საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-481(კ-22) 3 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აწ გარდაცვლილი მ. თ-ას უფლებამონაცვლე - ლ. დ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 მაისს მ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის სამართალმემკვიდრე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე მ. თ-ას აღდგენის დავალება; ასევე, მოპასუხისთვის იძულებით გაცდენილი დროის, თვეში 3 600 ლარის, მ. თ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტიდან) სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 23 ივლისს მ. თ-ა კონკურსის გავლის წესით დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ კი, 2015 წლის 23 ოქტომბრიდან მ. თ-ა დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N541 ბრძანებით, მ. თ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, მ. თ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N541 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თუმცა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ადმინისტრაციული ორგანოს საჩივრები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, მ. თ-ამ ახსნა-განმარტება მისცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს 2019 წლის 3 აპრილს. სამსახურის მიერ შედგა დასკვნა, რომელიც პირვანდელი დასკვნისგან არაფრით განსხვავდება და რაიმე ახალი გარემოება გამოვლენილი და გამოკვლეული არ არის. მითითებული დასკვნის საფუძველზე კი, 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანებით, მ. თ-ა ჩაითვალა თანამდებობიდან გათავისუფლებულად 2016 წლის 1 მარტიდან, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ 01.01191096 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. თ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა მ. თ-ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტიდან) სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-4, 25-ე, 29-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-4, 24-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მ. თ-ა დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე, 50-ე, 54-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, მე-7, 53-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 97-ე, 98-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. თ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება სათანადოდ არ არის დადასტურებული; არ არის დასაბუთებული, რომ მ. თ-ას გათავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებული იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით; ასევე, არ იქნა შეფასებული და დაანგარიშებული მ. თ-ას შესაძლო არაჯეროვანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ადმინისტრაციული ორგანოსადმი და საჯარო ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის ხასიათი თუ ოდენობა. ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწყლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ასაბუთოს გათავისუფლების ზომის გამოყენების მართებულობა ყველა შესაძლო უარყოფითი და საზიანო შედეგების დადგომის, თუ ასეთის წარმოშობის საშიშროების პრევენციის უკიდურესი ზომით უზრუნველყოფა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისე იქნა გამოცემული სადავო აქტი, რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის გათავისუფლების საკითხის შესწავლის მიზნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღების მიღმა დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითება საკითხის ხელახალი შესწავლისას განსახილველი გარემოებების შესახებ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელე მ. თ-ას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, თუმცა დაუსაბუთებელია რატომ ვერ უზრუნველყოფდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა სახდელის ზომის გამოყენების მიზნებს. შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია ჰქონდა თუ არა მოსარჩელე მ. თ-ას შეფარდებული ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეეფასებინა ჩადენილი ქმედების ბუნება და გამოეყენებინა პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ სადავო ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაც სასამართლომ მ. თ-ას გათავისუფლებისთვის არასაკმარის საფუძვლად მიიჩნია. მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მ. თ-ას მხრიდან სხვადასხვა დროს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას ინდივიდუალურად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და ინდივიდუალურად უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც ადრე ჩადენილი ქმედებისათვის პირს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასეთი ქმედება არ შეიძლება სხვა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის განმაპირობებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა მ. თ-ას მიმართ ისე გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა, რომ ფაქტობრივად არ დაასაბუთა იგი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების მიღებისას ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული საკითხი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირებისათვის არ ყოფილა შემუშავებული, არ არსებობს რაიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებდა ინსპექტირებისა და კონტროლის წესებს. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება თუ სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების ...ს. ასევე მიეთითა, რომ ...ის საქალაქო სამსახურის ...ე, იმავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ... დამოუკიდებლად ანგარიშვალდებულნი იყვნენ თბილისის ...ის საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე, რაც იმავდროულად გულისხმობს იმას, რომ სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი განეხორციელებინა მასზედ დაქვემდებარებულ პირთა მიმართ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველეყო კონკრეტული ღონისძიებების მიღება, რომელიც მიმართული იქნებოდა დარღვევისა თუ პრობლემის აღმოფხვრისკენ.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, რომ სამუშაოს შესრულების წესი და მეთოდიკა დაწუნებული ყოფილიყო სამსახურის უფროსის მიერ ან/და დარღვევათა პრევენციის მიზნით განეხორციელებინა კონკრეტული მითითებები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოება და ისე გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელე მ. თ-ას მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომლის პროპორციული, თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომაც სამსახურიდან დათხოვნა იქნებოდა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ პირი სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენად არ შეიძლება შეფასებული იქნას რამოდენიმე გადაცდომა აღებული ერთობლიობაში. ამასთან, ის გარემოება, რომ მ. თ-ას მიერ ხელმოწერილია დოკუმენტები და იგი პასუხისმგებელია სხვა ხელმომწერ პირებთან ერთად, არ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ მ. თ-ასთან მიმართებაში იმგვარ მძიმე დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურიდან გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებით ეცადა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების მიზნის - ახალი გადაცდომის თავიდან აცილების მიღწევა.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1...ის Nბ 01.01191096 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, არსებობდა მ. თ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და მოპასუხისთვის მ. თ-ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების (მისი გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტიდან) სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით) დაკისრების საფუძველიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, მე-7, 53-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას.
სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა; უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას.
დავის საგნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო ყველა მოხელისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება წინასწარ, გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს მიზეზს და იმ სამართალდარღვევის სახეს, რასაც უყენებს მას ადმინისტრაცია, რათა შესაძლებლობა ქონდეს ეფექტურად დაიცვას თავი. ამასთან, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე, 98-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მ. თ-ას საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის (N3/2432-16 საქმეზე) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის 5 აპრილს მიღებული იქნა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ მ. თ-ას მიერ თითქოს განხორციელდა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების არაერთგზის დარღვევა, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად შეიძლება განიმარტოს, როგორ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც ერთიანობაში თითქოს ქმნის დარღვევების უხეშად შეფასების დასაბუთებას და სადავო ქმედებებით, დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აღნიშნულ დასკვნაში მოპასუხის პოზიცია, ვინაიდან მ. თ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების, სტაბილურობის უტყუარობა სათანადოდ არ არის დადასტურებული; არ არის დასაბუთებული, რომ მ. თ-ას გათავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებული იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით; გააზრებული იქნა საყოველთაოდ აღიარებული და განმტკიცებული ძირითადი უფლებები და ღირებულებები; არ იქნა შეფასებული და დაანგარიშებული მ. თ-ას შესაძლო არაჯეროვანი სამსახურებრივი შესრულებით ადმინისტრაციული ორგანოსადმი და საჯარო ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის ხასიათი თუ ოდენობა. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწყლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მ. თ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერება. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართებულად ცნო ბათილად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1...ის Nბ 01.01191096 ბრძანება და კანონშესაბამისად დაავალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. თ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ასევე, მოპასუხეს კანონშესაბამისად დაეკისრა მ. თ-ას მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტიდან) სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განმეორებით შეისწავლა ყველა სადავო ეპიზოდი. საბოლოოდ მომზადებული 2019 წლის 5 აპრილის დასკვნით კი დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა დარღვევასთან მიმართებით, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით დაადგინა მ. თ-ას პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, ყველა ეპიზოდთან მიმართებაში ხაზი გაესვა იმ ვალდებულებებს, რომლებიც მ. თ-ას გააჩნდა და რომელთა დარღვევასაც ადგილი ჰქონდა თითოეულ შემთხვევაში. ამასთან, კასატორის განმარტებით, თითოეული დარღვევა იყო მძიმე ხასიათის და ისინი ჩადენილი იყო დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში. დარღვევების შინაარსიდან და იმ ზიანიდან გამომდინარე, რაც აღნიშნული ქმედებებით მიადგა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტსა და საჯარო ინტერესებს, ისინი დამოუკიდებლად იქნა შეფასებული, როგორც სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების უხეში დარღვევა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მ. თ-ას მიმართ გამოყენებული ზომა იყო პროპორციული, სამართლიანი და წარმოადგენდა ერთადერთ ზომას, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო გადაცდომების შემდგომში თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ვინაიდან დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ცალსახა იყო, რომ მ. თ-ა, როგორც სფეროს კურატორი, მოადგილე, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ართმევდა თავს. ამდენად, კასატორის პოზიციით, ...ის საქალაქო სამსახურის ფუნქციონირების ნორმალურ პირობებში გაგრძელება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმგვარი გადაწყვეტილების მიღებით, როგორიც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 2...ის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. თ-ას საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება მ. თ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის მ. თ-ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის - თვეში 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებას. ამავე განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. თ-ას გარდაცვალების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე მ. თ-ას აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. ასევე, ამავე განჩინებით, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება, იმ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე მ. თ-ას აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) - აწ გარდაცვლილი მ. თ-ას საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი მეუღლე - ლ. დ-ე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა. ამავე განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ. თ-ა დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 მარტის N541 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ე მ. თ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გამოცემული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 თებერვლის N10-38/7172 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მითითებული მოხსენებითი ბარათით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, მერის პირველ მოადგილეს ეცნობა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 დეკემბრის N10-38/23460 წერილის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურში მიმდინარე შემოწმებისას, განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის სახელობის ბაღში არსებული მდგომარეობის, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირება, რაზეც 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილი იქნა დასკვნა. ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ინსპექტირების ფარგლებში შესწავლილი იქნა ...ის საქალაქო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ...ის ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების შესასყიდად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (procurement.gov.ge) ატვირთული და სამსახურში არსებული სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა ობიექტის ვიზუალური დათვალიერება და საკონტროლო აზომვები. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში ...ის სახელობის ბაღის მოვლა-პატრონობაზე 2015 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ...ს“ შორის გაფორმებული N3.1/30/146 ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ შორის მ. თ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ...ის საქალაქო სამსახურის დებულებითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N2452 ბრძანების დანართი 7-ით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევასა და არაჯეროვან შესრულებას, რადგან მან ვერ განახორციელა სათანადო ზედამხედველობა და რეაგირება მის სამსახურებრივი ვალდებულებების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, რითაც დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ სახეზე იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა მ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ამავე მოხსენებითი ბარათით წარდგენილ იქნა ინსპექტირების დასკვნა და შემოწმების მასალები.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 მარტის N541 ბრძანება მ. თ-ამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/2432-16), მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის N541 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობიდან მ. თ-ას გათავისუფლების შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/2432-16) მითითებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ინსპექტირების დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა მ. თ-ას მიერ მასზედ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ 2015 წლის 29 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (...) ქ. თბილისში, ...ის სახელობის ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერის შედეგებზე 2015 წლის 13 მარტს შპს ,,რ...თან“ გაფორმდა N3.1/30/146 ხელშეკრულება, ღირებულებით 81 492.10 ლარი (2015 წლის 24 ივნისსა და 5 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 72 283.54 ლარი). ხელშეკრულებით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობა იყოფოდა 4 სახის მომსახურებად, კერძოდ: ზედა ტერასის მოვლა-პატრონობა, ქვედა ტერასის მოვლა-პატრონობა, საყვავილე თარგების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, დამატებითი სამუშაოებით მომსახურება. სამუშაოების შესრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. N4, N5, N6, N7, N8 და N9 მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებულია სამსახურის ...ის მ. თ-ას მიერ. მ. თ-ას ახსნა-განმარტებისა და შემოწმებისას შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, სამუშაოებზე ზედამხედველი თანამშრომლების საქმიანობის და მათ მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი და გადამოწმება მის მიერ საერთოდ არ ხორციელდებოდა, მათ შორის არც შერჩევით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ...ის სახელობის ბაღის ზედა ტერასაზე მომსახურება განხორციელებულია 13 270 მ2-ზე, ხოლო ქვედა ტერასაზე - 18 470 მ2-ზე, თუმცა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებით დადგინდა, რომ ზედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 13 270 მ2-ისა შეადგენს 8 194 მ2-ს, ხოლო ქვედა ტერასის გაზონების ფაქტობრივი ფართი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 18 470 მ2-ისა, შეადგენს 9 875 მ2-ს. ანუ სულ სხვაობამ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ ფართსა და ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის ზედა და ქვედა ტერასებზე ჯამში შეადგინა 13 671 მ2, რის გამოც შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ზედა და ქვედა ტერასების გაზონების მოვლა-პატრონობის ნაწილში ზედმეტად იქნა გაწერილი 2 726.09 ლარის ღირებულების სამუშაოები.
ამავე გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი/ვალდებული პირი და მისი პასუხისმგებლობის ფარგლები აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მაისის N2452 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებზე“, სადაც დაკონკრეტებულია სამუშაოთა აღწერილობები. კერძოდ, მ. თ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის მქონე პირის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ...ის საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: გამწვანებული ტერიტორიების, პარკების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების მოვლის საკითხზე; საპარკე ფურნიტურის მოვლა-პატრონობის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება; განყოფილებაში შემოსული წერილების თანამშრომელთა შორის განსახილველად განაწილება. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებული იყო თბილისის ...ის საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების ...ს ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა; შესყიდვების საქალაქო სამსახურში წარსადგენად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება; შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება. ... ანგარიშვალდებული იყო თბილისის ...ის საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/2432-16) სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების თანახმად, როგორც ...ის საქალაქო სამსახურის ...ის, ასევე, ამავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილების ...ს მოვალეობას წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ...ს“ შორის დადებულ 2015 წლის 13 მარტის N3.1/30/146 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის სახელობის ბაღის მოვლა-პატრონობის მომსახურების მიწოდებისას, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. დადგენილია, რომ შპს ,,რ...სა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებულ იქნა 2015 წლის 3 აგვისტოს N4, 2015 წლის 1 სექტემბრის N5, 2015 წლის 25 სექტემბრის N6, 2015 წლის 2 ნოემბრის N7, 2015 წლის 1 დეკემბრის N8 და 2015 წლის 25 დეკემბრის N9 მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა 13 270 მ2 ფართობზე შესრულებული სამუშაოების მიღება. მიღება-ჩაბარების აქტებზე არ ფიქსირდება სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტების დანართების თანახმად, სამუშაოები მოცულობებისა და ღირებულების მითითებით, ჩაბარებული აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების ...ს. საგულისხმოა, რომ ...ის საქალაქო სამსახურის ...ე, ამავე სამსახურის თბილისის შემოსასვლელების სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ... დამოუკიდებლად ანგარიშვალდებულნი იყვნენ თბილისის ...ის საქალაქო სამსახურის უფროსის წინაშე, რაც იმავდროულად გულისხმობს იმას, რომ სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი განეხორციელებინა მასზედ დაქვემდებარებულ პირთა მიმართ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველეყო კონკრეტული ღონისძიებების მიღება, რომელიც მიმართული იქნებოდა დარღვევისა თუ პრობლემის აღმოფხვრისკენ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სამუშაოს შესრულების წესი და მეთოდიკა დაწუნებული ყოფილიყო სამსახურის უფროსის მიერ ან/და დარღვევათა პრევენციის მიზნით განეხორციელებინა კონკრეტული მითითებები. მოცემულ შემთხვევაში, მ. თ-ა შიდა აუდიტისა და პრევენციის დეპარტამენტში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავდა, რომ შესრულებული სამუშაოების მიღებისას ზედამხედველი ადგილზე მისვლით აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, შეჰქონდათ წინადადებები-შესწორებები, ადგილზე გაიცემოდა მითითებები ტექნიკური დავალებების შესაბამისად, შემდეგ ხდებოდა თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯერება და რეალურად შესრულებული სამუშაოების დადასტურება ზედამხედველის მიერ, რაზეც ფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტი, მის საფუძველზე კი დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა უშუალოდ ზედამხედველი, რასაც გადამოწმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ამოწმებდა განყოფილების უფროსი და ამ დოკუმენტებს ადასტურებდა მ. თ-ა მისი ხელმოწერით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული განმარტების საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია. შესაბამისად, დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების კონტროლს ადგილზე ახორციელებდა განყოფილების თანამშრომელი, რომელიც ანგარიშვალდებული იყო სამსახურის უფროსთან. აღნიშნულ პირობებში კი, მხოლოდ მ. თ-ას მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი შესრულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ეს მიღება-ჩაბარების აქტებში იყო დაფიქსირებული, თუმცა დათვალიერების ოქმზე დამსწრე პირთაგან ერთ-ერთი არ ეთანხმებოდა ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივი შესრულების მოცულობას. ამდენად, უტყუარად არ არის დადასტურებული ფაქტობრივ შესრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მოცულობას შორის უზუსტობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო გამოკვეთილი უშუალოდ მ. თ-ას მიერ ისეთი გადაცდომის ჩადენა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების გარეშე. სასამართლოს განმარტებით, ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთების შემთხვევაშიც კი, დარღვევას ექნებოდა ადგილი არა მხოლოდ მ. თ-ასთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის სახით, არამედ სრულიად სამსახურზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით, ვინაიდან მითითებული დარღვევა გამოიხატა სამუშაოთა მიმდინარეობის სპეციფიკასა და მეთოდიკაში, რომელიც უნდა განისაზღვროს სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ. თუკი სამსახურის ...ის ვალდებულებად მოიაზრება შესრულებულ სამუშაოთა ადგილზე კონტროლი, მათ შორის მოცულობების დაზუსტების კუთხით, აღნიშნული წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და ცნობილი მოცემული თანამდებობის დაკავების მსურველ პირთათვის, ვინაიდან მოცემული სახის სამუშაოები - ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების უტყუარად დადგენა/შეფასება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. შესაბამისად, მოცემულ პირობებში მ. თ-ას მიმართ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება საქალაქო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/2432-16) ასევე მითითებულია, რომ ინსპექტირების დასკვნის თანახმად, სამსახურის მიერ 400 000 ცალი ყვავილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 15 სექტემბერს, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, რის შემდგომაც ტენდერი განმეორებით გამოცხადდა 28.10.2015 წელს მხოლოდ 210 000 ცალი ყვავილის შესყიდვაზე და ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 30 ნოემბერს. როგორც სამსახურის ...ის მ. თ-ას ახსნა-განმარტებით დგინდება, აღნიშნული განმეორებითი ტენდერის საფუძველზე შეძენილი ყვავილები გადანაწილდა სხვადასხვა ობიექტებზე პრიორიტეტების შესაბამისად, რომელთა შორის ...ის სახელობის ბაღი არ მოხვდა. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, მ. თ-ას გადაცდომა მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით მდგომარეობს იმაში, რომ ტენდერი არ გამოცხადდა გონივრულ დროში, კერძოდ არ იქნა გათვალისწინებული ტენდერის ჩაშლის შემთხვევაც. მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობა საქალაქო სასამართლომ ვერ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ტენდერის ჩაშლის შემთხვევა შესაძლებელია დადგეს არა ერთჯერ, არამედ რამოდენიმეჯერ, შესაძლებელია ყოველ ჯერზეც, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ტენდერის გამოცხადებას ადგილი ჰქონდა არაგონივრულ ვადებში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა რამდენად გონივრულ ვადაში იყო ტენდერი გამოცხადებული, თუკი იგი წარმატებით დასრულდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არის შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამასთან, არც ამჯერად არის დასაბუთებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების აუცილებლობა, არ არის შეფასებული მოცემული დარღვევა (დადასტურების შემთხვევაში კი) არის თუ არა ადეკვატური გამოყენებული ზომის მიმართ.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/2432-16) აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მ. თ-ას 2019 წლის 3 აპრილს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. აღნიშნული ახსნა-განმარტების თანახმად, მ. თ-ამ განმარტა, რომ მის უფლება-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი; ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა შემდეგ საქმიანობაზე: თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების პროექტირება და მოწყობა; თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა; თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროების და პარკების მოვლა-პატრონობა; თბილისის ტერიტორიაზე არსებულ შემოსასვლელებში, სანაპიროებზე და პარკებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა; თბილისის ტერიტორიაზე არსებული სარწყავ-სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა; არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია; ნიადაგის აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა. ამასთან, განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მ. თ-ას განმარტებით, თბილისის ბაღებისა და პარკების მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი მის მიერ ხორციელდებოდა შემდეგნაირად: ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი სამუშაოების და აგროტექნიკური ღონისძიებების გაცნობა განყოფილებაში და ადგილზე სამუშაოების ზედამხედველობის სამოქმედო გეგმის შეთანხმება. კვირაში ერთხელ მის მიერ ხდებოდა ბაღებისა და პარკების შემოვლა, სადაც ვიზუალურად ადგილზე აკვირდებოდა როგორც ობიექტების იერ-სახეს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას. აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამისად ხელშეკრულებაში თვეების მიხედვით იყო გაწერილი ძირითადი სამუშაოები, ხოლო დამატებითი სამუშაოების მოცულობები და შესრულების ვადები დგინდებოდა ზედამხედველის მიერ მისი წარმოშობის პერიოდიდან. ზედამხედველის მიერ გადამოწმებული სამუშაოების მოცულობებს წარმოადგენდა კონტრაქტორი სამუშაო აქტის სახით განყოფილებაში, სადაც განყოფილების უფროსისა და ასევე მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ხდებოდა აქტის გადამოწმება და შესაძლო კორექტირებების შეტანა, საბოლოოდ ხდებოდა აქტში მოყვანილი ძირითადი პარამეტრების ხელშეკრულების მონაცემებთან შედარება (მიღება-ჩაბარების აქტებში ხელშეკრულებიდან უცვლელად გადადის შემდეგი სახის მონაცემები, როგორიცაა: აგროტექნიკური ღონისძიებები, გამწვანებული ტერიტორიების ფართობები, მცენარეთა რაოდენობა, ერთეული ღონისძიების ღირებულება, დამატებითი სამუშაოების მოცულობები თანხებში). ყველა ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ ხდებოდა საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება მასზე ხელმოწერით. ამასთან, მ. თ-ას განმარტებით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოთა ნაწილობრივი შესრულება არ ხდება. შესაბამისად, თუ სამუშაო სრული მოცულობით არ არის შესრულებული, არ ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მ. თ-ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩაშლილი ტენდერის მიზეზი გახდა გამარჯვებული კომპანიის მიერ მისაწოდებელ ნიმუშებზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, მისი წინადადება იყო განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვა იგივე რაოდენობაზე, თუმცა აღნიშნული წინადადება ხელმძღვანელობის მიერ არ იქნა გაზიარებული და სრული ვადების დაცვით გამოცხადდა ტენდერი განახევრებულ რაოდენობაზე, რაც ძირითადად განპირობებული და გათვლილი იყო ზამთრის პირობებში სამუშაოთა მოცულობების უდანაკარგოდ წარმართვისათვის. ახსნა-განმარტებაში მ. თ-ამ მიუთითა, რომ მას საქალაქო სამსახურის უფროსთან ჰქონდა ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია, რომლის დროსაც შესთავაზა გამარტივებული შესყიდვა. უარის პასუხი კი, როგორც ახსოვს იყო ის, რომ შესყიდვების სამსახურის მხრიდან იქნებოდა უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და არ ღირდა აღნიშნულ მიდგომაზე მუშაობა.
ამავე ახსნა-განმარტებაში მ. თ-ამ მიუთითა, რომ ...ის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე 18 000 ცალი ყვავილის ფაქტიური გახმობა-განადგურება მოხდა მის სამსახურში მისვლამდე. ამის შესახებ განყოფილება და ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო. ივნის-ივლისში მერიის ეგიდით პარკში ჩატარებულმა რამდენიმე ღონისძიებამ, საზოგადოებრივმა შეკრებამ შელახა და დააზიანა ყვავილები, რამაც გამოიწვია მათი გახმობა - ასეთი იყო განმარტება. მ. თ-ას განმარტებით, მის მიერ მოკვლეულ იქნა მასალები ყვავილების მიმწოდებელი კომპანიიდან და დადგინდა, რომ მათ მიერ მიწოდებული ყვავილები აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს. ასევე გადამოწმებული იქნა მომსახურე კომპანიის მიერ გასულ თვეებში ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამებოდნენ სათანადო მოთხოვნებს. მისი დავალებით შედგენილ იქნა აქტი ყვავილების რეალური რაოდენობის შესახებ და დაიწყეს მოვლა-პატრონობა რეალურად არსებულ ერთეულზე გათვლით. მ. თ-ამ აღნიშნა, რომ მიმწოდებელ კომპანიას ჰქონდა შესაბამისობის სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდებოდა დარგული ყვავილების ხარისხი, მიღება-ჩაბარების აქტით კი დასტურდებოდა დარგული ყვავილების რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავდა მიმწოდებელი კონტრაქტორის პასუხისმგებლობას. რგვიდან ერთი თვის პერიოდში განხორციელებული გეგმიური შემოწმების შედეგებითაც დადასტურდა, რომ დარგული მცენარეები იყო ხარისხიანი. ასევე მოკვლეულ იქნა მომვლელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი და დადასტურდა, რომ მათი მხრიდანაც არ ყოფილა დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულება. სხვა სახის კვლევის ჩატარება მის უფლება-მოვალეობებში არ შედიოდა.
შპს ,,რ...ის“ მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ N25/40739 და N25/56282 წერილებთან დაკავშირებით, მ. თ-ამ აღნიშნა, რომ მითითებული წერილები მომზადდა განყოფილებაში, შეთანხმებული იყო მასთან და სამსახურის უფროსთან. წერილების შედგენის მიზანი იყო ინსპექტირებისას გამოვლენილი და დადგენილი დამატებითი სამუშაოების შესრულების დაკისრება კონტრაქტორისათვის და ასევე, უკვე შესრულებულ დამატებით სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება. კონტრაქტორმა წერილებით დაკისრებული დავალებები შეასრულა ჯეროვნად, სრულად და დროულად. მ. თ-ამ ასევე აღნიშნა, რომ N25/40739 და N25/56282 წერილებთან დაკავშირებით, მისი შედეგებიდან გამომდინარე, შპს „რ...ის“ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება არაკანონიერად მიაჩნია მისი უსაფუძვლობის გამო, რადგანაც კონტრაქტორმა დაკისრებული დავალებები შეასრულა.
2019 წლის 3 აპრილის ახსნა-განმარტებაში მ. თ-ამ მისი მხრიდან ზოგადად მიღება-ჩაბარების დადასტურების საკითხთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში შეიტანება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რომლებიც წარმოიშვება (მაგალითისათვის გაზონებთან დაკავშირებით მოცულობების დადგენა ხდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფართობებზე ჩატარებული მოვლა-პატრონობის სათანადო ჯერადობებით გათვალისწინებული ღონისძიებების, როგორიცაა: მორწყვა, გაკრეჭვა, გაფოცხვა, სასუქის შეტანა... რაოდენობაზე და ერთეული სამუშაოების ღირებულებაზე გამრავლებით) სათანადო ჯერადობების აგროტექნიკური ღონისძიებების ერთეულის ფასზე და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობებზე (გაზონი, ხეები, ბუჩქები, ყვავილები, შერეული ნარგავები, დეკორატიული კუთხეები) გადამრავლებით, ასევე საბაღე ფურნიტურზე (სკამები, სანაგვე ურნები, ბილიკები) გაწეული ხარჯებით. თითოეული ღონისძიების ჩატარება თანხმდება ზედამხედველთან და ხშირ შემთხვევაში ხდება მისი დასწრება სამუშაოების ჩატარებისას. დღის განმავლობაში ობიექტიდან მობრუნებული მუშაკები განყოფილებაში ანგარიშს ადგენენ და სამუშაო წიგნში შეაქვთ მონაცემები, არსებული ჩანაწერები. მ. თ-ას განმარტებით, არსებული ჩანაწერები მისთვის იყო სახელმძღვანელო ადგილზე გასვლისას და ობიექტის დათვალიერებისას. ამდაგვარი მუშაობის შედეგად ხდებოდა თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოთა მოცულობების დადგენა-კონტროლი და საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახვა. ახსნა-განმარტებაში მ. თ-ა ასევე მიუთითებს, რომ სამსახურის ყოველკვირეულ თათბირებზე მის მიერ განყოფილების მუშაობაში გამოვლენილ ხარვეზებსა და მისი გამოსწორების გზებზე ხშირად ჰქონდა საუბარი, რაც ოქმებით ფიქსირდებოდა. მის მიერ ჩატარებული ანალიზითა და ინიციატივით მოხდა მოვლა-პატრონობის უკვე არსებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა დამატებითი სამუშაოების ნაწილში და გამოთავისუფლდა 250 000 ლარი სხვა სამუშაოებისათვის. აღნიშნული ცვლილებები შეეხო ორივე განყოფილებას და თითქმის ყველა არსებულ ხელშეკრულებას ბაღებისა და სკვერების მოვლა-პატრონობის ნაწილში. მ. თ-ა აღნიშნავს, რომ ზედამხედველები ადგილზე ყოველთვის გადიოდნენ და სათანადო სამუშაოების მიმდინარეობისა და არსებული პრობლემების შესახებ, შესაძლო დახმარებების თაობაზე და სხვა საკითხებზე განყოფილებაში იმართებოდა მსჯელობა როგორც განყოფილების უფროსთან, ასევე თავადაც ბევრჯერ დასწრებულა საკითხთა ამდაგვარ განხილვას, შედეგად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამასთან, კონტრაქტორს მასთან არასდროს შემოუტანია რაიმე მონაცემები დასადასტურებლად. მის მიერ მიღება-ჩაბარების აქტების დადასტურება ხდებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნული პროცედურების დაცვით.
...ის სახელობის ბაღის, ...ის ბაღისა და ...ის ბაღის ტერიტორიაზე კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების დადასტურებასთან დაკავშირებით, მ. თ-ამ განმარტა, რომ იგი ხელმძღვანელობდა მანამდე უკვე არსებული ხელშეკრულებებით, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად გაზონის ფართობებიც იყო დაფიქსირებული. ფართობების გადამოწმების სამსახურებრივი ვალდებულება მას არ ჰქონია. ამ შემთხვევაში მისი ვალდებულება იყო ხელშეკრულების პირობების დაცვა, ანუ დამტკიცებულ ფართობებზე შესაბამისი ხარისხითა და ფაქტიური ჯერადობებით ჩატარებული სამუშაოების დადგენა და მიღებული მოცულობების სათანადო მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირება. დამტკიცებული ფართობების გადამოწმება მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფართების უზუსტობის შესახებ ინფორმაციას მიიღებდა. მ. თ-ამ აღნიშნა, რომ მისთვის ასეთი ინფორმაცია არც თანამშრომლებს, არც ხელმძღვანელობას და არც გარედან არავის მოუწოდებია. მისივე განმარტებით, კონტროლი არ გულისხმობს ერთხელ უკვე დამტკიცებული და სახელმძღვანელოდ დადგენილი მონაცემების გადამოწმებას, თუ არ არსებობს ამის მიზეზი. მ. თ-ამ ასევე აღნიშნა, რომ გამწვანებული ფართების უზუსტობების შესახებ მან გაიგო მაშინ, როდესაც შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მერს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი ინსპექტირების დასკვნით. ამ პერიოდისათვის მათ უკვე დადასტურებული ჰქონდათ შესრულებული სამუშაოები კონტრაქტორთან და ხელშეკრულების ვადებიც ამოწურული იყო. მ. თ-ას განმარტებით, შიდა აუდიტის სამსახურს პრევენციის სახით დროულად რომ ეცნობებინა ...ის საქალაქო სამსახურისათვის მათ მიერ ჩატარებული გადაზომვების საგანგაშო შედეგები, ისინი აუცილებლად მოახდენდნენ ფართობების გადამოწმებას კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ და ცვლილებებს შეიტანდნენ ხელშეკრულებებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/2432-16) აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 5 აპრილს შეადგინა დასკვნა მ. თ-ას საქმესთან დაკავშირებით გარემოებების დამატებითი გამოკვლევისა და შეფასების შესახებ. დასკვნაში მითითებულია, რომ მ. თ-ას, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის ძირითად მოვალეობებს მიეკუთვნებოდა თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, განყოფილებაში შესული წერილების შესრულებაზე კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებში კი მ. თ-ას მიერ აღნიშნული სამსახურებრივი ვალდებულებები არაერთგზის იქნა დარღვეული. ამავე დასკვნის თანახმად, მ. თ-ა პასუხს აგებდა კონკრეტული მიღება-ჩაბარების აქტების შინაარსზე. შინაარსი კი, სტანდარტულად წარმოადგენდა მითითებას მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და შემსყიდველის მიერ ასანაზღაურებელ ღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დოკუმენტის ხელმომწერი პირები ადასტურებდნენ, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ნამდვილად შესრულდა კონკრეტული მოცულობის სამუშაო. შესაბამისად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ სადავოდ მითითებულ გარემოებაზე, რომ სამუშაოების ანაზღაურება ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებში არარსებული მოცულობის ფართობზე მითითებით, პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დოკუმენტის ხელმომწერ პირს. მ. თ-ას პასუხისმგებლობა გამომდინარეობდა მისი მხრიდან მცდარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის ხელმოწერით დადასტურებით, მას აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სამუშაოთა აღწერილობის დოკუმენტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კონტროლის და საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი, ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულების ფარგლებშიც. დასკვნის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ ის უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. თ-ას მხრიდან არ ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება, არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოხსენებული ვალდებულებების გამაქარწყლებელ მითითებად და განაპირობოს ხსენებული დარღვევებისათვის მოხელის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 აპრილის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ მ. თ-ას სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რაც განაპირობებდა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასაც. შესაბამისად, ის რისკი, რომ კონკრეტული პერიოდისათვის საჭირო მცენარეების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო შესყიდვის ვადების გათვალისწინებით, უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული სწორედ მ. თ-ას მიერ, მით უმეტეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა საშემოდგომო რგვებისთვის საჭირო მცენარეების შესყიდვის ვადებთან დაკავშირებით. ამასთან, მას შემდეგაც, რაც აშკარა გახდა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული შესყიდვის პროცედურით სამუშაოთა დროული მიწოდების განხორციელება შეუძლებელი იყო, უშუალო ვალდებულების მიუხედავად, მ. თ-ას მხრიდან საქალაქო სამსახურის უფროსის სახელზე არ მომზადდა შესაბამისი წინადადებები (მაგალითად, ერთ პირთან მოლაპარაკების ბერკეტის გამოყენების შესახებ), რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სატენდერო პროცედურების დროში გაწელვის უარყოფითი შედეგები.
მითითებული დასკვნის თანახმად, მ. თ-ას მხრიდან ასევე დარღვეული იქნა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, როდესაც მისი მხრიდან არასათანადო ყურადღება მიექცა ...ის ბაღის ტერიტორიაზე 18 000 ცალი ყვავილის „გაქრობის“ ფაქტს, რამაც განაპირობა საკურატორო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა. მისი მხრიდან არ იქნა მოკვლეული 18 000 ცალი ყვავილის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირები და შესაბამისად, არ განხორციელდა დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო, მათ შორის ზიანის ანაზღაურებისაკენ მიმართული ღონისძიებები. ამასთანავე, კონტრაქტორი კომპანიის მიმართ არ განხორციელდა ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის ამოქმედება. მ. თ-ამ არასათანადოდ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რაც მას ევალებოდა დაკავებული პოზიციის მიმართ არსებული სამუშაოთა აღწერილობის საფუძველზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 აპრილის დასკვნაში მითითებულია, რომ მ. თ-ას მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების არაერთგზის დარღვევა განხორციელდა, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად შეიძლება განიმარტოს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ერთიანობაში კი ქმნის დარღვევების უხეშად შეფასების დასაბუთებას, მით უმეტეს, რომ დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 აპრილს მ. თ-ას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, თუმცა მისი განმარტებიდან გამომდინარე არ გამოვლენილა რაიმე ახალი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე იყო მ. თ-ას მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა მ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ე მ. თ-ა ჩაითვალა თანამდებობიდან გათავისუფლებულად 2016 წლის 1 მარტიდან.
ამასთან, დადგენილია, რომ მ. თ-ა გარდაიცვალა 2023 წლის 2 აპრილს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ., №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/2432-16) აღსრულების მიზნით. გადაწყვეტილებაში სასამართლომ სადავოდ გამხდარ ეპიზოდებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ნაწილში შემთხვევებში არ დგინდებოდა უშუალოდ მ. თ-ას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ნაწილ შემთხვევებში კი მ. თ-ას მიმართ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნდა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იყო შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ იყო დასაბუთებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ზომის გამოყენების აუცილებლობა, არ იყო შეფასებული რამდენად ადეკვატურად იქნა გამოყენებული მ. თ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რატომ გამოიყენა მოპასუხემ მ. თ-ას მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი. სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს გადაცდომის ხასიათი. მოხელეს დისციპლინური სახდელის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეფარდება სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს თუნდაც ერთი ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც იძლევა საფუძველს მოხელე პირველივე დარღვევაზე სამსახურიდან გათავისუფლდეს. მხარეთა მიერ მ. თ-ას მიმართ მოქმედ დისციპლინურ გადაცდომაზე მითითება არ განხორციელებულა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა მოქმედი დისციპლინური სახდელი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/2432-16) აღინიშნა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანება არსებითად ეფუძნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 აპრილის დასკვნას, რომელშიც მითითებულია, რომ მ. თ-ას მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების არაერთგზის დარღვევა განხორციელდა, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად შეიძლება განიმარტოს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ერთიანობაში კი ქმნის დარღვევების უხეშად შეფასების დასაბუთებას, მით უმეტეს, რომ დაწესებულებას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და მატერიალური ზიანი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 აპრილს მ. თ-ას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, თუმცა მისი განმარტებიდან გამომდინარე არ გამოვლენილა რაიმე ახალი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე იყო მ. თ-ას მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა მ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, მითითებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 1...ს მიღებული იქნა Nბ01.01191096 ბრძანება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ე მ. თ-ა ჩაითვალა თანამდებობიდან გათავისუფლებულად 2016 წლის 1 მარტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. მითითებული კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამასთან, აღნიშნული კანონის 98-ე მუხლი ადგენს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მ. თ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მ. თ-ას გათავისუფლება იყო უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებული იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით და გათვალისწინებული იქნა საყოველთაოდ აღიარებული და განმტკიცებული ძირითადი უფლებები და ღირებულებები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწყლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე N3/2432-16) სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ მ. თ-ას მიმართ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნდა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არცერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ აქვს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მ. თ-ას განმარტებიდან გამომდინარე, რაიმე ახალი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები არ გამოვლენილა და მის მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების არაერთგზის დარღვევა ერთიანობაში ქმნიდა დარღვევების უხეშად შეფასების დასაბუთებას, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლავ იგივე გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაც სასამართლომ მ. თ-ას გათავისუფლებისთვის არასაკმარის საფუძვლად მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. თ-ას მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. თ-ა გარდაიცვალა 2023 წლის 2 აპრილს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით კი, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. თ-ას გარდაცვალების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საქალაქო სამსახურის ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე მ. თ-ას აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია თანამდებობიდან გათავისუფლება, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, პირის პირად უფლებებს უკავშირდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მ. თ-ას სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული მათ შორის იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება. იძულებითი განაცდური კი წარმოადგენს ქონებას, რომლის მიღების უფლებაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 1328-ე მუხლების გათვალისწინებით, შესაძლებელია გადავიდეს სხვა პირებზე, მემკვიდრეებზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული მ. თ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის მიუხედავად, მოთხოვნა მისი უფლებამონაცვლის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია ნაწილობრივ. კერძოდ, მ. თ-ას გარდაცვალების ფაქტის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების პერიოდი უნდა განისაზღვროს მ. თ-ას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან მისი გარდაცვალების თარიღამდე (და არა თანამდებობაზე აღდგენამდე), შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მ. თ-ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტიდან) სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება. აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აწ გარდაცვლილი მ. თ-ას უფლებამონაცვლის - ლ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აწ გარდაცვლილი მ. თ-ას უფლებამონაცვლის - ლ. დ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მ. თ-ას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 1 მარტი) მისი გარდაცვალების თარიღამდე (2023 წლის 2 აპრილი) პერიოდისათვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1...ის Nბ01.01191096 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე