Facebook Twitter

ბს-1444(კ-22) 18 სექტემბერი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2022წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს „გ...ს“ და ლ. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იძულებითი დემონტაჟის ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის 15.06.2015წ. N1 სააღსრულებო ფურცლის შეჩერება; მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.03.2015წ. N269 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ა-ას მიერ გადახდილი 1070 ლარის დაბრუნება; შპს „გ...ს“ მიერ 12.11.2009წ. შედგენილი საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ლ. ფ-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აუქციონის ხელახლა ჩატარება; საჯარო რეესტრისათვის რეგისტრაციის ჯეროვნად განხორციელების დავალება; მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მ. ა-ამ მოითხოვა: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანებისა და 25.03.2015წ. N269 ბრძანების ბათილად ცნობა, მათ საფუძველზე გადახდილი 1070 ლარის დაბრუნება; მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება; 20.06.2016წ. გამართული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, კერძოდ, აუქციონის შედეგების ამსახველი 20.06.2006წ. N2 ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 21.06.2006წ. N94 ბრძანების, 04.07.2006წ. მიღება-ჩაბარების აქტის და 21.07.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოთხოვნა შპს „გ...ს“ და საჯარო რეესტრის მიმართ მოიხსნა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნათა გათვალისწინებით მათ ნაცვლად მოპასუხედ მიეთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მ. ა-ამ მოპასუხეებად დაასახელა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მოითხოვა: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანებისა და 25.03.2015წ. N269 ბრძანების ბათილად ცნობა; აღსრულების ეროვნული ბიუროს 16.12.2016წ. წერილისა და 23.12.2016წ. N5974 ბრძანების ბათილად ცნობა; 20.06.2006წ. გამართული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა; ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელის ფარეხის დემონტაჟის განხორციელებისაგან თავის შეკავების, იძულებით გადახდევინებული 1070 ლარის დაბრუნების და 15.06.2015წ. სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვის დავალება. სარჩელში მესამე პირად მიეთითა ლ. ფ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 12.01.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ფ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. განჩინებით მოსარჩელე მ. ა-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014წ. N839 ბრძანების, 25.03.2015წ. N269 ბრძანების, 10.06.2015წ. N666 ბრძანების და 10.06.2015წ. N1 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. განჩინებით მ. ა-ას სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ 23.12.2016წ. N5974 ბრძანებისა და 16.12.2016წ. წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მ. ა-ას სარჩელზე, რომლის მოთხოვნებსაც შეადგენდა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს 16.12.2016 წ. №118565 წერილის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 23.12.2016 წ. №5974 ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია მხოლოდ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის 281 მუხლის და სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით, ხოლო სსკ-ის 381-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სხვა აქტების კანონიერებაზე და მათი მოქმედებით მიყენებულ შესაძლო ზიანზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014წ. №839 ბრძანებით, ქ. მარნეულში, ...ს ქუჩაზე (ყოფილი №1 ...ს ტერიტორიაზე, ს.კ. ...) ... საამქროს მშენებლობისათვის, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მ. ა-ა დაჯარიმდა 500 ლარით, მასვე დაევალა ერთი თვის ვადაში ობიექტზე არსებული დარღვევის გამოსწორება. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2015 წ. №269 ბრძანებით, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისათვის მ. ა-ას დაეკისრა საურავი 500 ლარის ოდენობით, მასვე დაევალა ათი დღის ვადაში ობიექტზე არსებული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ, ... საამქროს დემონტაჟი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.06.2015 წ. №666 ბრძანების თანახმად, დაკისრებული ჯარიმის, საურავის გადახდის და დემონტაჟის მიზნით, დადგინდა აღსრულების იძულებითი ღონისძიებების პროცესის დაწყების საჭიროება. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მ. ა-ას მიმართ 15.06.2015წ. გაიცა N1 სააღსრულებო ფურცელი 22.12.2014წ. ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის, 25.03.2015წ. ბრძანებით დაკისრებული საურავის გადახდევინების და დარღვევის გამოსწორების (დემონტაჟი) მიზნით. №1 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს. ბიუროს 13.08.2015წ. №A15048860-006/001 წერილით მ. ა-ას ეცნობა №A15048860 სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის განესაზღვრა 7-დღიანი ვადა. 12.12.2016წ. მ.ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების - დემონტაჟის შეჩერება მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს 16.12.2016 წ. №118565 წერილით მ. ა-ას უარი ეთქვა იძულებითი ღონისძიების - დემონტაჟი შეჩერებაზე, რაც მ. ა-ამ გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, რომლის 23.12.2016 წ. №5974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი, რომელიც აღსრულების შეჩერების წესს, ვადებსა და ამომწურავ საფუძვლებს ადგენს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ აღჭურავდა სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერების უფლებამოსილებით, ამასთანავე, მ. ა-ას საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ დაუსაბუთებია განსაკუთრებული შემთხვევის არსებობა, რომელიც ბიუროს თავმჯდომარეს მიმდინარე აღსრულების შეჩერების უფლებამოსილებას მისცემდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. განჩინებით შეჩერდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014წ. №839, 25.03.2015 წ. №269, 10.06.2015 წ. №666 ბრძანებებისა და 15.06.2015 წ. №1 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება. ამდენად, მ. ა-ას მიზანი, რომ მომხდარიყო სააღსრულებო წარმოების შეჩერება, იქნა მიღწეული, ხოლო სხვა სახის იურიდიულ ინტერესზე, რის მიღწევასაც აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობით ისახავს მიზნად, მ. ა-ამ ვერ მიუთითა. ამასთანავე, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მონაცემების გადამოწმების შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ას სარჩელი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014 წ. №839, 25.03.2015 წ. №269 და 10.06.2015 წ. №666 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო აქტები შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთება მ. ა-ას ინტერესი განსახილველი დავის მიმართ

რაც შეეხება აპელანტის მითითებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არარსებობის და დემონტაჟის დავალების არამართლზომიერების შესახებ, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება მიემართება იმ აქტს, რომლის საფუძველზეც მ. ა-ა იქნა დაჯარიმებული და დადგინდა ნაგებობის დემონტაჟის საჭიროება. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული აქტის კანონიერება განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს. შესაბამისად, საკითხი მასზედ, არსებობდა თუ არა დემონტაჟის დავალების წინაპირობები, სცდება მოცემული დავის ფარგლებს, რის გამო პალატა მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ას მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და მიკერძოებულია. მხარეებმა სასამართლოს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, მ. ა-ას მიწაზე არასდროს მუშაობდა ბლოკის საამქრო, არც შენობები და სხვა კომუნიკაციები არ იყო განთავსებული. სასამართლომ არ შეაფასა საქმის გარემოებები, აღსრულების შეჩერებაზე უარი არის უკანონო, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არარსებული შენობის დემონტაჟზე. საქმის მასალებით, მათ შორის ორთოფოტოთი, საკადასტრო გეგმით და სხვ., დასტურდება მ. ა-ას ნაკვეთზე ნაგებობის არარსებობა, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არარსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 08.06.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ა-ამ შეიძინა ქ. მარნეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქ. მარნეულში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე, 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 12.03.2009წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი. ა-ას სახელზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 31.03.2009წ. N101 ბრძანებით შეთანხმდა ი. ა-ას მიერ წარდგენილი - ...ს დამამუშავებელი საამქროს არქიტექტურული პროექტი, სამშენებლო მიწად მიეთითა N... საკადასტრო კოდის მქონე 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ამავე დღეს გაიცა N18 ნებართვა, რომელშიც მშენებლობის ობიექტად მიეთითა ...ს დამამუშავებელი საამქრო. მ. ა-ას 18.07.2012წ. განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა N... საკადასტრო კოდის მქონე 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ახალი ამონაწერის გაცემა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ 25.07.2012წ. გაცემული ამონაწერის მიხედვით N... საკადასტრო კოდის მქონე, ქ. მარნეულში, ...ს ქუჩაზე მდებარე 368 კვ.მ. მიწის მესაკუთრედ მიეთითა მ. ა-ა, ხოლო უფლებადამდგენ დოკუმენტად - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 08.06.2006წ. გაფორმებული N1-5018 ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის მონაცემებით 18.04.2017წ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე 18.04.2017წ. ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა. ზ-ის საკუთრების უფლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014წ. №839 ბრძანებით ქ. მარნეულში, ...ს ქუჩაზე (ყოფილი №1 ...ს ტერიტორიაზე, ს.კ. ...) ... საამქროს მშენებლობისათვის, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მ. ა-ა დაჯარიმდა 500 ლარით და დაევალა ერთი თვის ვადაში ობიექტზე არსებული დარღვევის გამოსწორება, მასვე განემარტა, რომ 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხებოდა საურავი 500 ლარის ოდენობით. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.03.2015წ. №269 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისათვის მ. ა-ას დაეკისრა საურავი 500 ლარის ოდენობით, მასვე დაევალა ათი დღის ვადაში ობიექტზე არსებული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ, ... საამქროს დემონტაჟი. 29.05.2015წ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები გავიდნენ მისამართზე, რა დროსაც დადგინდა, რომ მ. ა-ას მიერ დარღვევა არ იყო გამოსწორებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.06.2015 წ. №666 ბრძანების თანახმად, დაკისრებული ჯარიმის, საურავის გადახდის მიზნით, დემონტაჟის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობის გამო, დადგინდა აღსრულების იძულებითი ღონისძიებების პროცესის დაწყების საჭიროება. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მ. ა-ას მიმართ 15.06.2015წ. გაიცა N1 სააღსრულებო ფურცელი 22.12.2014წ. N839 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის, 25.03.2015წ. N269 ბრძანებით დაკისრებული საურავის და დარღვევის გამოსწორების (დემონტაჟის) მიზნით. №1 სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს. ბიუროს 13.08.2015წ. №A15048860-006/001 წერილით მ. ა-ას ეცნობა №A15048860 სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და ნებაყოფლობით შესრულებისთვის განესაზღვრა 7-დღიანი ვადა. შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირადად ჩაბარდა მოვალე მ. ა-ას 14.08.2015წ.. დადგენილ ვადაში მ. ა-ას მიერ ჯარიმისა და საურავის თანხის ნებაყოფლობით გადახდა არ მომხდარა, თუმცა შემდგომში განხორციელდა გადახდევინება.

10.12.2016წ. მ.ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეჩერება მოითხოვა. განცხადებაში აღინიშნა, რომ ფარეხი აშენებულია კანონის სრული დაცვით და რადიკალური ზომების მიღება, კერძოდ, იძულებითი დემონტაჟი ხელს შეუშლის ვეტერანებს თვითდასაქმებაში. ასევე მიეთითა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის N03/5021 წერილის თანახმად, ფარეხის იძულებით დემონტაჟზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მ. ა-ას მოსაზრებით აღნიშნული წერილი აჩერებს აღსასრულებელი აქტების მოქმედებას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს 16.12.2016წ. №118565 წერილით მ. ა-ას უარი ეთქვა იძულებითი ღონისძიების - დემონტაჟის შეჩერებაზე იმ დასაბუთებით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით და ჩამოთვლის აღსრულების შეჩერების წინაპირობებს, ხოლო მ. ა-ას მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკმარის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული პასუხი მ. ა-ამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან გაასაჩივრა. წარდგენილ საჩივარში მ. ა-ამ მიუთითა, რომ N1 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა შეასრულა, კერძოდ, დაკისრებული ჯარიმა და საურავი გადაიხადა. ამასთანავე, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის N03/5021 წერილის თანახმად, ფარეხის იძულებითი დემონტაჟის საკითხი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წესით, რაც გამორიცხავს დემონტაჟის საჭიროებას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 23.12.2016 წ. №5974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას იწყებს კრედიტორის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ამოწმებს მის შესაბამისობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, თუმცა არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერების საკითხი. აღინიშნა აგრეთვე, რომ მ. ა-ას განცხადებიდან/საჩივრიდან არ გამოიკვეთა სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკმარისი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილი და შემდგომში დაზუსტებული სარჩელით მ. ა-ა ასაჩივრებდა არაერთ დოკუმენტს, კერძოდ, იგი ითხოვდა: 20.06.2006წ. გამართული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობას; ჯარიმის დაკისრებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანების, ასევე საურავის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.03.2015წ. N269 ბრძანების ბათილად ცნობას; მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელის ფარეხის დემონტაჟის განხორციელებისაგან თავის შეკავების, იძულებით გადახდევინებული 1070 ლარის დაბრუნების და 15.06.2015წ. სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვის დავალებას; სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს 16.12.2016წ. წერილისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 23.12.2016წ. N5974 ბრძანების ბათილად ცნობას. სარჩელის განმხილველი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ ორი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს 16.12.2016წ. წერილისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 23.12.2016წ. N5974 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. გამოყოფილ დავაში მოპასუხედ მიეთითა მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდა საქმის წარმოება და დადგა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია მხოლოდ სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს 16.12.2016წ. წერილისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 23.12.2016წ. N5974 ბრძანების კანონიერება. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქმედებებისა და აქტების მართლზომიერების შემოწმება არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს, რადგან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი მოთხოვნის ნაწილში მოხდა საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა და თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნა. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტება ან მოდიფიცირება არ დასტურდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსკ-ის 381-ე მუხ.), შესაბამისად, მ. ა-ას მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დამატებით სააღსრულებო ფურცლის არამართლზომიერებაზე და მისი გაუქმების საჭიროებაზე მითითება, ვერ გახდებოდა სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის საგნითა და მისი ფარგლებით. სასამართლო დავას არ წყვეტს აბსტრაქტულად, იგი გადაწყვეტილებას იღებს არსებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში (სასკ-ის 281-ე მუხ.), რომელსაც მოსარჩელე განსაზღვრავს (სსკ-ის მე-3 მუხ.). სწორედ კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შეფასებისას ადგენს სასამართლო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოს არ ეკისრება ყველა იმ გარემოების შეფასების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები უთითებენ. სასამართლო განხილვისას კვლევისა და შეფასების საგანი ხდება მხოლოდ ის გარემოებანი, რომელთაც გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ დავის სამართლებრივ შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დავის საგანს შეადგენს სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის მართლზომიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემული აქტების უკანონობას მოსარჩელე ასაბუთებს ერთი მხრივ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ N1 სააღსრულებო ფურცელი, ასევე ჯარიმის, საურავისა და დემონტაჟის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული აქტები უკანონოა, ხოლო მეორე მხრივ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის N03/5021 წერილზე მითითებით, რომელიც მ. ა-ას აზრით ადასტურებს დემონტაჟის ნაწილში აღსრულების გაგრძელების დაუშვებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგი თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სსკ-ის მე-10 მუხლში, რომლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულედეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, რომლითაც დეტერმინირებულია და რომელთა შესასრულებლად არის მიმართული სააღსრულებო პროცედურა, არამართლზომიერება არ დადასტურდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო აქტებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ა-ა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვდა 22.12.2014წ. გამგეობის N839 ბრძანების, 25.03.2015წ. N269 ბრძანების, 20.06.2006წ. აუქციონის შედეგების N2 ოქმის, 21.06.2006წ. მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების N94 ბრძანების, 04.07.2006წ. მიღება-ჩაბარების აქტის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და აღნიშნულის შედეგად აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს 16.12.2016წ. წერილის, აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.12.2016წ. N5974 ბრძანების ბათილად ცნობას. მოცემული საქმის განხილვის საგანია ბოლო ორი მოთხოვნა, რომელიც ცალკე საქმედ გამოეყო დანარჩენ მოთხოვნებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. განჩინებით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ არსებული ორი მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემდეგ, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ განაგრძო მსჯელობა მ. ა-ას სარჩელში ასახულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით. საქმის მასალებით და ელექტრონულ სისტემაში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 30.03.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა 20.06.2006წ. აუქციონის შედეგების N2 ოქმის, მარნეულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების N94 ბრძანების, 04.07.2006წ. მიღება-ჩაბარების აქტის, 21.07.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა (დავა ეხებოდა N1 ...ს ტერიტორიაზე არსებული უმოქმედო სამომსახურეო 4/6 შენობას და 702 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციას). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.2018წ. განჩინებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას იმის გამო, რომ პრივატიზებული შენობის 4/6 გარშემო 702 კვ.მ. მიწის ფართი მოპასუხის მიერ არის გამოყენებული მანიპულაციისათვის, მომიჯნავედ მდებარე ვეტერანების მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის და ფარდულის დაუფლების მიზნით, რაც დაპირისპირების მიზეზია, არ დაკმაყოფილდა, ხსენებული სასამართლოს აქტები კანონიერ ძალაშია შესული. კანონიერ ძალაშია აგრეთვე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 14.02.2017წ. განჩინება, რომლითაც სასკ-ის 262 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 და 25.03.2015წ. N269 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მ. ა-ას სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ პასუხობდა სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან გაცდენილი იყო აქტების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადა (N269 ბრძანებას მ. ა-ა პირადად გაეცნო 26.03.2015წ., მითითების, შემოწმების აქტის და დაჯარიმების შესახებ 22.12.2014წ. ბრძანების დამოწმებული ასლები გაიგზავნა ფოსტით და მ. ა-ას პირადად ჩაბარდა 15.01.2015წ., ხოლო სარჩელი აღიძრა 07.12.2016წ. - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ას აღნიშნული ბრძანებები სარჩელის აღძვრამდე არ გაუსაჩივრებია). ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.02.2018წ. განჩინებით განუხილველად დარჩა აგრეთვე მ. ა-ას სარჩელი გამგეობის 10.06.2015წ. N666 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, აღნიშნული ბრძანებით ჯარიმის და საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის, აგრეთვე დარღვევის გამოსწორების (დემონტაჟის) განუხორციელებლობის გამო დადგინდა აღსრულების იძულებითი ღონისძიების გატარება, სააღსრულებო ფურცლის შედგენა. ამდენად, გამგეობის 22.12.2014წ. N839, 25.03.2015წ. N269 და 10.06.2015წ. N666 ბრძანებები ჯარიმის, საურავის დაკისრების და დემონტაჟის დაკისრების შესახებ ძალაშია და მაშასადამე იწვევს სამართლებრივ შედეგს. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლოს 15.03.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის მ. ა-ას შუამდგომლობა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა სხვა საქმის, კერძოდ N3/60-15 ადმინისტრაციული საქმის (მოსარჩელე მ. ა-ა, მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირები: ს. უ-ე, ვ. ა-ი) გადაწყვეტამდე და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული საქმის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16.10.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.05.17წ. განჩინებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლოს 16.01.2018წ. განჩინებით (საქმე Nბს-1056-1050(კ-17)) მ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის კონკრეტული უფლებით აღჭურვა, როგორც წესი შეზღუდულია გარკვეული ვადით. დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თვალსაზრისით რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული, ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას. მართალია დავის სასამართლოს მიერ განხილვის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ასპექტს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს აბსოლუტური ხასიათი და სათანადო შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებას გულისხმობს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22.10.1996წ. N22083/93, 22095/93 გადაწყვეტილება საქმეზე „Stubbings and others v. the United Kingdom“). სარჩელის წარდგენის ვადების ნორმატიულად დადგენა ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობის ლეგიტიმურ მიზანს, მათი არსებობა სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე. სარჩელის წარდგენის ნორმატიულად დადგენილი ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს. დაცვის ღირსი არ არის პირის მოლოდინი განუსაზღვრელად, ნებისმიერ დროს მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესახებ, რადგან აღნიშნული არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ დასაბუთებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიერ სარჩელის ნორმატიულად დადგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმარტებული ვადის დარღვევით წარდგენის ნეგატიური შედეგები სწორედ მისი პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ჯარიმის დაკისრებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანების და საურავის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.03.2015წ. N269 და 10.06.2015წ. N666 ბრძანების კანონიერების არსებითი შემოწმება ვერ განხორციელდა და ამ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოება შეწყდა სწორედ მ. ა-ას მიერ სარჩელის ვადის დარღვევით წარდგენის, მის მიერ გასაჩივრების უფლების კანონით დადგენილ ვადაში განუხორციელებლობის გამო. ამდენად, უდავოა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839, 25.03.2015წ. N269, 10.06.2015წ. N666 ბრძანებები ძალაშია და შესაბამისად იწვევს სამართლებრივ შედეგს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლით ადმინისტრაციული ორგანო ადგენს სტაბილურ სამართლებრივ ურთიერთობას აქტის ადრესატთან. სანამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოქმედებს, მანამდე ნარჩუნდება აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი და მისგან გამომდინარე მდგომარეობა.

განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყება მოხდა სწორედ ზემოაღნიშნული ძალაში მყოფი და მოქმედი ბრძანებების აღსრულების მიზნით, მათ საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენის შედეგად. „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (25.1 მუხ.), რის შემდეგაც ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მხარეთა ინფორმირება (25.6 მუხ.) და მოვალისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნა (25.7 მუხ.). ამასთანავე, აღმასრულებელი უფლებამოსილია შეამოწმოს სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ ფორმალური გამართულობა, სააღსრულებო ფურცლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, თუმცა შებოჭილია მისი შინაარსობრივი მხარით. აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო წარმოება განახორციელოს სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მის საფუძველზე და ფარგლებში. აღმასრულებელი არ არის სააღსრულებო ფურცელში ასახული აღსასრულებელი გადაწყვეტილების რევიზიის განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. განსახილველ შემთხვევაში მ. ა-ა ვერ უთითებს სააღსრულებო ფურცლის ფორმალურ ხარვეზებზე, სააღსრულებო წარმოების დაწყების გამომრიცხავ ნორმატიულ წინაპირობებზე. მ. ა-ას მოსაზრება, რომ მის ნაკვეთზე არ დგას ...ს საამქრო, რომლის დემონტაჟიც დაევალა, რის გამო ჯარიმის, საურავისა და დემონტაჟის დაკისრების შესახებ აქტები უკანონოა, არ ქმნიდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თუ მიმდინარეობის დამაბრკოლებელ საფუძველს, რადგან ჯარიმის დაკისრებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანება, საურავის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.03.2015წ. N269 ბრძანება და მათ აღსასრულებლად გამოცემული N1 სააღსრულებო ფურცელი ძალაში იყო, მათი გაუქმება არ მომხდარა, შესაბამისად, აღსრულების მიმდინარეობას გააჩნდა სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ის მიმდინარეობდა ძალაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით. არც სააღსრულებო ბიურო და შემდგომში არც მისი საქმიანობის კანონიერების შემოწმების მიზნით მიმდინარე დავის განმხილველი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ძალაში მყოფი, აღსასრულებლად მიქცეული აქტების კანონიერებაზე, რადგან აღნიშნული ცდება განსახილველი დავის საგანს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში, დავის ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ შეაფასებდა მ. ა-ას მიწის ნაკვეთზე ...ს საამქროს არსებობის ფაქტს, დემონტაჟის დავალების მართლზომიერებას. ეს საკითხები მ. ა-ას უნდა დაეყენებინა ჯარიმის დაკისრებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.12.2014წ. N839 ბრძანებისა და საურავის დაკისრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.03.2015წ. N269 ბრძანების გასაჩივრებისას, თუმცა მან სარჩელი ვადის დარღვევით წარადგინა, რის გამო, საკუთარი ბრალითვე დაკარგა სასამართლოსაგან ამ აქტების კანონიერების შემოწმების მოთხოვნის უფლება.

არასწორია კასატორის მითითება, რომ მას სასამართლომ დაავალა არარსებული ნაგებობის დემონტაჟი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოწმდება აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის კანონიერება და არა დემონტაჟის დავალების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანების მართლზომიერება. არც განსახილველი და არც სხვა სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს მ. ა-ასთვის არ დაუვალებია რაიმეს დემონტაჟი, ნაგებობის დემონტაჟი მ. ა-ას დაავალა არა სასამართლომ, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აქტების გასაჩივრების წესის სათანადო განმარტების მიუხედავად, კანონით დადგენილ ვადაში მ. ა-ამ არ გაასაჩივრა. ამდენად, დემონტაჟის დავალების შესახებ გამგეობის ბრძანების ძალაში შესვლა, დამდგარი შედეგის აღსასრულებლად მიქცევა სწორედ მ. ა-ას უმოქმედობამ, სასამართლოში სარჩელის ვადაში წარუდენლობამ განაპირობა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის და დემონტაჟის დავალების არამართლზომიერების საკითხზე მსჯელობა ცდება მოცემული დავის ფარგლებს. ძალაში მყოფი, აღსასრულებლად მიქცეული აქტების შინაარსობრივი გადამოწმება და ამ საფუძვლით სააღსრულებო წარმოების შეჩერება არ შეადგენს აგრეთვე სააღსრულებო ბიუროს კომპეტენციას. ამდენად, ამ საფუძვლით სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნა დაუსაბუთებელია. აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების უკანონობა გავლენას ახდენს სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობაზე მისი გაუქმების შემთხვევაში („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). მოცემულ დავაში კი დგინდება, რომ მართალია მოვალე მ. ა-ა აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათი სათანადო წესით გაუქმება არ მომხდარა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 16.12.2016წ. წერილის და 16.12.2016წ. N5974 ბრძანების მოქმედების შეჩერება, აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთზე რაიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობა საერთოდ არ განხორციელებულა, ბუნდოვანს ხდის მის ინტერესს მოცემული საქმის დავის საგნის მიმართ, ვინაიდან მოცემული საქმის დავის საგანი ეხება არა საკუთრივ აღსრულების საგანს, არამედ აღსრულების შეჩერებას, ამასთანავე აღსრულების განმაპირობებელი აქტების კანონიერების საკითხი სცილდება მოცემული დავის საგანს, აქტების კანონიერებაზე დავა უკვე დასრულებულია, აქტები ძალაშია და მაშასადამე იწვევენ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად აქტებით დაკისრებული და მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე გადახდილი ჯარიმის და საურავის თანხის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, აღსრულების პროცედურასთან დაკავშირებული აქტებით აღსრულების განმაპირობებელი აქტების კანონიერებაზე მსჯელობა არ დაიშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ამ აქტების გასაჩივრების დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საშუალება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უკეთუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო, სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს ("სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 35.1 მუხ. "ე" ქვ.პ.). შესაბამისად ნაკვეთზე ნაგებობის არარსებობის შესახებ მ. ა-ას მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც არ იკვეთება დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმით მ. ა-ას კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენება.

რაც შეეხება მ. ა-ას მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად მარნეულის მუნიციპალიტეტის 03.08.2016 წ. N03/5021 წერილზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ წერილით მ. ა-ას განემარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა ჯარიმისა და საურავის იძულებითი გადახდევინება, ხოლო იძულებითი დემონტაჟის განხორციელებაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. აღნიშნული განმარტება მ. ა-ამ აღიქვა, როგორც დემონტაჟის ნაწილში სააღსრულებო წარმოების გაგრძელებაზე უარის თქმად, თუმცა გაურკვეველია მისი მოსაზრების საფუძვლები. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, როგორც კრედიტორმა, უარი თქვა თავის მოთხოვნაზე, დემონტაჟის ნაწილში სააღსრულებო წარმოების გაგრძელებაზე ან მოითხოვა მისი შეჩერება. როგორც ამ წერილის გაცემამდე, ისე წერილის გაცემის შემდეგ გამგეობა აწარმოებდა სააღსრულებო ბიუროსთან მიმოწერას, თუმცა კრედიტორის მხრიდან სააღსრულებო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნა არ დასტურდება. გამგეობის N03/5021 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, გამგეობის მითითება ადმინისტრაციული საქმის წარმოების მიმდინარეობაზე მოიაზრებდა სწორედ იძულებითი დემონტაჟის განხორციელების მიზნით სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი ახდენს სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს სასამართლოს, ხოლო მეორე პუნქტი - აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. ამასთანავე, როგორც აღინიშნა შეჩერების საფუძვლების ჩამონათვალი ამომწურავია, მხოლოდ მხარის მოსაზრება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საჭიროების შესახებ არ ქმნის წარმოების შეჩერების საკმარის საფუძველს. მ. ა-ას სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვისას, საჩივრის წარდგენისას და შემდგომში სასამართლოში საქმის განხილვის არც ერთ ეტპაზე არ მიუთითებია სააღსულებო წარმოების შეჩერების კონკრეტულ ნორმატიულ საფუძველზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, შებოჭილია კანონით. მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია მხოლოდ კანონის საფუძველზე და მის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სააღსრულებო წარმოების შეჩერების რომელიმე ნორმატიული საფუძვლის არსებობა. მ. ა-ას არ მიუთითებია აგრეთვე რაიმე ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევაზე, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ აღსრულების შეჩერების საჭიროებას დაასაბუთებდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდება სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით მ. ა-ას კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება. საქმის მასალებით დგინდება, რომ 06.01.2017წ. მდგომარეობით ნაგებობის დემონტაჟი ჯერ არ იყო განხორციელებული, რადგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს 06.01.2017წ. N889 წერილით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი ჩაინიშნა 24.01.2017წ. 12:00 საათზე. სააღსრულებო წარმოების პარალელულად ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა მ. ა-ას სარჩელის განხილვა, რომლის ფარგლებში მ. ა-ამ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. განჩინებით მოსარჩელე მ. ა-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.12.2014წ. N839 ბრძანების, 25.03.2015წ. N269 ბრძანების, 10.06.2015წ. N666 ბრძანების და 10.06.2015წ. N1 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, მ. ა-ამ მიაღწია დემონტაჟის ნაწილში სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო მ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი