საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-160(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ვ-ა
მესამე პირი - შპს „ მ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.ვ-ამ 2020 წლის 14 ივლისის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2020 წლის 29 ივნისის NSP190230730/747612 ბრძანების ბათილად ცნობა და შპს „მ...ს“ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სარჩელის მიხედვით, ი.ვ-ა არის ...ის N... საჯარო სკოლის პედაგოგი. 2019 წლიდან გავრცელებული პანდემიის შედეგად, სამსახურში არ ცხადდებოდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის გამო. 25.06.2020 წლის სატელეფონო ზარით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აცნობა, რომ მარტის დასაწყისში ი.ვ-ას სახელზე ჰქონდა მიღებული კორესპონდენცია, კერძოდ, 15.03.2019წ. დათარიღებული გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ N... შეტყობინება, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელეს 15.08.2016წ. ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე სს „ლ...სგან“ მიღებული ჰქონდა სესხი 89.08 ლარი, ხოლო აღნიშნულ კრედიტორსა და შპს „ მ...ს“ შორის დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, შპს „მ...ს“ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ მოთხოვნა 4454 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის პირველ ივლისს მივიდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და განაცხადა პროტესტი. მიუხედავად ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 2 ივლისს გადასცა დავალიანების გადახდევინების შესახებ NP190230730/747612 2020წლის 29 ივნისის ბრძანება, რომლის თანახმად დავალიანებამ შეადგინა 4454 ლარი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2020 წლის 29 ივნისის NP190230730/747612 ბრძანება არის უკანონო, ეწინააღმდეგება მართლმსაჯულებას და დარღვეულია მისი გამოცემის წესი და პროცედურა, რადგან გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება და ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დოკუმენტებს. განსახილველ შემთხვევაში განცხადებაზე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ არ არის დართული რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადსტურებდა აპლიკანტის მოთხოვნის კანონიერებას. განაცხადზე დართულ არც ერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ ი.ვ-ამ გამოხატა ნება შპს მ...სთან/მის წინამორბედთან რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. აღნიშნული ნება უნდა დასტურდებოდეს ხელმოწერით. ასევე განაცხადზე არ არის წარმოდგენილი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აპლიკანტის/მისი წინამორბედის მიერ თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტს.
მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლების საფუძველზე, ასევე, მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაწყებული იძულებითი აღსრულების AA20047257 შეჩერება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივნისის SP190230730/747612 ბრძანებისა და 2020 წლის 01 ივლისისა და 02 ივლისის NA20047257-006/007 მიმართვის მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით, ი.ვ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A20047257 სააღსრულებო საქმის აღსრულება; შუამდგომლობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივნისის SP190230730/747612 ბრძანებისა და 2020 წლის 01 ივლისისა და 02 ივლისის A20047257-006/007 მიმართვის მოქმედების შეჩერების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „მ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივნისის NSP 190230730/747612 ბრძანება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ვ-ას, აპლიკანტის მოთხოვნის შესაბამისად, „გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის შეტყობინება გაეგზავნა დასაქმების ადგილას - ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში, სადაც კორესპონდენცია ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ი.ბ-ემ 2020 წლის 27 თებერვალს. ი.ბ-ის 2020 წლის 26 ივნისის წერილით ირკვევა, რომ წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ი.ვ-ას გადაეცა 2020 წლის 15 ივნისს და აღნიშნული წერილის გარდა სხვა მტკიცებულება (მაგ. ხელწერილი), რომელიც დაადასტურებდა საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2020 წლის 15 ივნისს მოსარჩელისათვის კორესპონდენციის უტყუარად გადაცემის ფაქტს, საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა შეტყობინების ჩაბარების თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-74-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებულ აქტის კანონიერების შეფასების მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ჩაბარდა თუ არა ადრესატს აღსრულების ეროვნული ბიუროს გზავნილი, ვინაიდან სწორედ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარებასა და აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირებას მოჰყვება შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები. როგორც უკვე აღინიშნა, ი.ვ-ას წერილი გაეგზავნა სამუშაო ადგილზე, 2020 წლის 27 თებერვალს, ხოლმე როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საპასუხო წერილით ირკვევა, ადრესატს იგი 2020 წლის 15 ივნისამდე არ გადასცემია. მიუხედავად აღნიშნული წერილისა, სააპელაციო პალატამ შეტყობინების ჩაბარება არ მიიჩნია სარწმუნოდ და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ საიდან უნდა მოხდეს ი.ვ-ასთვის გზავნილის ჩაბარების დროის ათვლა, რაც ადასტურებს ადრესატისთვის შეტყობინების გადაცემის თაობაზე კანონით დადგენილი წესის დარღვევას და სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობის არსებობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასებები გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების კანონით დადგენილი წესის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელისათვის სამუშაო ადგილზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაჰბარდა სსიპ ...ის ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ი.ბ-ეს. 2020 წლის 26 ივნისის წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ი.ბ-ემ აცნობა, რომ ი.ვ-ას სახელზე 2020 წლის 27 თებერვალს შევიდა წერილი, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2020 წლის 15 ივნისს, ვინაიდან სკოლა გადასული იყო დისტანციურ სწავლებაზე და სკოლაში არ ცხადდებოდნენ პედაგოგები. ამრიგად, შეტყობინების ჩაბარების თარიღია 2020 წლის 15 ივნისი და ვინაიდან ი.ვ-ას მხრიდან საპასუხო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 29 ივნისს გამოსცა NSP190230730/747612 ბრძანება. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა შეტყობინება ჩაიბარა გადასაცემად რესპონდენტზე 2020 წლის 27 თებერვალს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბრძანება არ გამოსცა მანამ, სანამ წერილობითი დასტური არ მიიღო ორგანიზაციიდან, შესაბამისად, მიაჩნია, რომ სადაო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, ვინაიდან საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის იმგვარად განმარტების საშუალებას, რომ თითქოსდა შეტყობინების შემცველი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპონდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ი.ვ-ას, აპლიკანტის მოთხოვნის შესაბამისად, „გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის შეტყობინება გაეგზავნა დასაქმების ადგილას - ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლაში. ამასთან, აღნიშნული კორესპონდენცია 2019 წლის 23 ივლისს და 14 დეკემბერს გაიგზავნა დაწესებულების მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N50, თუმცა იმის გამო, რომ სასწავლო დაწესებულება ამ მისამართზე აღარ ფუნქციონირებდა, კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარდა. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვალს შეტყობინება გაიგზავნა დაწესებულების ახალ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N25, სადაც კორესპონდენცია ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ი.ბ-ემ 2020 წლის 27 თებერვალს, რაც თავის მხრივ, დადასტურებულია ი.ბ-ის 2020 წლის 26 ივნისის წერილით (ს.ფ. 160). ვინაიდან ი.ვ-ასთვის შეტყობინების გადაცემის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ზემოხსენებული წერილი და აღნიშნულის გარდა, სხვა მტკიცებულება (მაგ. ხელწერილი), რომელიც დაადასტურებდა საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2020 წლის 15 ივნისს მოსარჩელისათვის კორესპონდენციის უტყუარად გადაცემის ფაქტს, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პერიოდისათვის კორონავირუსიდან გამოწვეული პანდემიის გათვალისწინებით, მხოლოდ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის ი.ბ-ის 2020 წლის 26 ივნისის წერილი, ვერ იქნება მიჩნეული ჩაბარების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და 2019 წლის 15 მარტის შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებულად, შესაბამისად, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 ივნისი NSP190230730/747612 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას გზავნილის ჩაბარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინების ჩაბარების უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურების მიუხედავად, არ დასტურდება ადრესატისათვის მისი გონივრულ ვადაში გადაცემის ფაქტი, რისი ვალდებულებაც გზავნილის მიმღებ პირს ეკისრებოდა.
კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 31.01.2024წ. N01988 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა