საქმე №ბს-292(კ-24) 25 ივლისი 2024 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.პ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.პ-მა 2022 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამინისტროს მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმიდან - 2015 წლის ოქტომბრიდან, თანხის გადახდის დაწყებამდე - 2022 წლის აპრილის ჩათვლით, კუთვნილი და მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1488 ბრძანებით ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. მოსარჩელის მითითებით ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში; შედეგად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანება მ.პ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
ამავე სასარჩელო განცხადებაში მ.პ-მა აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №04-662/ო ბრძანებით უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასარჩელო წესით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მ.პ-მა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა ზემდგომი ინსტანიის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის მითითებით, მას აღუდგა დევნილის სტატუსი, თუმცა განაცდური შემწეობის თანხა არ ანაზღაურებია. ამრიგად, წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით მ.პ-მა მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელისთვის ზიანის სახით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალება, შემწეობის შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდისათვის, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან, 2022 წლის აპრილის თვის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ზიანის ანაზღაურების სახით მ.პ-ისთვის 2015 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.პ-ს დევნილის სტატუსი 2012 წლის ივნისში მიენიჭა; ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანებით მ.პ-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანება მ.პ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
სააპელაციო პალატა ყურადღება გაამახვილა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №04-662/ო ბრძანება მ.პ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 აპრილის №03-2213/ო ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 29 აპრილის №03-4347 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მ.პ-ს აღუდგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მ.პ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანების საფუძველზე, მ.პ-ს 2015 წლის ოქტომბრის თვიდან შეუჩერდა დევნილის შემწეობის დარიცხვა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, 2022 წლის აპრილში, 29.04.22წ. №03-2213/ო ბრძანებით მ.პ-ს აღუდგა დევნილის სტატუსი და შესაბამისად აღუდგა დევნილის შემწეობის თანხის დარიცხვაც. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ გარკვეულ პერიოდში ვერ შეძლო დევნილისთვის განკუთვნილი შემწეობის მიღება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მას სააგენტომ უკანონოდ ჩამოართვა დევნილის სტატუსი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა შემწეობის თანხის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ დავაში სასარჩელო მოთხოვნად მოსარჩელეს შემწეობის თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებია. ზემოაღნიშნულ დავაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ზემოაღნიშნული საკითხი არ განხილულა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოპასუხისთვის მ.პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის, მისი შეწყევტიდან აღდგენამდე პერიოდისთვის, 2015 წლის ოქტომბრიდან, 2022 წლის აპრილის ჩათვლით, ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ „მ.პ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანების საფუძველზე, მ.პ-ს 2015 წლის ოქტომბრის თვიდან შეუჩერდა დევნილის შემწეობის დარიცხვა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, 2022 წლის აპრილში, 29.04.22წ. №03-2213/ო ბრძანებით მ.პ-ს აღუდგა დევნილის სტატუსი და შესაბამისად აღუდგა დევნილის შემწეობის თანხის დარიცხვაც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, ხსენებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - უკანონო ბრძანების გამოცემით, არსებობს აღნიშნული ზიანის ანზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელით 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება არ მოუთხოვია, არ აქარწყლებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას, ვინაიდან მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების ვალდებულება სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა