Facebook Twitter

საქმე №ბს-172(კს-24) 1 აგვისტო, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - თ.დ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი, ვ.დ-ე

მესამე პირები - რ.დ-ე, მ.დ-ე, თა.დ-ე, მე.დ-ე, ნ.დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის ავტორი - თ.დ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.დ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ვ.დ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განჩინებით თა.დ-ე, ნ.დ-ე, მე.დ-ე, მ.დ-ე და რ.დ-ე საქმეში ჩართულ იქნენ მესამე პირებად.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება თ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება, ვ.დ-ის სახელზე რიცხულ ნაკვეთთან 46 კვ.მეტრი ზედდების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.დ-ისა და ვ.დ-ის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით თ.დ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის მოტივით, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, უდავოა, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, 2023 წლის 12 ივნისს მიიღო თ.დ-ის სასარგებლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სრულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი და ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №..., 2018 წლის 18 სექტემბრის №... და 2018 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არც მოქმედი ადმინისტრაციული და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას იმ პირის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იქნა იგი გამოტანილი. შესაბამისად, აპელანტის მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ არ ეთანხმება რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სადავო მიწის ნაკვეთის გზად მიჩნევის თაობაზე, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე მსჯელობის საფუძველი. ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია მოპასუხე ვ.დ-ის მიერაც და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვისას მხარეებს (მათ შორის მოსარჩელე თ.დ-ეს) შეუძლიათ მისცენ ახსნა-განმარტებები და დააფიქსირონ პოზიციები, რომელთა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნება კანონიერი, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი თ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით, უნდა დარჩეს განუხილველი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.დ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ მართალია, დააკმაყოფილა სარჩელი, მაგრამ გადაწყვეტილება დააფუძნა არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თითქოს სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას. რაიონულმა სასამართლომ მოახდინა ადგილზე დათვალიერება და უნდა დარწმუნებულიყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თ.დ-ის საცხოვრებელი სახლის წინ და არის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში თ.დ-ის საჩივარი ეხება არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ არის დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით თ.დ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე თ.დ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება თ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილება, ვ.დ-ის სახელზე რიცხულ ნაკვეთთან 46 კვ.მეტრი ზედდების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე. შესაბამისად, მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა, დაუშვებელია, მოსარჩელემ სააპელაციო ან საკასაციო წესით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან მხარეს, ობიექტურად, არ გააჩნია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის იურიდიული ინტერესი.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ მოსარჩელის პრეტენზია მიმართულია მხოლოდ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია ვ.დ-ის საკუთრებაში, არის გზა. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აპელანტი თ.დ-ე ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საყურადღებოა, რომ კერძო საჩივარშიც თ.დ-ის ინტერესი სააპელაციო დავის წარმოებასთან დაკავშირებით დასაბუთებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, თითქოს სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას და არა თ.დ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ თ.დ-ე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, მისი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან თ.დ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მასზე მსჯელობის საკმარის საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება თ.დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე