ბს-164(კ-22) 24 ივლისი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ინდმეწარმე ლ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 21.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ინდმეწარმე ლ.მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2020 წლის 14 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის 4 077,9 ლარის, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრიდან ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 621 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება, ასევე ქ. თბილისში, ... №2-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2020წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო და განსახილველად გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდმეწარმე ლ.მ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2020 წლის 14 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობის პერიოდისთვის ჯამში 4077.9 ლარის, 2020 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 621 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ინდმეწარმე ლ.მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინებით, ინდმეწარმე ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე შესაბამისი ანაზღაურების გარეშე არამართლზომიერად სამეწარმეო მიზნებისთვის სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინდმეწარმე ლ.მ-ეს არაერთხელ ეცნობა იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, .... №2-ის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 შენობები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, 2020 წლის 14 მაისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სადავო №1 და №2 შენობა-ნაგებობების ნაწილი წარმოდგენს ლ.მ-ის საკუთრებას, პალატამ აღნიშნა, რომ ეს გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი და თანხის ანაზღაურება მოთხოვნილი იქნა მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. საქალაქო სასამართლომ 16.02.2021წ. სხდომაზე იმსჯელა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა აგრეთვე სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის აღნიშნული შუამდგომლობა, ვინაიდან სადავო ქონებაზე ლ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაშიც ვერ შეიცვლება ამავე უძრავ ნივთზე მანამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. დადგენილია მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული ქონების შემდგომში ლ.მ-ისთვის გადაცემა გავლენას ვერ მოახდენს არსებული დავის გადაწყვეტაზე. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა, რასაც სადავოდ ხდის ლ.მ-ე, ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტას სათანადო საფუძვლების არსებობისას. საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაშიც სახეზე იქნება გარემოება იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოპასუხე სამეწარმეო მიზნებისთვის არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ინდმეწარმე ლ.მ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს რეგისტრაციის საფუძვლის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.10.2016წ. ბრძანების გაუქმების შემთხვევაშიც, ლ.მ-ე ვალდებული იქნება გადაიხადოს საზღაური ქონებით სარგებლობისთვის. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში ლ.მ-ეს მოუხდება უკანონო აქტის თანმდევი შედეგების მიღება და შესრულება. აქტის უკანონობის დადგენის შემთხვევაში კი, მან ხელახლა უნდა აწარმოოს დავა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. გასაჩივრებული განჩინებით არ არის დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპები. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების დადგენამდე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების თაობაზე ლ.მ-ის სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე ლ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მოპასუხის ინდმეწარმე ლ.მ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის ფაქტი, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავ ნივთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მითითებული გარემოებები წარმოშობდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.13 მუხლით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს აღნიშნულ ნორმით დადგენილი რომელიმე წინაპირობის გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას. კასატორის ძირითად პრეტენზიას შეადგენს სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების თაობაზე ლ.მ-ის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს ადგენს სსკ-ის 279-ე და 280-ე მუხლები, კერძოდ, სსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დადგენილია სასამართლოს ვალდებულება საქმის წარმოების შეჩერებაზე, ხოლო სსკ-ის 280-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერება სასამართლოს უფლებას წარმოადგენს. მართალია, კასატორი არ მიუთითებს საქმის წარმოების შეჩერების კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველზე, თუმცა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერებას ისეთ შემთვევებში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო მოცემული დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის დადასტურება მის მიერ მითითებული საქმის განხილვამდე. მოცემულ შემთხვევაში ლ.მ-ეს აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეთქვა უარი თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, კერძოდ, ლ.მ-ის 17.04.2014წ. განცხადებისა და ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის 17.07.2014წ. წერილის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2014წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, .... №2-ის მიმდებარედ 332კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ლ.მ-ეს ეთქვა უარი, ასევე საკუთრების უფლების აღიარების 16.09.2020წ. განკარგულებით, ლ.მ-ეს უარი ეთქვა ამავე მისამართზე მდებარე 234კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება აღიარების კომისიის მითითებული აქტების გასაჩივრებისა და მათი არამართლზომიერების დადგენის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონებით სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით კასატორს რაიმე სახის პრეტენზია ან შედავება არ წარმოუდგენია, ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ დავაში, რომლის განხილვამდეც მოითხოვს კასატორი საქმის წარმოების შეჩერებას, წარდგენილია შეცილებითი სახის სარჩელი, მოთხოვნილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შესაბამისად, მითითებულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება იმთავითვე არ წარმოშობს უძრავ ნივთზე ინდმეწარმე ლ.მ-ისთვის რაიმე უფლების მინიჭებას ან დადგენას, ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.11.2019წ. და 07.03.2024წ. გადაწყვეტილებებით, გ.მ-ისა (მოსარჩელის შვილი) და მოსარჩელე ინდმეწარმე ლ.მ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოთ მითითებული ქონება. აღნიშნული გარემოება აგრეთვე მიუთითებს ხსენებულ უძრავ ნივთზე მართლზომიერი საფუძვლით მოსარჩელის სარგებლობის უფლების არარსებობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლების არსებობასა და სხვა საქმის განხილვამდე წინამდებარე დავის გადაწყვეტის შეუძლებლობას.
დასაბუთებული არ არის აგრეთვე კასატორის მითითება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე (საქართველოს კონსტიტუციის 62.5 მუხ.). ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (სზაკ-ის მე-4 მუხ.). მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის 4.1 მუხ.). დაუსაბუთებელი შუამდგომლობის სასამართლოს მიერ უარყოფა აღნიშნული პრინციპების დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით კასატორმა ვერ უზრუნველყო სხვა საქმის გადაწყვეტამდე განსახილველი საქმის გადაწყვეტის შეუძლებლობის მტკიცება. სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი სახის დოკუმენტზე - ქონების მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე კასატორი არ უთითებს, ასევე კასატორს არ მოუთხოვია ისეთი სახის საქმის განხილვამდე მიმდინარე საქმის წარმოების შეჩერება, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი იქნებოდა აღიარებითი სარჩელი უძრავ ნივთზე მისი უფლების დადგენის მიზნით. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ინდმეწარმე ლ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდმეწარმე ლ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინება;
3. ი.დ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.03.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 578 ლარის და 04.04.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 61 ლარის, სულ ჯამში 639 ლარის 70% - 447.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი