საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-2(კ-24) 10 სექტემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია; 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ.ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ.ა-მა 2022 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №39 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 26 ოქტომბრის №18-182229996 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №39 სადავო დადგენილება მიღებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.4 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. შესაბამისად, იმის გამო, რომ ხ.ა-ის მიერ შეტანილ განცხადებაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტების, კერძოდ, შესწორებული პროექტის წარდგენა, განცხადების განხილვის ვადა უნდა შეჩერებულიყო მითითებული ხარვეზის აღმოფხვრამდე. ამის საწინააღმდეგოდ კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე დააჯარიმა თავდაპირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით ისე, რომ მოსარჩელე სისტემატურად მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოს ნებართვის მოსაპოვებელი დოკუმენტაციის გასწორების მიზნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ხ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები - არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №39 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მერიის 2022 წლის 26 ოქტომბრის აქტი. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით (სუსგ 21.01.2020წ. №ბს-468-465(კ-17)) აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მარტოოდენ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაინტერესებულა ხ.ა-ის განცხადებებთან დაკავშირებით იმავე მუნიციპალიტეტში არსებული სხვა ადმინისტრაციული წარმოებით, რომელიც კავშირში იყო მის წარმოებაში არსებულ საქმესთან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა ბათილად ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, სახურავის რეკონსტრუქციისა და ღობის მშენებლობის ნებართვის გასაცემად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრული დოკუმენტაცია, რაც მან არ გაითვალისწინა. მოსარჩელემ არ გაასაჩივრა დაჯარიმების შესახებ თავდაპირველი, 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება, ვერ მოახერხა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზების გამოსწორება და მშენებლობის ნებართვის მიღება თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ ხ.ა-ის დაჯარიმების შესახებ პირველი დადგენილება შეადგინა 2021 წლის 28 სექტემბერს. ამდენად, მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, 2022 წლის 2 აგვისტომდე აღმოეფხვრა სამშენებლო სამართალდარღვევა, რათა მისი დაჯარიმება არ მომხდარიყო თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სადავო აქტები მომზადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №39 დადგენილების, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 26 ოქტომბრის №18-182229996 აქტის კანონიერება. ხსენებული აქტებით ხ.ა-ი დამხმარე ნაგებობის უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოებისთვის დაჯარიმდა მისთვის დაკისრებული სანქციის სამმაგი ოდენობით - 3 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე და აღნიშნავს, ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს რეკონსტრუქცია; საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ1“ პუნქტის მიხედვით კი, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებული კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 1321 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 28 სექტემბრის №66 დადგენილებით ხ.ა-ი „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 1000 ლარით დამხმარე ნაგებობის რეკონსტრუქციის უნებართვოდ განხორციელებისათვის. აღნიშნული ჯარიმა მოსარჩელის მიერ გადახდილია 2021 წლის 18 ოქტომბერს. ხ.ა-ის 2021 წლის 31 აგვისტოს განცხადებით ასევე დასტურდება, რომ ხ.ა-ს დამხმარე სათავსოს სახურავის რეკონსტრუქციის მიზნით ნებართვის მოსაპოვებლად დაჯარიმებამდე მიმართული ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის. განცხადების პასუხად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №03-1821244106 მიმართვით ხ.ა-ის ეცნობა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 და 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით.
დადგენილია, რომ ხ.ა-მა ჯარიმის თანხის გადახდის შემდგომ, 2021 წლის 20 ოქტომბერს, კვლავ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახურავის რეკონსტრუქციისა და ღობის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. 2021 წლის 12 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურმა განმცხადებელს აცნობა, რომ ესკიზურ ნახაზებზე მითითებული არ იყო სალეგალიზაციო შენობა-ნაგებობების გეგმები, არ იყო წარდგენილი სახურავის კონსტრუქციული ნახაზები ზომების ჩვენებით და ღობის ესკიზური ნახაზი, განმარტებითი ბარათი; ასევე, პირველ ეტაპზე საჭირო იყო საკადასტრო საზღვრების გასწორება, ტოპოგრაფიულ გეგმაზე დასაზუსტებელი იყო შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, რაც დამოწმებული უნდა ყოფილიყო სველი ბეჭდითა და ხელმოწერით.
ხ.ა-მა 2022 წლის 14 ივლისს კვლავ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას უნებართვო პროექტის თაობაზე. განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებად მითითებულია: დისკი - 1 ცალი, პროექტი - 3 ეგზემპლარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ ხ.ა-ის მიმართ 2022 წლის 2 აგვისტოს შედგენილ იქნა №41 შემოწმების აქტი, სადაც მიეთითა, რომ ხ.ა-მა 2021 წლის 21 სექტემბრის მითითების/შემოწმების საფუძველზე ვერ წარადგინა ტექ. დოკუმენტაცია: მშენებლობის ნებართვა. ამავე დღეს ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, მიიღო №39 დადგენილება ხ.ა-ის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესრიგებს დაინტერესებულ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სამართალურთიერთობებს, ადგენს ქცევის საერთო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლის განხორციელების მიმართ პირებს გააჩნიათ კანონიერი მოლოდინი და რომლის იგნორირება შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს. ხსენებული კოდექსის 76-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანო არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, თუმცა მას ასევე ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნებართვო მშენებლობა სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის/შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
კასატორთა პრეტენზიაზე, რომ ხ.ა-ის დაჯარიმება სამმაგი ოდენობით მოხდა თავდაპირველი დაჯარიმების ფაქტიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, არ მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, დაკისრებული ჯარიმის (1000 ლარი) კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გადახდის შემდეგ, სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრისათვის გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის უფლების მოპოვების მოთხოვნით. ამდენად, დასტურდება სამართალდამრღვევის მხრიდან მისი ქმედების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის ინტერესი. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებული პირი, ხ.ა-ი, მის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დააჯარიმა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს - აღმოიფხვრას/გამოსწორდეს არსებული სამართალდარღვევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე