კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-775(კს-24) 17 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ.ქ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
2023 წლის 31 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპაუხე მ.ქ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1500 ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ.ქ-ას მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 2022 წლის 7 ივლისის №22/38-2 კონტრაქტით გათვალისწინებული 1 500 (ერთიათას ხუთასი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ქ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მ.ქ-ას სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ.ქ-ას მიერ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა მ.ქ-ას, საქმეში (სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 127) და მის მიერ 2023 წლის 16 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში (ს.ფ. 81) მითითებული მისამართი) მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, 1-ლი კვარტალი, 1-ლი კორპუსი, ბინა .... ასევე, აღნიშნული განჩინება აპელანტს არაერთხელ (ხუთჯერ) გაეგზავნა საქმეში (სააპელაციო საჩივარში, ს.ფ. 127) მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. შეს. №6, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 20 თებერვალს შედგენილი აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლის თანაშემწემ სცადა დაკავშირება მ.ქ-ასთან საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა (ს.ფ. 177). მ.ქ-ას საქმეში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე 2024 წლის 27 თებერვალს გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, თუმცა აღნიშნული გზავნილის მ.ქ-ას მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი (ს.ფ 178).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, მ.ქ-ასთვის (მისამართი - თბილისი, ...ის ..., მე-... მიკრო/რაიონი, პირველი კვარტალი, პირველი კორპუსი, ბინა ...) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინების ჩაბარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პოლიციის ... სამმართველოს 2024 წლის 16 მაისის მომართვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მ.ქ-ას ვერ ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი - განჩინება. აღნიშნულ მომართვას თან ერთვის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს პოლიციის ... სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერის მიერ 2024 წლის 18 აპრილსა და 2024 წლის 16 მაისს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმები, რომლებშიც მითითებულია, რომ ოფიცერს ბინის კარი დახვდა დაკეტილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, (1) თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით; (2) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/2631-23, აპელანტი (მოპასუხე) - მ.ქ-ა, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დავის საგანი - თანხის დაკისრება გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, აპელანტი მ.ქ-ასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაცნობა განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ განთავსდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამასთან, განიმარტა, რომ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ აქტით დასტურდება, რომ განჩინების გასაჯაროების თარიღია 2024 წლის 27 მაისი (ს.ფ. 194).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება მ.ქ-ასთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2024 წლის 3 ივნისს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით მ.ქ-ას 2024 წლის 3 ივნისს ჩაბარდა, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2024 წლის 4 ივნისიდან დაიწყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადა 2024 წლის 17 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა (15 და 16 ივნისი იყო შაბათი და კვირა). კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულია 2024 წლის 2 ივლისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა დამატებით ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ.ქ-ამ შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება პირადად ჩაიბარა 2024 წლის 18 ივნისს, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მითითებული განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლაზე იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უზრუნველყო მ.ქ-ასთვის განჩინების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა გაუშვა განჩინების გასაჩივრების ვადა, რომლის გაგრძელებას ან აღდგენას კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ.ქ-ას კერძო საჩივარი;
2. მ.ქ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 01.07.2024წ. №... საგადახდო დავალებით ი.მ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე