საქმე №ბს-287(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ვ-ა
მესამე პირი - ლ.ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 12 ნოემბერს ე.ვ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მიუთითებს, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი განმარტებით 1993 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ...ში; 1993 წლიდან დღემდე კი უწევთ იცხოვრონ ...ში, ...ის ქ. N7-ში, ყოფილი ...,, ...ის’’ შენობაში. ე.ვ-ას მითითებით, სახელმწიფომ მის ოჯახს სწორედ ზემოაღნიშუნლ მისამართზე გადასცა სამოთახიანი ფართი დროებითი სარგებლობისთვის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს შეეძინა შვილი, რომელსაც ზრდის მარტო. მოსარჩელე განმარტავს, რომ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფილს წესის შესაბამისად მომხდარიყო მისი ბინით უზრუნველყოფა, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის მითითებით 2021 წლის სექტემბერში სააგენტოს მიერ განხორციელდა მისი მონიტორინგი, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე კატეგორიულად არ ეთანხმება კომისიის დასკვნას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, მონიტორინგის დროს კი იმყოფებოდა სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ე.ვ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 1 ოქტომბრის №03-3486/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის კანონით დადგენილი წესით ე.ვ-ასა და მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ.ვ-ა (პ/ნ ...; დაბადების თარიღი: ...წ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03-3489/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.ვ-ასა და მისი ოჯახისთვის (განცხადებით გათვალისწინებული პირებისთვის) ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.ვ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ე.ვ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი - ლ.ვ-ა, რეგისტრირებულნი არიან დევნილებად, მისამართზე: იმერეთი, ... ...ის ქუჩა №7 (...). ე.ვ-ას სახელმწიფი სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის №2020-6001-0089 გადაწყვეტილებით დადგენილი აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი არასრულწლოვანი შვილის - ლ.ვ-ას მიმართ. აღწერის ფორმის თანახმად, ე.ვ-ას ოჯახი ორი წევრისაგან, თვითონ მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ.ვ-ასგან შედგება. ოჯახმა მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 13 ივლისის ოქმის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ...ში, ...ის ქუჩაზე №7-ში მდებარე ... ...ის ...ში, თუმცა ე.ვ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. მონიტორინგის ჯგუფს აღნიშნულ მისამართზე დახვდა ე.ვ-ას და - თ.ვ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მისი და წასული იყო ქუთაისში მეგობართან და მისთვის უცნობი იყო როდის დაბრუნდებოდა. თ.ვ-ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმოამადგენლებს მოახსენა, რომ მისი და ...ში ...ში მუშაობდა, თუმცა იმ პეროდში შვებულებაში იმყოფებოდა. 2020 წლის 15 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი მისამართის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა ე.ვ-ას, რომელმაც მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ ბათუმში მიდიოდა და ...ში 19 ივლისს დაბრუნდებოდა. თუმცა, 2020 წლის 19 ივლისის გასაუბრების ოქმის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ე.ვ-ას, თუმცა მასთან შეხვედრა მაინც ვერ მოხერხდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის №55 სხდომის ოქმიზე, რომლის თანახმად, სააგენტომ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, იმსჯელა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე, კრიტერიუმების გარეშე ...ის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებიდან, ...ებიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ე.ვ-ას ოჯახს (იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი) ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში (შენობაში), მდებარე: ..., ...ის ქუჩა №7-ში, ... ...ის ...
სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი) წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა შესაძლებელია კრიტერიუმების გარეშე განხორციელდეს. შესაბამისად, დევნილი ოჯახის, ქულთა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას, გადაუდებელისახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში დევნილი ოჯახის ცხოვრება წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ე.ვ-ას სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში (შენობაში) ცხოვრება გამორიცხა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მისამართზე განხორციელებული ვიზიტებისას ე.ვ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მისამართზე მონიტორინგის დროს ფაქტობრივად არყოფნა არ შეიძლება შეფასდეს ობიექტზე არცხოვრებად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და განსახილველი დავა სწორად გადაწყვიტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს რომ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის შესაბამისად, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ...ის ფაქტობრივ მცხოვრებს, რის გამოც მისი მოთხოვნა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე 2021 წლის 1 ოქტომბრის №03-3489/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ე.ვ-ასათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში და მასზე ასევე არაა გაცემული ფულადი კომპენსაცია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ...ში, ...ის ქ. №7-ში; ყოფილი ... ,,...ის’’ შენობაში. მოსარჩელეს შესაბამისი ორგანოს მიერ დადგენილი აქვს მარტოხელა დედის სტატუსი. ის ზრდის არასრულწლოვან შვილს. მონიტორინგის ოქმის მიხედვით ვერ მოხერხდა მოსარჩელის განაცხადში მითითებულ მისამართზე ნახვა, ამიტომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ე.ვ-ა ზემოაღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს.
სზაკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მონიტორინგის დროს შენობაში არყოფნა არ შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც ობიექტში არცხოვრებად. კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ საკითხზე არ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ...ში, ...ის N7-ში მცხოვრები ლ.გ-ას ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა ე.ვ-ასა და მისი შვილის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ საფუძვლიან, გულისხმიერ და კანონშესაბამის მიდგომას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დევნილი პირის კერძო ინტერესი უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უპირატესი და გასათვალისწინებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან არ მოხდეს მისი კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე.ვ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა