№ბს-430(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის №IDP 7 22 00000866 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ.ა-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის №IDP 7 22 00000866 ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ.ა-ას აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადო შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს დასაბუთებული პოზიცია, კერძოდ, ის, რომ ნ.ა-ა (2004 წელს შეიცვალა გვარი, იყო შ-ა) დაიბადა ... წელს ...ში. დაბადებიდან ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, ქ. ...ში მისამართზე ...ის ქ. №44. 1959-1969 წლებში სწავლობდა ...ის სკოლაში. მოსარჩელის განმარტებით, 1971 წელს წავიდა ...ში სწავლის გასაგრძელებლად. 1971-1974 და 1982-1985 წლებში სწავლობდა ...ის უნივერსიტეტში და სწავლის პარალელურად მუშაობდა ...ის ...ში. როგორც თავად აღნიშნა, 1985 წლამდე ცხოვრობდა ნათესავებთან და შემდეგ შეიძინა 1-ოთახიანი ბინა მისამართზე ..., ...ას ქ. №1, ბ №..., თუმცა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ აფხაზეთში ფლობდა საკუთრებას, არ წარმოუდგენია. აფხაზეთი დატოვა ნათესავებთან ერთად, წავიდა ქალაქ მოსკოვში, სადაც დაოჯახდა, მუშაობდა და ცხოვრობდა 2022 წლამდე.
ამჟამად ნ.ა-ას დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები 2007 და 2013 წლებში. აღნიშნული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელეს არანარი ინტერესი არ ჰქონდა დევნილის სტატუსის ქონისათვის. მას არა თუ აფხაზეთთან, არამედ საქართველოსთან არ აქვს მუდმივი კავშირი, ვინაიდან მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. იგი არის ორმაგი მოქალაქე და მხოლოდ 2022 წელს მიმართა სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
კასატორის განმარტებით, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს/სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან დასტურდება და მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო/სააგენტო უგულებელყოფდა კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რადგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა, დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა), რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ადმინისტრაციულ ორგანოს კი უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დაბადების მოწმობის ასლის თანახმად, ნ. შ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს საქართველოში, ..., სოფელი ...ში (ს.ფ 104); ნ. შ-ას სახელზე (დაბადების თარიღი ... ... ...წ), 2003 წლის 20 ნოემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობაში ნ. შ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. .... დროებით მისამართად - ..., ... (ს.ფ 16); ნ. შ-ას ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მიეკუთვნა გვარი - ა-ა, იგივე გვარი დარჩა განქორწინების შემდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2022 წლის 12 ივლისის №42-05 დასკვნის/ცნობის თანახმად, 1974 წლიდან 1993 წლამდე, ნ. ა-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ქალაქი ..., ...ას ქუჩა №1, ბინა ... (ს.ფ. 62). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 12 ივლისის №414 ცნობის თანახმად, ნ. ა-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, შემდეგ მისამართზე: ...ას ქუჩა №1, ბინა ... (ს.ფ. 61); ბ) ჩაწერის ბარათის (ფორმა 16) თანახმად, ნ. შ-ა, დაბადებული ... წელს, დაბადების ადგილი - საქართველოს სსრ, ...ის რაიონი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი - ქ. ..., ...ას ქ. სახლი 1, ბინა ... მუშაობს ქ. ..., ... ..., ...ად. ჩაწერის შესახებ აღნიშვნაში მითითებულია - აფხაზეთის ასსრ, შინაგან საქმეთა განყოფილება 19.07.1986წ. (ს.ფ 27-28); 1986 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ანდერძის თანახმად, ფ.ჩ-მ, მცხოვრებმა ქ. ...ში, ...ას ქ. სახლი 1, ბინა ..., ანდერძის საფუძველზე მთელი მისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის საკუთრებაში, მათ შორის საბინაო-სამშენებლო კომპლექსში, ქ. ..., ...ას ქუჩა, სახლი 1, ბინა ...-ში მდებარე ბინაში გადახდილი პაი, უანდერძა მის ძმიშვილს შ-ას. (ს.ფ 25-26); აფხაზეთის ასსრ ...ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 16 სექტემბრის №450/2-142 გადაწყვეტილებით შ-ა ნ.შ.ს (სხვა პირებთან ერთად) უფლება მიეცა მრავალბინიანი კოლექტიური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ქ. ...ში ...ის ქუჩის ბოლოში; გ) 2022 წლის 13 ივლისს, ნ.ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა (ს.ფ. 59). იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის თანახმად, ნ.ა-ამ მიუთითა, რომ დაიბადა ... ... ... წელს ...ში. 2004 წელს შეიცვალა გვარი, იყო შ-ა. ვ.ა-სთან ქორწინების თარიღია 2004 წელი, განქორწინების ადგილი და თარიღია რუსეთი 2005 წელი. დ.შ-სთან ქორწინების თარიღია 2016 წელი (შენიშვნაში მითითებულია გარდაცვალების თარიღი 2021 წ.). 1971 წელს ...დან გადავიდა საცხოვრებლად აფხაზეთში. აფხაზეთში ცხოვრობდა და - ი.შ-ა, იყო დაოჯახებული. დას ჰქონდა საკუთარი ბინა ...ში. აფხაზეთში ცხოვრობდნენ სხვა ნათესავებიც. სკოლის შემდეგ გააგრძელა სწავლა აფხაზეთში, სადაც თავიდან ცხოვრობდა ნათესავებთან, 1985 წელს შეიძინა ბინა ...ას ქუჩაზე. მშობლები ცხოვრობდნენ ...ში. 1959-1969 წლები სწავლობდა ...ის №... სკოლაში, 1971-1974წწ. - ...ის უნივერსიტეტში დაწყებითი სკოლის პედაგოგის პროფესიით, 1982-1985 წლებში ამავე უნივერსიტეტში ...ის პროფესიით. იძულებით გადაადგილებამდე შრომითი საქმიანობის თაობაზე მითითებულია ქ. ..., ...ის ... ..., ...ის მასწავლებელი 1975-1988 წლებში; ...ის №... სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებელი 1987-1992 წლები. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა მისსავე საკუთრებაში მდებარე ქ. ..., ...ას ქ.№1, ბ. ... 1993 წლის სექტემბერში დატოვა ... და დისშვილებთან ერთად გადავიდა მოსკოვში (ს.ფ. 67-70); დ) ...ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გამოკითხვის ოქმების თანახმად, ნ.ა-ა (შ-ა) 1971 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ის ქ. №44-ში (ს.ფ. 53-54); ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გასაუბრების დროს ნ.ა-ამ (2004 წელს შეიცვალა გვარი, იყო შ-ა) აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. დაბადებიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ...ში, მისამართზე ...ის ქ. №44. 1959-1969 წლებში სწავლობდა ...ის №... სკოლაში. მისი თქმით, 1971 წელს წავიდა ქ. ...ში სწავლის გასაგრძელებლად. 1971-1974 და 1982-1985 წლებში სწავლობდა ...ის უნივერსიტეტში და სწავლის პარალელურად მუშაობდა ...ის ...ში. როგორც ნ.ა-ამ აღნიშნა, 1985 წლამდე ცხოვრობდა ნათესავებთან და შემდეგ შეიძინა ერთოთახიანი ბინა მისამართზე ..., ...ას ქ. №1, ბ..., თუმცა, იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ აფხაზეთში ფლობდა საკუთრებას არ წარუდგენია. აფხაზეთი დატოვა ნათესავებთან ერთად, წავიდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, სადაც დაოჯახდა, მუშაობდა და ცხოვრობდა 2022 წლამდე. შეწყვეტილი აქვს დევნილი სტატუსი, რადგან არ გაიარა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წერილით დადგენილ იქნა, რომ ნ.ა-ა 1971 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ. №44-ში. რაც შეეხება განმცხადებლის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფაქტს, დასკვნაში მითითებულია, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას დროებით. დასკვნის თანახმად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ნ.ა-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენა (ს.ფ. 55-57); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის №IDP 5 22 00356013 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნ.ა-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე მომზადებული იქნა დასკვნა (ს.ფ. 58); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის №IDP 7 22 00000866 ბრძანების თანახმად, ნ.ა-ას დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 28 სექტემბრის №IDP 5 22 00356013 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე ეთქვა უარი (ს.ფ. 14); თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 10 აპრილის №01/292 წერილის თანახმად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ნ.ა-ა (შ-ა) 1974 წლიდან 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ...ში, ...ას ქ. №1, ბ. ... აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, 1992 წლის 14 აგვისტომდე ნ.ა-ა მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და ტერიტორია დატოვა კონფლიქტის შედეგად (ს.ფ 97-98).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.
აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად კი დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ.ა-ა არ წარმოადგენდა ...ის მუდმივ მაცხოვრებელს და აღნიშნული საცხოვრებელი მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ.ა-ას ქორწინებამდელ გვარს წარმოადგენს შ-ა. ნ. შ-ას სახელზე (დაბადების თარიღი ... ... ...წ), 2003 წლის 20 ნოემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მოწმობაში ნ. შ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია ქ. ..., დროებით მისამართად - ..., .... ამასთან, საქმეში მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ნ.ა-ას აფხაზეთში 1974-1993 წლებში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ცნობა.
ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე