№283აგ-13 12 დეკემბერი, 2013 წელი
ხ-ი გ.- 283აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
გ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 4 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით შესწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენის შესავალ ნაწილში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ: ნასამართლევის ნაცვლად მიეთითა ნასამართლობა გაქარწყლებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენის თაობაზე გ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით იმ მოტივით, რომ არის ნასამართლობის არმქონე (რეციდივი არ არის სახეზე).
გ. ხ-ი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 აგვისტოს №... განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით შესწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენის შესავალ ნაწილში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ: ნასამართლევის ნაცვლად მიეთითა ნასამართლობა გაქარწყლებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის წესით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ (6 თვე თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი) და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ - 7000 ლარის ოდენობით - უნდა შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (3 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (3 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი), რის შედეგადაც გ. ხ-ს უნდა განესაზღვროს: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2013 წლის 4 იანვრისა და შეწყალებით გათავისუფლების დროის - 2013 წლის 28 აგვისტოს გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი აქვს 7 თვე და 24 დღე. შესაბამისად, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა - 7 თვითა და 24 დღით - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. გ. ხ-ს უნდა განესაზღვროს - 4 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 4 თვისა და 6 დღის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ (6 თვე თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი) და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ - 7000 ლარის ოდენობით - შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (3 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (3 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი), რის შედეგადაც გ. ხ-ს განესაზღვროს: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (6 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2013 წლის 4 იანვრისა და შეწყალებით გათავისუფლების დროის - 2013 წლის 28 აგვისტოს გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი - 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს მოხდილად და გ. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვროს - 4 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 4 თვისა და 6 დღის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი