Facebook Twitter

№265აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი

შ-ი ბ.- 265აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ბ. შ-ი, - ნასამართლობის მქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ:

ბ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისის რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 1 ივნისის რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. შ-ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (1999 წლის რედაქცია), სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი, კერძოდ:

სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი წინადადება - ,,ბ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ბ. შ-ი ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2005 წლის 18 ივნისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 ივნისიდან. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ბ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენის თაობაზე ბ. შ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ბ. შ-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბ. შ-ს სასჯელი დანიშნული აქვს ნაწილობრივი შეკრების წესით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა. მსჯავრდებულისათვის სასჯელის აღნიშნული წესით დანიშვნა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილთან (მოქმედი რედაქცია).

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, - რომ მას ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაულები, - რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ბ. შ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება შთანთქმის პრინციპის საფუძველზე აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი ბ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი