საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-444(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ა-ე
მესამე პირები - მ. ჯ-ა, გ. ნ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 10 მარტს ბ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი. ამასთან, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მან შვილთან - მ. ჯ-ასთან და შვილიშვილთან - გ. ნ-ასთან ერთად განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, რაზედაც ეთქვა უარი, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონის გამო. მოსარჩელის მითითებით, მას არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში ზუგდიდში, ....ს ქ. №...-ში, უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის N03-888/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის N03-888/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბ. ა-ეის (ოჯახის) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. ამავე ნორმის მე-10 ნაწილით, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, ხოლო მე-11 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე - 5 პუნქტით დამტკიცებული ,,აღწერის ფორმის" (დანართი N6) მიხედვით. ამდენად, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ბ. ა-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გალი, ...ს ქუჩა N.... დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, შოთა ....ს ქუჩა კორპ. N..., სასტუმრო ,,...“. ბ. ა-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. სასტუმრო ,,...“ წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტს და იქ მცხოვრები პირები ექვემდებარებიან განსახლებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ბ. ა-ეის დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები რაც უნდა გაეთვალისწინებინა. მათ შორის სააგენტოს მიერ წარდგენილი მონიტორინგის ოქმები, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის სადავო ფართში არ ცხოვრების ფაქტი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდა მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. აღნიშნული ობიექტიდან, დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების განხილვამდე, მხარეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი შვილთან და შვილიშვილთან ერთად. თავდაპირველად მონიტორინგი განხორციელდა 2015 წლის 30 იანვარს. მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე. განაცხადში შეყვანილი შვილი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ სოფელ ...ში. მხარემ ასევე განმარტა, რომ 1995-2014 წლებში ცხოვრობდა სასტუმრო ,,...ში“. მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე არაერთხელ განხორციელდა მონიტორინგი თუმცა მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა.
კასატორის განმარტებით, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით.
,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტის მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამდენად, კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისა. დევნილი ოჯახებისათვის პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება სადავო ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. კონკრეტულ შემთხვევაში, კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე არ იყო სადავო ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის, კერძოდ, ალტერნატიული საცხოვრებელი ბინის ქონის საფუძვლით, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ბ. ა-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იგივე სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებულია მ. ჯ-ა (შვილი) და გ. ნ-ა (შვილიშვილი). საქმეში წარმოდგენილი დევნილის მოწმობების თანახმად, მოსარჩელისა და მისი დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებლად ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ს ქუჩა კორპ ..., სასტუმრო „...“. იძულებით გადაადგილებამდე მათ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, გალი.
მოსარჩელე ბ. ა-ემ, როგორც მისი დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, 2014 წლის 5 თებერვალს, ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართა და ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. ამავე განცხადების საფუძველზე განმცხადებლის მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი. განცხადებაში, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ შევსებულ კითხვარში, დროებით საცხოვრებელი მისამართად მითითებულია - ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. N ..., სასტუმრო „...“. აღნიშნული განაცხადი, 2018 წლის 23 იანვარს შეფასებული იქნა 9 ქულით, მათ შორის კრიტერიუმში - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს - 3 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა) -1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - რ. ჯ-ა (გარდაცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში) – 3 ქულა.
მოსარჩელე ბ. ა-ემ, როგორც მისი დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, 2014 წლის 27 ოქტომბერს, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე განცხადების საფუძველზე განმცხადებლის მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი.
2018 წლის 19 აპრილს, ბ. ა-ეის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა და მის ოჯახს მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა) -1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - რ. ჯ-ა (გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) – 1.5 ქულა.
ბ. ა-ეის ოჯახი განმეორებით იქნა შეფასებული 2019 წლის 17 აპრილს და მიენიჭა 5.5 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში - სოციალური კრიტერიუმი (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა) -3 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - რ. ჯ-ა (გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) – 1.5 ქულა. ბ. ა-ემ 2016 წლის 10 მაისს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მის მიერ შევსებული განაცხადის სახლის შესყიდვის განაცხადით ჩანაცვლება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის N49 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, ბ. ა-ეის განცხადება კერძო სახლის შესყიდვის დაფინანსების თაობაზე დაკმაყოფილდა 21000 ლარის ფარგლებში. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, რადგან ბ. ა-ეის მიერ სამინისტროსათვის არ წარდგენილა ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ.
2022 წლის 25 თებერვლის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ბ. ა-ე რეგისტრირებულია აღნიშნულ ბაზაში და იღებს შემწეობას. საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ზუგდიდი, ....ს ..., სასტუმრო ,,...“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ. ა-ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონის გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 თებერვლის N03-888/ო ბრძანებით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო, მოსარჩელე ბ. ა-ეის დევნილ ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ბ. ა-ე არ დახვდათ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, არ ადასტურებს იმ ფაქტს რომ მას აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, რომლითაც სარგებლობს შეუფერხებლად და კანონიერად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. მაშინ როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. ა-ეის ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. საკასაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე