Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-423-02 29 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: განკარგულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “თ-ის" წინააღმდეგ, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" 1995 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მე-2 ჯგუფის ინვალიდებს მინიჭებული ჰქონდათ რიგი სპეციალური უფლებები, რომლის თანახმად მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან მცხოვრები შრომისუუნარო წევრები გათავისუფლებული იყვნენ გაზისა და სხვა გადასახადებისაგან. ამასთანავე, ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები მოხმარებული გაზის ღირებულების 50%-ს იხდიდნენ თუ გაზის მომსახურებას სახელმწიფო ეწეოდა.

მოსარჩელის განმარტებით, სს “თ-მა" გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და გახარჯული გაზის სრული ღირებულების გადახდა მოითხოვა. ვინაიდან ბ. გ-ძე არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მოითხოვს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებებითა და შეღავათებიდან გამომდინარე, სს “თ-ის" ადმინისტრაციის მიერ თავისი ინკასატორის მიერ 40 კუბ. მეტრზე მეტი გახარჯული გაზის ღირებულების შემთხვევაში ბინებში გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აქტის ბათილობას.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ბ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ მას შეეძლო იმავე სარჩელით მიემართა რაიონული სასამართლოსათვის მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსამართლე არ მიიღებდა სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული დავა არ იყო საოლქო სასამართლოს განსჯადი.

ბ. გ-ძემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით იმავე სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინება არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მოთხოვნებს.

ბ. გ-ძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მან თავის სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნორმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002 წლის 4 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად აღნიშნული დავა არ იყო საოლქო სასამართლოს განსჯადი. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ბ. გ-ძის მოსაზრება, რომ 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინება არ იყო საკმაოდ დასაბუთებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ ბ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის აზრით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოები ისევე როგორც რაიონული სასამართლოები არიან პირველი ინსტანციის სასამართლოები, მაგრამ მათ შორის არსებობს უფლებამოსილებათა გამიჯვნა, რომელიც ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-14 მუხლის თანახმად აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოები და საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ: ა) დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს; ბ) ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სს “თ-ის" ადმინისტრაციის ინკასატორის მიერ 40 კუბ. მეტრზე მეტი გახარჯული გაზის ღირებულების გადაუხდელობისას ბინებში გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აქტის ბათილობა, რის გამოც ის არ განეკუთვნება საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.