ისთვის 2018 წლის 12 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის დაანგარიშებით, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დავალებას; შეწყდა Nბს-1011(კ-23) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ზ.დ-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება იმ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, საქმის წარმოება განახლდა იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება „ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების ბათილად ცნობასა და ზ.დ-ისთვის 2018 წლის 12 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის დაანგარიშებით, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დავალებას; მოწინააღმდეგე მხარის - აწ გარდაცვლილი ზ.დ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთნენ: გ.დ-ე (დედა), ნ.მ-ი (მეუღლე) და ა.დ-ე (შვილი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ზ.დ-ე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ...ის სამმართველოს ...ის ...ის თანამდებობაზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №338/კ ბრძანებით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა ...ის სამმართველოს ...ის ... ზ.დ-ე. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6574-18), ზ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №338/კ ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ.დ-ესთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/6574-18) აღსრულების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსმა, 2021 წლის 16 მაისის № MES 2 210000448350 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითების გაცემის თაობაზე. მოხსენებით ბარათში აღწერილი იქნა დავის ფაქტობრივი გარემოებები და მიეთითა, რომ როგორც ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დანიშვნა/გადაყვანას და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა სიის განსაზღვრის მიზნით უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N33 ბრძანებით, მინისტრის საზედამხედველო სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გამართული გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N2 სხდომის ოქმიდან ირკვევა, სამინისტროს თანამშრომლებთან გასაუბრებაზე კომისიის წევრები დაინტერესდნენ შემდეგი საკითხებით: 1. თითოეული თანამშრომლის სამუშაოს აღწერილობით და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებით, ასევე მათი ფუნქციური დატვირთვის ხარისხით; 2. სამმართველოს ფუნქციონირების ხარისხის შეფასებით და ასევე სამმართველოს სამომავლო განვითარების ხედვით; 3. თითოეული თანამშრომლის ხედვით, სამინისტროების გაერთიანების ფონზე, რომელ სფეროში და რა მიმართულებით ხედავდნენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობებს; 4. ავლენდნენ თუ არა თანამშრომლები პირად ინიციატივას საქმიანობაში ჩართულობის მიზნით და რაში გამოიხატებოდა მათი ინიციატივა. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ჩატარებული გასაუბრების შედეგად, 6 (ექვსი) ...ის ...დან 4 (ოთხი) დაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ისა და ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის ...ად, ხოლო ზ.დ-ე მისივე თანხმობით (თანხმობის ფურცელი დაცულია პირად საქმეში), დაექვემდებარა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობას, თუმცა მისი მობილობის წესით სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ვერ განხორციელდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 17 სექტემბრის N338/კ ბრძანებით, ზ.დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6574-18), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ.დ-ესთან დაკავშირებით.
ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილი იქნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში დაცული დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს თანამშრომლებთან ჩატარებულ 2008 წლის 2 აგვისტოს სხდომის ოქმში, გარდა ზემოთ მითითებული ინფორმაციისა, თანამშრომელთა შეფასების მიზნით გამოყენებული კრიტერიუმების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არის ასახული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეორგანიზაციის პერიოდში თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შექმნილმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა სამინისტროს რეორგანიზაციის დასრულებისთანავე და აღნიშნული კომისიის წევრების უმრავლესობა აღარ არის დასაქმებული სამინისტროს სისტემაში. სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ ზ.დ-ეს არ უდავია არც სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს N106 ბრძანების და არც სხვა პირების დანიშვნის მართლზომიერებაზე. ამასთან, ამ ეტაპზე ...ის ...სა და ...ის სამმართველოში არის მხოლოდ 1 (ერთი) ...ის ...ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებულია შესაბამისი თანამშრომელი.
2021 წლის 16 მაისის № MES 2 210000448350 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2021 წლის 16 ივნისს მიღებული იქნა №MES 4 21 0000581237 ბრძანება, რომლის თანახმად, ...ის სამმართველოს ...ის ... ზ.დ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
ამასთან, დადგენილია, რომ ზ.დ-ე გარდაიცვალა 2023 წლის 28 აგვისტოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ „ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდის დაანგარიშებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ., №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/6574-18) აღსრულების მიზნით. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №338/კ ბრძანებაში არ იყო ასახული გარემოებები, რომლითაც მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იხელმძღვანელა მოსარჩელე ზ.დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს, კერძოდ, არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ.) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირს უპირატესობა ზემოაღნიშნულ, ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა მას უარი მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეული დატვირთულია არსებითად იმავე ფუნქციებით, რომელსაც მოსარჩელე ზ.დ-ე მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე მუშაობისას ახორციელებდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სადავო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება არსებითად ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2021 წლის 16 მაისის № MES 2 210000448350 მოხსენებით ბარათს, რომელშიც მართალია მითითებულია 2018 წლის 2 აგვისტოს N2 სხდომის ოქმსა და მასში მოცემულ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასებულიყო კანდიდატი, თუმცა არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიანიჭა სამინისტრომ სხვა პირს უპირატესობა ...ის სამმართველოს ...ის ...ის საშტატო ერთეულზე დანიშვნის დროს და რატომ უთხრა უარი ზ.დ-ეს მოცემულ საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე. მეტიც, ამავე მოხსენებით ბარათში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილი იქნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში დაცული დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ სამინისტროს თანამშრომლებთან ჩატარებულ 2008 წლის 2 აგვისტოს სხდომის ოქმში თანამშრომელთა შეფასების მიზნით გამოყენებული კრიტერიუმების შესახებ სხვა ინფორმაცია არ იყო ასახული, რეორგანიზაციის პერიოდში თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით შექმნილმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა სამინისტროს რეორგანიზაციის დასრულებისთანავე და აღნიშნული კომისიის წევრების უმრავლესობა აღარ არის დასაქმებული სამინისტროს სისტემაში.
ამდენად, მითითებული გარემოებების საფუძველზე დასტურდება, რომ სადავო სამართალურთიერთობის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებით რაიმე ინფორმაცია აღარ მოიპოვებოდა, სამინისტრომ სრულად მოიძია და გამოიკვლია ყველა გარემოება, რაც სადავო საკითხთან იყო შემხებლობაში და დადგინდა, რომ მხოლოდ ის მტკიცებულებები არსებობდა ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე, რომლებიც უკვე შეფასებული იყო სასამართლოს მიერ და რომელთა გათვალისწინებითაც ზ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ არ მიიჩნია კანონშესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განსახილველ საკითხზე განმეორებით მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო იგივე გადაწყვეტილება იმავე მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც ერთხელ უკვე იყო შეფასებული სასამართლოს მიერ და რომლის გათვალისწინებითაც სასამართლომ ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2018 წლის 12 სექტემბრის №338/კ ბრძანება კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ.დ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა ,,ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.დ-ე გარდაიცვალა 2023 წლის 28 აგვისტოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კი, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - ზ.დ-ის გარდაცვალების გამო, შეწყდა Nბს-1011(კ-23) ადმინისტრაციული საქმის წარმოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის თობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია თანამდებობიდან გათავისუფლება, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, პირის პირად უფლებებს უკავშირდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ზ.დ-ეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული მათ შორის იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება. იძულებითი განაცდური კი წარმოადგენს ქონებას, რომლის მიღების უფლებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 1328-ე მუხლების გათვალისწინებით, შესაძლებელია გადავიდეს სხვა პირებზე, მემკვიდრეებზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის მიუხედავად, მოთხოვნა მისი უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია ნაწილობრივ. კერძოდ, ზ.დ-ის გარდაცვალების ფაქტის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების პერიოდი უნდა განისაზღვროს ზ.დ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან მისი გარდაცვალების თარიღამდე (და არა თანამდებობაზე აღდგენამდე), შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-7 პუნქტები, რომელთა თანახმად, ზ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზ.დ-ისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აწ გარდაცვლილი ზ.დ-ის უფლებამონაცვლეების - გ.დ-ის, ნ.მ-ის და ა.დ-ის (არასრულწლოვანი) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწ გარდაცვლილი ზ.დ-ის უფლებამონაცვლეების - გ.დ-ის, ნ.მ-ის და ა.დ-ის (არასრულწლოვანი) სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ზ.დ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 სექტემბერი) მისი გარდაცვალების თარიღამდე (2023 წლის 28 აგვისტო) პერიოდისათვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 16 ივნისის №MES 4 21 0000581237 ბრძანება ზ.დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა
გენადი მაკარიძე