Facebook Twitter

საქმე №ბს-357(კს-24) 1 აგვისტო, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - ს. გ-ა

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

მესამე პირი - შპს „ბ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №6971/2/2018); გ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოპასუხე გააუქმებს: 1. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 51,83 კვ.მ, ს/კ - ... დადებულ ყადაღას; 2. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 51,94 კვ.მ, ს/კ - ... დადებულ ყადაღას; 3. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 34.61 კვ.მ ს/კ - ... დადებულ ყადაღას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „ბ...“, როგორც არასავალდებულო მესამე პირი - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №6971/2/2018).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით ს. გ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და №3ბ/1303-23 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე ს. გ-ას სარჩელზე, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-770-2023, ას 770-2023, შემოსავლების სამსახური), სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება, რომლითაც თავის მხრივ ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2022 წლის გადაწყვეტილება (საქმე №2/2056-22) რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ს. გ-ა ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინების, საკადასტრო კოდებით ..., ..., ... მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინები, საკადასტრო კოდებით - ..., ..., ... გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისგან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავის საგანი აღარ არსებობს, რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა მხარეთა შორის, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2022 წლის (საქმე №2/2056-22) გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ს. გ-ა წარმოადგენს ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში, მე-... სართულზე №..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინა) მესაკუთრეს. აღნიშნული უძრავი ქონება გათავისუფლებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისგან. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დავის საგანი. ამდენად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272.„ა1“ მუხლის შესაბამისად, დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის №3/51-19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. გ-ას სარჩელი და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ შპს „ბ...ს“ 2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი - 59429.23, ჯარიმა - 2486 ლარი, საურავი - 15537.78 ლარი. ვინაიდან სახეზე იყო აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ცხადია, სსიპ შემოსავლების სამსახურს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა იძულებითი ღონისძიება და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის №081-921 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ბ...ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას. ს. გ-ასა და შპს „ბ...ს“ შორის №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 25 აპრილს, თუმცა იმავე წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრმა აღნიშნულ ქონებაზე ს. გ-ას საკუთრების უფლება ვერ დაარეგისტრირა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 24 ნოემბრის №081-921 ბრძანებით შპს „ბ...ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებაზე დადებული ყადაღის გამო. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ყადაღა შპს „ბ...ის“ ქონებას უფრო ადრე - 2016 წელს დაედო, ხოლო მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებაზე ს. გ-ას საკუთრების უფლება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ წარმოშობილა, აღნიშნული გადაწყვეტილებით ს. გ-ას საკუთრებად აღიარებულ იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა, რაზეც შემოსავლების სამსახურმა დადებული ყადაღა გააუქმა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა იმგვარი სახის დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული აქტების უკანონობა და იგი ბათილად იქნებოდა ცნობილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ შესაფასებელია ს. გ-ას სარჩელზე, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე ს. გ-ას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №6971/2/2018); გ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოპასუხე გააუქმებს: 1. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 51,83 კვ.მ, ს/კ - ... დადებულ ყადაღას; 2. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 51,94 კვ.მ, ს/კ - ... დადებულ ყადაღას; 3. შპს „ბ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართი - 34.61 კვ.მ ს/კ - ... დადებულ ყადაღას.

საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს, ს. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებებზე (საკადასტრო კოდები - ...; ...; ...) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღის გაუქმების მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №21-05/106839 აქტით ს. გ-ას განცხადება, ყადაღის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 2018 წლის 13 სექტემბერს, ს. გ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 აგვისტოს №21-05/106839 აქტთან დაკავშირებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანებით ს. გ-ას 2018 წლის 13 სექტემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2018 წლის 25 ოქტომბერს, ს. გ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №6971/2/2018) ს. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ს. გ-ა ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე №..., №..., №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მდებარე უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით - ..., ..., ... გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისგან. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. მათ, შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. ამასთან, დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და მიღწეულია ის მიზანი, რის გამოც აღიძრა სარჩელი, სახეზეა სსსკ 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა (ას-1041-2020. 13.10.21).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე ს. გ-ას ძირითად ინტერესს წარმოადგენდა №..., №..., №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისაგან გათავისუფლება, ანუ მოსარჩელე ითხოვდა არა №2016/081-921/1 ბრძანების ბათილად ცნობას, არამედ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას. სსიპ შემოსავლების სამსახური 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანებაში და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭო 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საჩივარი №6971/2/2018) სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღის მართლზომიერებაზე მსჯელობს. შესაბამისად, მოსარჩელე ს. გ-ას მოთხოვნაც უკავშირდებოდა ყადაღის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე ყადაღის გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მდებარე უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით - ..., ..., ... გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისგან, რითაც ასევე, სრულად იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელე ს. გ-ას ინტერესი განსახილველი ადმინისტრაციული დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ს. გ-ას მიერ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი №6971/2/2018) კვლავ ძალაშია და ისინი სასამართლოს მიერ ბათილად არ ყოფილა ცნობილი, მხარეთა შორის სადავო საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ დაასრულა კანონიერ ძალაში შესულმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში, მდებარე უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით - ..., ..., ... გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღისგან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მიღწეულია ის მიზანი, რის გამოც წინამდებარე სარჩელი აღძრა ს. გ-ამ სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/081-921/1 ბრძანებით დადებული ყადაღა №..., №..., №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ს. გ-ას სარჩელზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, დავის საგნის არასებობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. შესაბამისად, დღეისათვის ძალაშია წინამდებარე საქმეზე გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28788 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი გაურკვეველია კერძო საჩივრის ავტორის ინტერესი გაუქმდეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება და მოხდეს სარჩელის არსებითი განხილვა.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება ს. გ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე