საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-443(კს-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 30 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
განმცხადებლის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 22 აპრილს გაცემული №3ბ/1864-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალე კრედიტორია სახელმწიფო ხაზინა, ხოლო მოვალე თ. ა-ე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა. სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 28 დეკემბრის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემებით თ. ა-ეის გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულია შესაბამისი სამსახურის მიერ 2015 წლის 27 მაისს. სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ეტაპზე შეჩერებულია სააღსრულებო მოქმედებები სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე.
განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 12 იანვარს №08-01/1517 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იმ გარემოების დასადგენად, ხომ არ მიუმართავს ვინმეს სანოტარო ბიუროსთვის თ. ა-ეის სამკვიდროს მიღების თაობაზე. ნოტარიუსთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის №16/349 წერილით ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ჩანაწერი თ. ა-ეის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების თაობაზე. 2023 წლის 23 იანვარს №08-01/4154 წერილით სამინისტრომ ასევე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ. ა-ეის გარდაცვალების მოწმობის ასლის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის გამოსათხოვად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა თ. ა-ეის უფლებამონაცვლის დადგენა და მის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა თ. ა-ეის უფლებამონაცვლის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის დასაშვებ ერთ-ერთ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს მხარის გარდაცვალება. საპროცესო უფლებამონაცვლეობა, ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ასეთ დროს საქმეში მხარედ უნდა ჩაებას გარდაცვლილი პირის მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) მიიღო. ამასთან, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გადმოგზავნილი განცხადებით, დგინდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია თ. ა-ეის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის ან/და განხორციელების თაობაზე. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გახდებოდა მოცემულ საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი, ამდენად, ასეთ პირობებში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა ამა თუ იმ პირის გარდაცვლილის მემკვიდრედ (უფლებამონაცვლედ) მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა თ. ა-ეის უფლებამონაცვლის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 22 აპრილს გაცემული №3ბ/1864-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალე კრედიტორია სახელმწიფო ხაზინა, ხოლო მოვალე თ. ა-ე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა. სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 28 დეკემბრის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემებით თ. ა-ეის გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულია შესაბამისი სამსახურის მიერ 2015 წლის 27 მაისს. სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ეტაპზე შეჩერებულია სააღსრულებო მოქმედებები სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 12 იანვარს №08-01/1517 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იმ გარემოების დასადგენად, ხომ არ მიუმართავს ვინმეს სანოტარო ბიუროსთვის თ. ა-ეის სამკვიდროს მიღების თაობაზე. 2023 წლის 23 იანვარს №08-01/4154 წერილით სამინისტრომ ასევე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ. ა-ეის გარდაცვალების მოწმობის ასლის და მისი პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის გამოსათხოვად. სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის №08-01/18949 წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სააგენტოს ელექტრონული ბაზის თანახმად: თ. ა-ეის შვილები არიან: ნ. ა-ე და ნუ. ა-ე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელში კრედიტორისა თუ მოვალის ნაცვლად შეიძლება მიეთითოს მათი უფლებამონაცვლე, თუ არსებობს კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის შეცვლის საფუძველი. უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში უნდა იქნეს მიმართული, როდესაც უფლებამონაცვლეობა არ არის ნათელი და მხარის უფლებამონაცვლეობის დადგენა საჭიროებს მტკიცებულებათა კვლევას და სამართლებრივ შეფასებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაედგინა თ. ა-ეის უფლებამონაცვლეები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თ. ა-ეის უფლებამონაცვლის მიმართ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალის - თ. ა-ეის უფლებამონაცვლის დადგენა და მის მიმართ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
საკასაციო სასამართლო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მხოლოდ კრედიტორზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს,
გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით N3/ბ-1864-07 საქმეზე თ. ა-ეის წარმომადგენლების - ა. ბ-ეის და ი. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. თ. ა-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2009 წლის 22 აპრილს, 2008 წლის 11 მარტის განჩინების საფუძველზე, გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 22 აპრილს გაცემული №3ბ/1864-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალე კრედიტორია სახელმწიფო ხაზინა, ხოლო მოვალე თ. ა-ე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალე თ. ა-ეის გარდაცვალების ფაქტი შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 2015 წლის 27 მაისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე). სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მხარის უფლებამონაცვლეზეც.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება-მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს მატერიალურ სამართალში არსებული უფლებამონაცვლეობა ქმნის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველი ფიზიკური პირის გარდაცვალება, რაც უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს. გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ხდება გარდაცვლილის უფლება-მოვალეობების მიმღები სუბიექტი ე.ი მისი სამართალმემკვიდრე. ,,ესა თუ ის პირი სამართლებრივად მემკვიდრის სტატუსს იძენს მასზე მამკვიდრებლის ქონების, სამკვიდრო მასის გადასვლის მომენტიდან. შესაბამისად, მემკვიდრეა ის პირი, ვინც მამკვიდრებლისაგან მიიღო ქონება. თავად სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. ამასთან სამკვიდრო მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მოხსენიებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს" (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის №ბს-109-108(კს-12) განჩინება).
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ პირის უფლებამონაცვლის დასადგენად მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს, მათ შორის, მიმართოს ნოტარიუსთა პალატას, რათა გამოარკვიოს, ხომ არ აქვს მოქალაქის რომელიმე მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა სამკვიდროს მიღების სპეციალურ ვადებს აწესებს. ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვა სასამართლოს დაეხმარება მემკვიდრეთა ვინაობის დადგენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2023 წლის 15 მაისის წერილით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება იმ გარემოებაზე, ხომ არ მიუმართავს ვინმეს სანოტარო ბიუროსათვის თ. ა-ეის სამკვიდროს მიღების თაობაზე ან არსებობის შემთხვევაში წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია თ. ა-ეის სამკვიდრო ქონების გახსნის და იმ პირების ვინაობის თაობაზე, თუ ვინ მიიღო სამკვიდრო.
2023 წლის 23 მაისს საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში გადმოგზავნილი იქნა განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია თ. ა-ეის (პ/ნ ...) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის ან/და განხორციელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გახდებოდა მოცემულ საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი, ვინაიდან არ იძებნება ინფორმაცია თ. ა-ეის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის ან/და განხორციელების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლო მოკლებულია მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ. ა-ეის კონკრეტული მემკვიდრის არსებობა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის №08-01/18949 წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სააგენტოს ელექტრონული ბაზის თანახმად: თ. ა-ეის შვილები არიან: ნ. ა-ე და ნუ. ა-ე. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თ. ა-ეის ქონების მემკვიდრეობით მიმღები პირის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე