Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-867(კ-23) 24 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - გ.კ-ე, გ.მ-ი, თ.ფ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.კ-ემ, გ.მ-მა, თ.ფ-მა და ნ.ბ-მა 2022 წლის 05 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს გ.კ-ისთვის 9 900 ლარის ოდენობით, გ.მ-ისთვის 5 280 ლარის ოდენობით, თ.ფ-ისთვის 7 700 ლარის ოდენობითა და ნ.ბ-ისთვის 10 750 ლარის ოდენობით მიუღებელი პენსიის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით ნ.ბ-ის, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

2022 წლის 21 ივნისს გ.კ-ემ, გ.მ-მა და თ.ფ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს გ.კ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14447 გადაწყვეტილების, გ.მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14443 გადაწყვეტილებისა და თ.ფ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14450 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ.კ-ისათვის მიუღებელი პენსიის 9900 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, გ.მ-ისათვის მიუღებელი პენსიის 5280 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ და თ.ფ-ისათვის მიუღებელი პენსიის 7700 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, გ.კ-ე, გ.მ-ი და თ.ფ-ი ამჟამად არიან პენსიონერები. მათ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მოპასუხეს მიმართეს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე, თუმცა უარი ეთქვათ პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მუშაობდნენ სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და, შესაბამისად, ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. მოსარჩელეთა განცხადება დაფიქსირებული არ ყოფილა, ამდენად, უარიც ზეპირსიტყვიერად მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.კ-ის, გ.მ-ის და თ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კოლეგიამ აღნიშნა, რომ გ.კ-ეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 65 წლის ასაკის მიღწევისას - 2016 წლის თებერვლიდან, გ.მ-ის - 2017 წლის თებერვლიდან, ხოლო თ.ფ-ის - 2016 წლის სექტემბრის თვიდან. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.კ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2019 წლის პირველ ნოემბერს, გ.მ-ის - 2019 წლის პირველ თებერვალს, ხოლო თ.ფ-ის - 2019 წლის პირველ აგვისტოს.

სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსარჩელეებს წარმოეშვათ უფლება მიემართათ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვათ პენსიის დანიშვნა, რაც არ დასტურდებოდა. კომპეტენტურ ორგანოს კი, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის აღსრულების ვალდებულება წარმოეშობა ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მათი უფლების რეალიზების თაობაზე ნების გამოხატვის (განცხადებით მიმართვის) შემდგომ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა 2019 წელს, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და 2023 წლის 15 მაისს მიღებული განჩინებით გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება გ.კ-ემ, გ.მ-მა, თ.ფ-მა და ნ.ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ფაქტების სწორად დადგენის მიუხედავად, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავთ მოპასუხისათვის. მოსარჩელეებმა საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართეს შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. მათ უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,, დელტაში“ და, შესაბამისად, ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. როგორც აღმოჩნდა, მოსარჩელეთა განცხადება დაფიქსირებულიც არ ყოფილა. ასეთი იმ პერიოდისათვის უამრავი იყო, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ბენეფიციარების სია, რომლებიც ასევე, ამავე საფუძვლით, გარკვეული პერიოდი დარჩნენ პენსიის გარეშე. მოპასუხე ...ის თანამშრომლებს არწმუნებდა, რომ მათ პენსია არ ეკუთვნოდათ საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო და საჩივრების დაწერა უშედეგო იქნებოდა. სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობამ თანამშრომლები შეიყვანა შეცდომაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ნ.ბ-ის საკასაციო მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.კ-ე 2011 წლის პირველი იანვრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, ...ის ...ის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული სსსტც ,,დელტაში“ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის თანახმად, გ.კ-ეს (დაბადებული ... წლის ... ...) პენსია დაენიშნა 2019 წლის პირველ ნოემბერს. 2022 წლის 20 მაისს, გ.კ-ემ №52220 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების ცენტრს და პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან - პენსიის დანიშვნამდე პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14447 გადაწყვეტილებით, გ.კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ გ.კ-ის 2019 წლის 4 ოქტომბრის განცხადება დაკმაყოფილდა, მას 2019 წლის პირველი ნოემბრიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ამასთან, მას 2019 წლის 04 ოქტომბრამდე პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სააგენტოსათვის არ მიუმართავს.

გ.მ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, ...ის ...ის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული სსსტც ,,დელტაში“ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის თანახმად, გ.მ-ის (დაბადებული ... წლის ... ...) პენსია დაენიშნა 2019 წლის პირველ თებერვალს. 2022 წლის 20 მაისს გ.მ-მა №52220 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების ცენტრს და პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან - პენსიის დანიშვნამდე პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14443 გადაწყვეტილებით, გ.მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ გ.მ-ის 2019 წლის 21 იანვრის განცხადება დაკმაყოფილდა და მას 2019 წლის პირველი თებერვლიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ამასთან, მას არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი.

თ.ფ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, ...ის სპეციალისტის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული სსსტც ,,დელტაში“ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის თანახმად, თ.ფ-ის (დაბადებული ... წლის ... ....) პენსია დაენიშნა 2019 წლის პირველ აგვისტოს. 2022 წლის 20 მაისს, თ.ფ-მა №52220 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების ცენტრს და პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან - პენსიის დანიშვნამდე პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-ი/14450 გადაწყვეტილებით, თ.ფ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ თ.ფ-ის 2019 წლის 27 ივნისის განცხადება დაკმაყოფილდა და მას 2019 წლის პირველი აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ამასთან, მას 2019 წლის 27 ივნისამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვა არ უფიქსირდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე, არამედ ამისათვის აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზოგადად უფლება, მისი ვიწრო გაგებით, არის ადამიანის შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება. ამ სახის უფლებას ნორმატიული, კანონწარმომშობი საწყისი გააჩნია და მისი ძირითადი განზრახულობა ამ უფლებით აღჭურვილი პირისათვის კონკრეტული სარგებლის მიღებას უკავშირდება. სარგებლის მიღება, როგორც ზოგადი მოქმედების უფლების ერთ-ერთი გამოვლინება, ზოგჯერ არ არის დამოკიდებული მხოლოდ უფლების ნორმატიულ ბუნებაზე, არამედ მოითხოვს უფლებით აღჭურვილი პირის ნებელობით მოქმედებას მისი რეალიზების თვალსაზრისით. ამდენად არსებობს უფლება, რაც მისი ეფექტურად გამოყენებისათვის, საჭიროებს ნებაყოფლობითი და თანმიმდევრული მოქმედების განხორციელებას, კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კასატორებმა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით 2019 წელს მიმართეს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულ პერიოდამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვის ფაქტი კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობასა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა